Home Blog Page 279

“იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს?” – სალომე ზურაბიშვილი

ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არ ეხება ოკუპაციას, ეს ეხება პირდაპირ ოკუპაციას, რუსეთის სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე. ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ეს გამუდმებით ასე ხდება, ისინი იყვანენ მძევლებს. ასე რომ, საქართველოში დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ერთი რამ, რაც შეიძლება ვთქვათ, არის, რომ ჩვენ ცოტა უფრო მედეგები ვართ, ვიდრე ამ სიტუაციაში სხვა ქვეყნები იქნებოდნენ და ეს იმიტომ, რომ საქართველოს აქვს გამოცდილება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთს საქართველოზე კონტროლის მოპოვება სურს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს გააკონტროლოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ალბათ, ევროპის ნაწილებიც.

„მას აქვს ძველი ამბიციები და მისწრაფებები, რომ დარჩეს იმპერიულ სახელმწიფოდ, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს?“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა შიში საქართველოსთან დაკავშირებით, თუკი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა : „ვფიქრობ, ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებას აღწევს. მისი ამბიციები, სტრატეგიული ამბიციები, კიევის აღება, მთავრობისა და მოსახლეობის გაყოფა, უკრაინის ევროპისგან ჩამოშორება, თავად ევროპელების გაყოფა უკრაინაში მარცხდება, არცერთი ეს ამბიცია არ ხორციელდება. დიახ, ის ჯერ სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სამუშაო გარემოს მრავალფეროვნება თიბისიში

თიბისი 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისი საქმე სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთოს. თიბისიში სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს თითოეულ თანამშრომელზე და შესაბამისად, კომპანიის წარმატებაში.

“თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს. აქ აფასებენ ინოვაციებს, თანამშრომლობასა და პროფესიულ წინსვლას” — პროდუქტის დიზაინერი, ია ხარაბაძე.

“თიბისელობა ნიშნავს ერთი დიდი გუნდის წევრობას, სადაც განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის უსაზღვრო შესაძლებლობა გაქვს”— ლუკა მირიანაშვილი, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.

თიბისიში თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათ პიროვნული და კარიერული განვითარების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს: გარდა ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევისა, თიბისელებს აქვთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც. მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, თიბისიში დასაქმებულები სარგებლობენ ფსიქოლოგთან ვიზიტით, გასვლითი ვარჯიშებით, თერაპიული ვორქშოპებით, სპეციალური ფასდაკლებებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, სპორტული აქტივობებითა თუ გასართობი შეხვედრებით.

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც იქნება ჯანსაღი ურთიერთობები, მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო და განვითარების არაერთი შესაძლებლობა, მაშინ გაგიმართლა — თიბისის გუნდი ახალ წევრებს ეძებს.

შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.

(R)

“დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის” – პუტინი

დასავლეთის ქმედებები და განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.

„დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ნამდვილად ქმნის ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტისა და ცივილიზაციის განადგურების საფრთხეს. განა ისინი ამას ვერ ხვდებიან?!“ – აღნიშნა პუტინმა რუსეთის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, ამას დასავლეთისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.

„გვახსოვს მათი ბედი, ვისაც ოდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტი გამოუგზავნია, მაგრამ ახლა შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა პუტინმა.

პირველადი მოხმარების პროდუქტებს ადევს ცეცხლის ფასი -ლევან ხაბეიშვილი

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს, ყოველდღიური პრობლემა, რომელიც აქვთ, უკავშირდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს, ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეები ვერ ახერხებენ ოჯახის გამოკვებას.

„ცეცხლის ფასი აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემები აწუხებთ მოქალაქეებს – გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევთ გამკლავება. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და ჩავაბარებთ კანცელარიაში. ყოველ დღე გავაკეთებთ ამას, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით – ეს ნამდვილად არის ფასების გაძვირება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფი ღირს.

„გაძვირებული პროდუქტები, რომლებზეც ვსაუბრობ, იგივე რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში არის ბევრად იაფი და ცხადია, გაჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება, რომ საქართველოში იყოს გაძვირებული, ცეცხლის ფასი ედოს პროდუქტებს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იგივე პროდუქცია ღირს იაფი. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა ცხადია, არავის აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს და ყოველდღიური პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, უკავშირდება სწორედ პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს. ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას. 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აი, რატომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის კანონის მიღება – იმიტომ, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე “ენჯეო” სექტორის დაფინანსება -დავით მათიკაშვილი

არცერთი მხრიდან – არც ჩრდილოეთიდან, არც დასავლეთიდან არცერთი ძალა, რომელსაც სურვილი აქვს რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურად, საჯაროდ, სწორად ჩატარებაზე, არ უნდა იყოს დაშვებული, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და ასეთი პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მიიღონ.

„საზოგადოებას შევახსენებ საუკუნის აფერას – ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რუსულ კანონად რომ მონათლეს შეგნებულად. აი, რატომ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იმიტომ, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე „ენჯეო“ სექტორის დაფინანსება“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ქართულ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თავად მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ თუ კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ხვდება, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს-ანა ბუჩუკური

მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

„ბრიუსელსა და ბერლინში ბევრი შეხვედრა გვქონდა, სადაც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არც ბრიუსელში და არც ბერლინში არ ყოფილა. ეს არის მოცემულობა. მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, თუმცა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს, არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს –

„საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის მცდელობის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის პროპაგანდასა და შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას.

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელურ დათვლებს აყალბებდა. თუ გავყვებით ამ ამბავს, ვნახავთ საიდან ფინანსდებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნებზე დაძაბულობის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა. ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს. ხელისუფლებების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და ხალხის გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები” – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს არსებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ არსებობს გამოცდილება, თუ როგორ ინიღბება ისინი დემოკრატიისა და ლობიზმის სახელით.

„ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება – ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას ის ეყრდნობა აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).

„ალბათ მოგვიანებით გავიგებთ, FARA-ს დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, თუ რა როგორ ხდება. შეიძლება გავიგოთ, შეიძლება ვერც გავიგოთ, რადგან იცით, რამხელა რეზონანსი მოჰყვა ამ ყველაფრის გამოაშკარავებას. გვეუბნებოდნენ, რომ ეს თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო, რეალურად კი იყო სხვა რამ – ფულის მიცემა, რომელიც ინიღბებოდა ლობიზმით.

მე არავითარი ეჭვი არ მაქვს. იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რაც ყველამ ვნახეთ – FARA-ს დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები, გვარები, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი. ეს გამოაშკარავდა და ცხადია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება”

ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

მისივე თქმით, არაერთხელ გვინახავს როგორ ხდებოდა რეზოლუციების მიღება, „ვიღაც თანხას იხდის, რის შედეგადაც ლობიზმით ინიღბება“.

„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”,-აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, კალაძე აღნიშნავს: „ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ, “ფარას” დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, რა როგორ ხდებოდა, შეიძლება გავიგოთ, ან ვერა“.

„როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა იცით რამხელა რეზონანსი მოჰყვა. გვეუბნებოდნენ დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ ფულის მიცემა იყო, რაც ინიღბებოდა ლობიზმით. სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება განცხადებები და გადაწყვეტილებები. “ფარას”დოკუმენტი ყველამ ვნახეთ, სადაც კონკრეტული სახელი და გვარები იყო მითითებული, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე.

განსხვავებით სტანდარტული ავტოდაზღვევისგან, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც მანქანისთვის, მგზავრებისა და მძღოლისთვის, ასევე მანქანაში განთავსებული საქონლისთვის მიყენებულ ზიანს.

დაზღვევა დაფარავს თქვენს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სადისტრიბუციო ავტომობილის ძარას დააზიანებს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი ან აფეთქება, ვანდალიზმი, ცხოველი ან ფრინველი, სტიქიური მოვლენა, საგნის დაცემა, ქურდობა ან ყაჩაღობა; ასევე პოლისით გათვალისწინებულია ზარალის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქონებისა და ჯანმრთელობის, დაზღვეული ავტომობილის მძღოლისა და მგზავრების, ავტომობილში არსებული გადასაზიდი ტვირთის დაზიანებით.

დაზღვევასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ თიბისი დაზღვევის საიტზე გაეცნოთ.

R

“ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება” – ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება.

მისივე თქმით, აღნიშნულმა დადგენილებამ „7-8 თვის განმავლობაში ძალიან სერიოზულად იმუშავა და შესაბამისად, დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია“.

„ეს დადგენილება 2023 წლის ივნისში შემოვიდა და ახლა გაგრძელებულია. რეალურად, ამ დადგენილების ძირითადი არსი დაწყებისთანავე იყო ის, რომ ამ სამ დარგს (მემარცვლეებს, წისქვილკომბინატებს, პურის მწარმოებლებს) გამართულად ემუშავა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 2023 წლის ივნისამდე დაახლოებით წელიწად-ნახევრის-ორი წლის განმავლობაში წისქვილკომბინატები და მემარცვლები (ფერმერები) არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ფქვილის იმპორტთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მანამდე ორი წლით ადრე რუსეთმა მცურავი ბაჟი ხორბალზე შემოიღო და იგივე გადასახადი ფქვილზე დატოვა. გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი პარტნიორია, იქედან ხორბალიც და ფქვილიც მოდის. შესაბამისად, მაშინ ამ არათანაბარმა პირობებმა ფქვილზე და ხორბალზე გადასახადის მხრივ, გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად, იმპორტი ფქვილის სასარგებლოდ გაკეთდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ 2023 წლის ივნისის თვისთვის იქამდე მივედით, რომ ყოველი მე-5 პარტია რუსეთიდან ექსპორტირებული ფქვილი შემოდიოდა საქართველოში, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო, ეს რომ გაგრძელებულიყო, ფაქტობრივად, შეიძლება იმ მომენტამდე მივსულიყავით, რომ საბოლოოდ წისქვილკომბინატებსაც ვერ ემუშავათ და თვითონ ხორბლის ჩაბარებაც ვერ მომხდარიყო. მაშინ ზუსტად ეს იყო დადგენილების შემოღების მიზეზი. იმის შემდგომ, 7-8 თვის განმავლობაში ამ დადგენილებამ ძალიან სერიოზულად იმუშავა და შესაბამისად, დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ამ დადგენილების გაგრძელება აგრძელებს ამ სტაბილურ მდგომარეობას, მათ შორის თვითონ ფერმერებისთვის, ანუ მომავალი ივნისის თვის მოსავლის ჩაბარების კუთხით წისქვილკომბინატებისათვის, იგივე წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობისათვის და ასევე, ვიცით, რომ პურის ფასიც სტაბილურია, არაფერი არ ემუქრება. შესაბამისად, ყველა მიმართულებით ამან დადებითად იმუშავა.

დადგენილების მიხედვით, საიმპორტო გადასახადი შენარჩუნდება სექტემბრის თვემდე. და რატომ სექტემბრის თვემდე? მთავრობამ, სავარაუდოდ, განსაზღვრა სექტემბრის თვე, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ივნისის თვეში იწყება ახალი მოსავლის აღება და შესაბამისად, სადღაც სექტემბრის თვისთვის, ფაქტობრივად, ამ ახალი მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია ხდება. შესაბამისად, ეს ის დროა, როდესაც აღება და ჩაბარება ხდება“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული დადგენილება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მცურავი ბაჟი ხორბალზე იარსებებს.

„რაც შეეხება ასოციაციის პოზიციას, ეს დადგენილება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ იარსებებს თვითონ მცურავი ბაჟი ხორბალზე, რომელსაც აბალანსებს ამ დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ფქვილის მოსაკრებელი.

თუ მანამდეც მოიხსნა იგივე ხორბლის მცურავი ბაჟი, შესაბამისად, მანამდეც უნდა მოიხსნას თვითონ ფქვილის იმპორტის გადასახადი“, – აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

ემანუელ მაკრონის “რკინის ფარდა”

დიდი რეზონანსი გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ევროპის ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელია. მაკრონის განცხადების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რომ ნატო აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. აგრეთვე რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის პირდაპირი კონფლიქტის დაუშვებლობაზე ისაუბრეს ევროპის რიგი ქვეყნის ლიდერებმაც.

თუმცა, მაკრონის განცხადებები უნდა იქნას მიღებული, როგორც უფრო ზოგადი სტრატეგიის ნაწილი, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს.

პირველი, მაკრონი საუბრობდა არა ნატოს ბლოკის ჯარებზე, არამედ ცალკეული ევროპული ქვეყნების ჯარებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა უკრაინის მთავრობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნატოს მონაწილეობის გარეშე.

მეორე, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის სამხედრო შეტაკების ალბათობას ანალიტიკოსები ომის დაწყებიდანვე განიხილავდნენ. დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ეს შესაძლებლობა, მაგრამ სრულებითაც არ გამორიცხავენ. სიახლე ისაა, რომ ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განაცხადა ის რაც განიხილებოდა მანამდე სამიტების საზღვრებში ან სამხედრო ექსპერტების პუბლიკაციებში. ეს ნაბიჯი ევროკავშირში პოლიტიკურ დისკუსიებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

მესამე, ემანუელ მაკრონი ეწინააღმდეგება ევროპაში ნატოს გაძლიერებას. მაკრონი ევროპის საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნის ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. ასეთი პროექტის განხორციელება ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელს გახდის შეერთებული შტატებისგან. ნატოში შეერთებული შტატები წამყვან როლს თამაშობს და არის ევროკავშირის თავდაცვის მთავარი გარანტი სამხედრო საფრთხეებისგან. ამრიგად, მაკრონი კვლავ აქტუალურს ხდის ევროპული არმიის შექმნის საკითხს.

მეოთხე, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ალბათობა ემანუელ მაკრონს დამატებით კოზირებს აძლევს. ტრამპი, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, იმუქრებოდა, რომ შეერთებული შტატები დატოვებდა ნატოს და თავის წინასაარჩევნო განცხადებებში ძალიან მკაცრად საუბრობდა ნატოს ბლოკში აშშ-ს მოკავშირეებზე. იზოლაციონისტური ტენდენციები შეერთებულ შტატებში ევროპას ართმევს ამერიკული უსაფრთხოების „ქოლგას“. ეს არის შესაძლებლობა საფრანგეთისთვის, მიიღოს ევროკავშირის ლიდერის როლი. გერმანიას უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, მაგრამ გეოპოლიტიკურ საკითხებში ძალიან თავშეკავებულია. საფრანგეთი ტრადიციულად აცხადებს განსაკუთრებულ როლს ევროპაში. მაკრონის უკან შეგვიძლია ვნახოთ შარლ დე გოლის ჩრდილის ნაცნობი სილუეტი. შეგახსენებთ, რომ დე გოლის დროს საფრანგეთმა დატოვა ნატო. დე გოლს აგრეთვე მკაცრი პოლემიკა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ საკითხებში. ემანუელ მაკრონი ასევე ახორციელებს სტრატეგიას, რომელიც საბოლოოდ გახდის ევროპას უფრო დამოუკიდებელ აშშ-სგან, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მეხუთე, მაკრონმა პირდაპირ მიუთითა რუსეთთან ურთიერთობებში „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შენარჩუნების აუცილებლობაზე. ეს ნიშნავს “წითელი ხაზების” ბიუროკრატიული სტილიდან გადახვევას და უფრო მოქნილ სამხედრო-პოლიტიკურ სტრატეგიაზე გადასვლას. მისი მნიშვნელობა ის არის, რომ მეტოქემ არ იცის რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს. ევროპის ქვეყნების ჯარების შემოსვლა უკრაინაში მაკრონის გამოსვლამდე იყო ერთ-ერთი ასეთი „წითელი ხაზი“. ახლა ეს “წითელი ხაზი” წაშლილია.

რუსეთი და ევროკავშირი რეალურად ახალი „ცივი ომის“ სიტუაციაში აღმოჩდნენ. მხოლოდ ახლა “რკინის ფარდა” უფრო აღმოსავლეთით ჩამოიწევს, ვიდრე გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო. ემანუელ მაკრონის გამოსვლა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ჯარებს შორის შესაძლო სამხედრო შეტაკების შესახებ შეიძლება გახდეს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოსვლის 1946 წელს ქალაქ ფულტონში თანამედროვე ანალოგი. მაკრონმა არ გამოიყენა ტერმინი „რკინის ფარდა“, მაგრამ მისი გამოსვლის აზრი ის იყო, რომ დროა ევროპელებმა დაემშვიდობონ ილუზიებს. “რკინის ფარდა” უკვე ჩამოშვებულია და, როგორც ჩანს, დიდი ხნით.

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი