Home Blog Page 280

“ჩემი შვილის ცხედარი მანახეს – მუქარები დაიწყეს, საიდუმლო დაკრძალვას ითხოვენ” – ნავალნის დედა

ალექსეი ნავალნის ცხედარი ვნახე, გამომძიებლები მის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან.

“გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვითომ ვნახე, ვითომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე.

კანონით მათ მაშინვე უნდა მოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ – სად, როდის და როგორ უნდა იქნას ალექსეი დაკრძალული. ეს უკანონოა.

ჩემს დასწრებით მათ ბრძანებები მოსდით ან კრემლიდან, ან საგამოძიებო სამსახურის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდეს, გამომშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ სასაფლაოს კუთხეში ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან: “აი აქ წევს თქვენი შვილი”. ამაზე თანახმა არ ვარ…

ამ ვიდეოს ვწერ, ვინაიდან მუქარები დაიწყეს: პირდაპირ თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ საიდუმლო დაკრძალვას თუ არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: “დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება”. განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. ვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცენ ჩემი შვილის ცხედარი,” – განაცხადა ნავალნაიამ.

“თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას” – მაია ბითაძე ოპოზიციას

თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას. დეზინფორმაცია, ღვარძლი, ეს ის საშუალებებია, რომლებიც კარგა ხანია გაცვდა, – ასე მიმართა ოპოზიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში მოისმინეს.

მისი შეფასებით, ყველაზე ცუდი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის მათი მხრიდან ერის დაკნინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ.

„სჯობს, გაეცნოთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესს, გაერკვეთ რა კანონები გვაქვს მისაღები, აქტიურად იმუშაოთ იმ ფორმატში, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგთავაზათ და იმით მაინც დაამახსოვროთ საქართველოს მოსახლეობას თავი, რომ ხელი არ შეუშალეთ გადასვლას იმ აქტიურ ფაზაზე, რასაც სწრაფი ინტეგრაცია ჰქვია.

დაანებეთ ჩვენს სამშობლოს თავი, ნუ სცხებთ ჩირქს. შეეცადეთ, იყოთ კონსტრუქციულები და ჩვენი მხრიდან გამოწვდილი თანამშრომლობის ხელი გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ამ ქვეყნის სწრაფი ევროინტეგრაცია გაგრძელდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ანგარიში.

„ეს არის ანგარიში, რომელიც პირველ რიგში, გვჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ გზა ქართული ევროინტეგრაციისთვის. ეს იყო ანგარიში, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გაიაზრონ რას ნიშნავს სიტყვა – „სამშობლო“, რომ ეს სიტყვა არ უნდა გადავაყოლოთ რაღაც მერკანტილურ ინტერესებს და არ უნდა დავმოძღვროთ კოლეგები და არ უნდა შეურაცხვყოთ საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო, რომ არჩევნებისას წინა რიგებში მოხვდეთ სიების მომდევნო პარლამენტში.

ბატონ შალვას მადლობა მსურს გადავუხადო და კიდევ ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ყველა წევრს როგორც უმრავლესობიდან, ასევე, ოპოზიციიდან, მხოლოდ მათ, ვინც ოდესმე მონაწილეობა მიიღო რომელიმე იმ კანონპროექტის განხილვაში, რომელთა ჯამი 622 იყო, როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა. „გირჩს“ გაუკვირდა ბევრიაო – 622. მან საერთოდ, არ იცის რატომ არის ამდენი კანონპროექტი. მან არ იცის, რომ ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ სხვანაირად ევროინტეგრაცია ვერ განხორციელდება. ევროინტეგრაცია კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ნიშნავს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ 2014 წლიდან დაწყებული. რა მიიღო ქართველმა ხალხმა 2014 წლიდან დაწყებული ამ კანონმდებლობის ფორმირებით?. ქართველმა ხალხმა მიიღო მარტივად რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, ინვესტიციები ევროკავშირიდან, უფლება იმისა, რომ ვივაჭროთ და გავაძლიეროთ ვაჭრობა ევროკავშირთან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში იყო მიღებული რამდენიმე, სრულიად ახალი კანონი, რომლებიც ასოცირების ვალდებულების შესრულებას ეხებოდა და ისინი პირდაპირ დაკავშირებულია ადგილზე მოსახლეობისთვის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ენერგოდამოუკიდებლობას, ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის არაერთი თანხა იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ რეგიონებში წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო.

“გასულ წელს მივიღეთ კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ, რის შედეგად ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტი კონტროლი დამყარდება ბიზნესზე და იმ ბიზნესს, რომელიც საწარმოო ციკლს გამოასწორებს, ერთ წელიწადში ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე, საშუალება ექნება თავისი პროდუქცია თავისუფლად გაიტანოს ევროკავშირში. შესაბამისად, ახალი ბიზნესი არის ახალი სამუშაო ადგილები და წილი ეკონომიკაში. და ასე თანმიმდევრულად იზრდება ეკონომიკა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გასულ წელს, 32 ახალი დაცული ტერიტორია შევქმენით – ეს არის წილი ადგილობრივ ეკონომიკაში, დასაქმება ადგილზე, გრანტები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებიდან და მცირე მეწარმეობის განვითარება ადგილზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

“უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის”

უმრავლესობას შევთავაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა ალბანური მოდელის მიხედვით დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დასრულებამდე დატოვა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

გარდა ხატია დეკანოიძისა, შეხვედრა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დატოვა.

“საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ვენეციის კომისიის 9 რეკომენდაციას ეხებოდა. ამ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის დაბრუნებაა.

იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს “ვეტინგის სისტემას”. ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

დღეს ვერაფერზე შევთანხმდით. კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა და საგნობრივი კამათი, სამწუხაროდ, ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას კი არ უნდა დაუთმოს, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დააკავშირებს. სასამართლო რეფორმა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს „კლანი“ უნდა ჩამოსცილდეს და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე წარიმართოს, რათა მთავრობის სხდომას სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდეს – ჩვენ ხომ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს იმას, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს უკრაინის დახმარება გადაწყვეტილი და სოლიდარობის დამატებითი ჟესტები საჭირო არ არის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ მთავრობის სხდომა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება.

„ჩვენ ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხების შესახებ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება. ეს კეთილგანწყობის გამოვლენას არა, მაგრამ შრომას მოითხოვს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტუსკის თქმით, გამოსავლის მოსაძებნად ტექნიკური მოლაპარაკებები ევროკავშირის დონეზეც არის საჭირო და ამის განსახილველად იგი 23 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა არის ინტერესთა სხვაობა. ჩვენ, როგორც კიევს, ისე ბრიუსელს დავარწმუნებთ, რომ სიტუაციის შესახებ პოლონეთის ხედვას დაეთანხმონ“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონელი ფერმერების პროტესტის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შეხვედრა შესთავაზა.

“150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, რაც „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს” – ნათია თურნავა

გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, 150 000-ზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება სესხის პროცენტი, რაც „ლიბერთი ბანკის ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, ბექა გოგიჩაიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ იმ პენსიონრებს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს.

„ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით. ამ სამუშაოებში ჩართული იყო ეროვნული ბანკიც. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებიც საპენსიო სესხის ამღებები არიან და რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. ეს არის საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხები, ეხება ოვერდრაფტებსა და ჩვეულებრივ სესხებს. „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სესხის პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ანუ პროცენტების სერიოზული შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2023 წლამდე. საშუალოდ, ეს სესხები 30 პროცენტზე ზევით არის. ჩვენი ინფორმაციით, ასეთია 150 ათასზე მეტი სესხი. შესაბამისად, ეს სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც, ამავდროულად, „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ „ლიბერთი ბანკთან“ ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, ეს გადაწყვეტილება რომელი თარიღიდან ამოქმედდება, რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება. ამაზე მოგვიანებით შევთანხმდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ახალი პაკეტი უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა გრანტ შეფსმა.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ამ მხარდაჭერის გაორმაგებას. ყველა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა მან.

ბრიტანელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა დასავლეთმა გააძლიეროს ქმედებები და უკრაინას მისცეს საჭირო მხარდაჭერა.

“150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება” – ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, – ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი” ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.

“რადიკალური ოპოზიცია რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია” – რატი იონათამიშვილი

რადიკალური ოპოზიცია რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო უკეთ მოხდება ოპოზიციის ლუსტრაცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს.

„მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე როცა გაქვს პრეტენზია და ისე მიმდინარეობს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე სხდომებს არც კი ესწრება, ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განცხადებით, როგორც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, დესტრუქციული როლი შეასრულონ, დააზიანონ საქართველოს ევროინტეგრაცია, ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

„მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო, ეს იყო, მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი. პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროაქტიულ დღის წესრიგს, ცხრა ნაბიჯზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო, ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება გადაწყვეტილება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ171 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ქართული იდენტობის შენარჩუნებით”

ვამაყობ, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუციას თავმჯდომარეობს ჩვენ მიერ არჩეული ჭეშმარიტი პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ამასთან მოყვარული ყველაფრის, რაც ქართულია, დაწყებული რწმენიდან, გაგრძელებული ოჯახით, ხალხით, მშობლიური მიწით და დასრულებული ქართული კულტურით, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო ოპოზიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

„მსგავსი ოპოზიცია არსად მინახავს, უფრო სწორად, ოპოზიციად წოდებული ასეთი რადიკალური ძალები, რომლებიც საბოლოო ჯამში წარმოადგენენ ტირანიის სიმბოლოს. შალვა პაპუაშვილი ამ პირობებშიც კი ახერხებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და კონსტრუქციულობის მაღალი ხარისხი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, მავნე წინაღობის მიუხედავად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი ინტენსიურად მუშაობდა და ასეთივე აქტიურობით განაგრძობს მუშაობას 9 დათქმასთან მიმართებით.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილია პლატფორმები, სადაც ფართოდ არის კარი ღია, მათ შორის, მავნებელი ოპოზიციისთვის. მან დღეს ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ჩვენი და ქართველი ხალხის თვითმიზანი არ არის. შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები მხოლოდ ღირსებით, ქართული იდენტობის შენარჩუნებით და არა ისე, როგორც ამას მოგვიწოდებს არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელსაც თავი მოაქვს ამ ქვეყნის პაპა ციციკორეებად და მეპატრონეებად”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში შევა ფართოდ გაღებული კარიდან.

„მე მჯერა თქვენი, ბატონო შალვა, მჯერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და თქვენი ძლიერი ტანდემის, რომელიც თქვენ და ჩვენ მიერ ხსენებულ ეროვნულ მისიას შეგვასრულებინებს ღვთისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის აქტივობები შეახსენა ოპოზიციას.

“გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას”

გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს , – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა ძალიან პოპულარულია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს არ შედის, რადგან „ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა“.

„ბატონმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით იმისათვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ და რა არის ამაში ცუდიო? ამასაც ვერ ხვდება. ავხსნი რა არის ცუდი. ყალბი NGO-ების სქემები როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში დაფინანსებისთვის. დაფინანსება საიდან არის, უცხოეთიდან ხომ? ჯერ ერთი, აკრძალულია და მეორე, რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით პარტიებში? ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია. როდის ხდება იცით ეს პრობლემა? რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით? არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ დაფინანსების იმ სქემებში ხართ, იმ ქვეყნებიდან დაფინანსების, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს, ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა. ასე კეთდება პოლიტიკა, ეს არის სუვერენიტეტი. ყოველ ჯერზე საუბრობთ იმაზე, თუ რა წარსული გვაქვს ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებისა. ყოფილი კოლონიის კომპლექსები უნდა მოიცილოთ. გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი და დღეს მეორე დედაქალაქია თქვენთვის ცენტრი. ასე არასერიოზულად აღგვიქვამს ყველა. ჩვენ თუ საკუთარ თავს, საკუთარ სუვერენიტეტს პატივი არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს. რა თქმა უნდა, ყველასთვის კომფორტულია ჰყავდეს პარტნიორად ისეთი ქვეყანა, რომ რაღაცას იტყვი და ყველანაირად დაგეთანხმება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება, ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა სხვების ინტერესებს. ასეა მოწყობილი სამყარო, რომ არსებობს მუდმივი ინტერესები და არა მუდმივი მეგობრები. ესეც ხომ იქაა ნათქვამი, ევროპაში?“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა საგნობრივი დისკუსიისთვის.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა საგნობრივი დისკუსიისთვის. ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია. მიხვდით ხომ ხალხს რა აინტერესებს? ის თემები, რომელსაც ატრიალებდით 3 წელი, არ იყო ის თემები და საკითხები, რომელიც ხალხს აინტერესებს. კარგია, რომ მიხვდით და საინტერესო იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 24-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში ქერჩის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ, ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი ქერჩის ქუჩის მიმართულებით ხიზაბავრის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N351, N373 და N355, ასევე, მიკროავტობუსები: N512, N517, N518, N548, ვასაძის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი „ახმეტელის თეატრის“ მიმდინარე ტერიტორიიდან მგზავრებს, ვასაძის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების გავლით მოემსახურება.