Home Blog Page 278

რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა 300 000-მდე ჯარისკაცი – აშშ-ის დაზვერვა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციამ რუსეთს დიდი, ხანგრძლივი ხარჯები მოუტანა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში – „საფრთხის ყოველწლიური შეფასება“.

დოკუმენტში წერია, რომ ე.წ. სპეცოპერაციამ ვერ მიაღწია მიზანს, სრულად დაემორჩილებინა უკრაინა, რასაც თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად დასავლეთი გააერთიანა.

„რუსეთს ამ მასშტაბის სამხედრო დანაკარგი არასოდეს განუცდია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – დაახლოებით 300 000 დაშავებული და დაღუპული და ათასობით ტანკი და ჯავშანტექნიკა.

“რუს სამხედროებს აქვთ და ექნებათ გამოფიტვის, პერსონალის დეფიციტისა და მორალური გამოწვევების პრობლემები, თუმცა ნაღმების გამოყენებამ, მომზადებულმა თავდაცვითმა პოზიციებმა და არაპირდაპირმა ცეცხლმა ხელი შეუწყო მას 2023 წელს უკრაინის შეტევების შეფერხებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აშშ-ის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ფრონტზე არსებული ჩიხი სიტუაციას რუსეთის სასარგებლოდ მიმართავს.

„ეს ჩიხი რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობების სასარგებლოდ თამაშობს და სიტუაციას სულ უფრო მეტად აბრუნებს მოსკოვის სასარგებლოდ. რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მნიშვნელოვნად ზრდის შორ მანძილზე დარტყმის იარაღის, საარტილერიო საბრძოლო მასალის და სხვა შესაძლებლობების წარმოებას, რაც მას საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, გრძელვადიანი, მაღალი ინტენსივობის ომის საწარმოებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ 2023 წლის ბოლოდან მოსკოვი წარმატებებს აღწევს ბრძოლის ველზე და ასევე სარგებლობს დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომავალთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობით.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალთან“ კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს

„გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს, კოორდინაციასა და კონსულტაციებს აპირებს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი კამპანიით, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან. მათი გაერთიანების სახელწოდება იქნება “ახალი”, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

“2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება?”

2012 წელს თუ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლებოდა 39 ლარად და 50 თეთრად, ადამიანებს დღეს უწევთ 62 ლარის გადახდა. ხალხს აქვს მარტივი შეკითხვა – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და რატომ იხდიან ადამიანები საწვავში იმაზე უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ამ თანხას აორმაგებენ“.

„20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – საქართველომდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს (დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე), მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად, ამ თანხას აორმაგებენ, ამიტომ შეკითხვა გვაქვს და უნდა უპასუხონ ხალხს – რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე იხდიდნენ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია თიბისი ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქციარომლის ფარგლებშიც, თიბისიმ ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე  მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება, ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც, Euromoney-იმ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაგვასახელა”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი – 46%-ს, პორტფელი კი მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

2023 წელს თიბისი, აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.

(R)

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა, ვიდრე არახამია იტყოდა, ორი წელია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ -პაატა მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ საკითხად სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ასახელებს.

„ამ სამი საკითხიდან ჩვენთვის, საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და თანხმობისთვის საინტერესო არის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება სამართლიანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა დავით არახამიას ულტიმატუმს, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„რა ულტიმატუმს, ვიდრე არახამია იტყოდა ამას, ორი წელია, მაგაზე ვსაუბრობთ. რა შუაშია არახამია. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.  „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში” – ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობ, მხარი დაუჭიროს „ვეტინგის“ სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – უნდა მივდიოდით იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: 1. შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასება; 2. პროფესიული უნარების, ეთიკის, ცოდნის შეფასება; 3. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა.

„მე მოვითხოვ შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე თუ მოსამართლე წევრის კეთილსინდისიერების და კორუფციის შემოწმებას, რაც არის “ვეტინგის” სისტემა. “ვეტინგის” სისტემა გულისხმობს შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერების შემოწმებას, ფინანსური ვალდებულებებისა და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასებას. მეგობრებო, წარმოუდგენელია საჯარო სამსახურში იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, გქონდეს ის ხელფასი, რაც დეკლარაციაშია ნაჩვენები და უბრალოდ, ასეთ ფუფუნებაში ცხოვრობდე. არ არსებობს საჯარო პატიოსანი მოხელე, რომელსაც ასეთი ფუფუნება აქვს. მეორე – პროფესიული უნარების ეთიკის შეფასება. მესამე – ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა. ეს არის სწორედ “ვეტინგის” სისტემა, რაზეც “ქართული ოცნება” გვესაუბრება, რომ თითქოს, ეს არის რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მე ვთავაზობ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ პარტიას – უმრავლესობას, თუ ოპოზიციას, მხარი დაუჭიროს “ვეტინგის” სისტემას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. ეს არის ორგანო, რომელიც ახდენს ადმინისტრირებას, მართვას და კოორდინირებას სასამართლო სისტემაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ “ვეტინგის” გარეშე შესაძლებელია ამ ადამიანების “კლანის” ან გათავისუფლება, ან გაგდება სამსახურიდან, არის მიუღწეველი ამოცანა. ამიტომ უნდა მივდიოდით იმ სტანდარტებს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაგვისახა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

12 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; კერძო ინიციატივების წახალისება, თეატრალურ ცხოვრებაში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა; თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შექმნილ თეატრებს, რომელთა დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირ(ებ)ი, ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი.

საკონკურსოდ მიიღება პროექტები კერძო პროფესიული თეატრების ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა ხარჯის დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა). ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა/ახალბედა ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და მხატვრული მრავალფეროვნების წარმოჩენას.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ – 2021 წლიდან ცხადდება. პირველ წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2022 წელს (საკონკურსო ბიუჯეტი 230 000 ლარი) 13 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა შვიდმა პროექტმა. 2023 წელს საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენდა 230 000 ლარს და 15 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა.

წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის 12:00 საათამდე, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu

ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/vw0d2Rg6

“ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია” – ირაკლი ქარსელაძე

ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ- ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და ხუთი გვირაბი შენდება. ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი.

„ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდიდან 19 – აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი გზით ქალაქი მაქსიმალურად განიტვირთება. ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.

“რუს კანონმდებლებს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის საბჭოური დადგენილების გაუქმება სურთ”- Reuters

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა სტატია სათაურით „რუს კანონმდებლებს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის საბჭოური დადგენილების გაუქმება სურთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსეთის დუმის კანონმდებლებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც აუქმებს 1954 წელს, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას იმის დასამტკიცებლად, რომ ყირიმი, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი.

კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატის მიერ, აღწერს 1954 წლის გადაცემას, როგორც თვითნებობას და უკანონობას, რადგან არ ჩატარებულა რეფერენდუმი და საბჭოთა ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება გადაეცა ტერიტორია ერთი დამფუძნებელი რესპუბლიკიდან მეორისთვის, თანხმობის გარეშე.

წარსულში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაგმო 1954 წელს საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა და ნაბიჯი შეაფასა, როგორც იმ დროს არსებული სამართლებრივი ნორმების დარღვევა.

ყირიმის მცხოვრებლებმა უკრაინის დანარჩენ ნაწილებთან ერთად რეფერენდუმში უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, საბჭოთა კავშირის დაშლისას და შემდგომში რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს ერთმანეთის საზღვრები.

რუსეთმა ყირიმი საყრდენად გამოიყენა, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას და მას შემდეგ კიდევ ოთხი უკრაინის პროვინციის ანექსია გამოაცხადა. უკრაინა ხშირად ახორციელებს თავდასხმებს ყირიმში რუსეთის ობიექტებზე და პირობას დებს, რომ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას.

წყარო:

“არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვლადიმერ პუტინი ინფლაციას აკონტროლებს“ – ჟურნალი „ეკონომისტი“

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსულმა ეკონომიკამ კიდევ ერთხელ გააწბილა ისინი, ვინც მის „დასასრულს“ წინასწარმეტყველებდა: არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვლადიმერ პუტინი ინფლაციას აკონტროლებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ორი წლის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის ეკონომიკას მრავალჯერ უწინასწარმეტყველებდნენ კრიზისს, დანგრევას, ჩამოშლას, გაქრობას, მაგრამ „რუსეთის დასასრულის“ მომლოდინენი შეცდნენ. ფინანსური კოლაფსი, რომელსაც 2022 წლის გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ, არ მოხდა. მართალია, ეკონომიკა რეცესიაში მოექცა, მაგრამ ხანმოკლედ და სიტუაცია მალე გამოსწორდა. ერთადერთი საფრთხე ინფლაცია გახდა: ფასები გასულ წელს სწრაფად იზრდებოდა და ეკონომისტებს ეგონათ, რომ მთავრობა სიტუაციას ვერ გააკონტროლებდა. თვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი შეშფოთდა. თებერვალში მან ჩინოვნიკებს მოუწოდა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმოთ ფასების ზრდისათვის.

მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ადასტურებს პესიმისტების შეცდომას. მოსალოდნელია, რომ მარტის თვის მონაცემებით, ფასების ზრდა შეწყდება, ინფლაციის ტემპი კი საკმაოდ შენელდა. ასე რომ, 15 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წინასწარ უკვე გადაწყვეტილია. საერთოდ კი, ვლადიმერ პუტინს კონკურენტიც რომ ჰყოლოდა, ინფლაცია და ფასების ზრდა მაინც ვერაფერს დააკლებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთში უმუშევრობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.

ვინ იმსახურებს ქება-დიდებას ასეთი მიღწევებისათვის? შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს ეკონომიკის დასაცავად. თუმცა ცენტრობანკელების აზრით, ფინანსთა სამინისტრო არასწორად ახდენდა ჩარევას და მხოლოდ მათი, ანუ ბანკის ხელმძრვანელების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ინფლაციის დამუხრუჭება. ალბათ, ცენტრობანკელები მართლები არიან. განაკვეთების მომატებამ რუსეთის მოქალაქეებს შემნახველი ანგარიშების გახსნისაკენ უბიძგა – ანუ დანაზოგებისაკენ, ვიდრე ფული ხარჯვისაკენ. ინფლაციის შესუსტებაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამაც თავისი როლი შეასრულა.

რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა განპირობებულია წარსულში განხორციელებული მასტიმულირებელი ზომებითაც. ბოლო წლებში კორპორაციებმა და კომპანიებმა მნიშვნელოვანი თანხები დააგროვეს, რომლებსაც ინფლაციის დროსაც კი ხარჯავდნენ და დეფოლტს თავს არიდებდნენ.

სხვათა შორის, დასავლურმა სანქქციებმაც ერთგვარი პოზტიური როლი სეასრულა რუსული ეკონომიკის მდგრადობაში. როცა რუსეთიდან დასავლური კომპანიები წავიდნენ, ბუნებრივია, მათი მაღაზიების და საწარმოები დაიხურა, მოგვიანებით კი ისევ გაიხსნა, მაგრამ უკვე ახალი მფლობელების მიერ. რუსულმა კომპანიებმა გაააქტიურეს ნედლეულის ძიება მესამე ქვეყნებში და საიმედო მიწოდების გზები იპოვეს. რუსეთში იმპორტის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნების გავლით შედის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე იყო.

ახალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების კვალობაზე, რუსი ექსპორტიორები გათამამდნენ და ფასები ასწიეს, ამით საკუთარი შემოსავლები და მოგება გაამყარეს. რუსები 2022 წელს ჩინეთს 10%-ით იაფ ნავთობს და გაზს აწვდიდნენ, ახლა კი მხოლოდ 5%-ით იაფია. საქმე მხოლოდ ენერგეტიკას არ ეხება. რუსულმა კომპანიებმა ჩინეთში თავიანთი პროდუქციის გატანა უფრო მეტად და აქტიურად დაიწყეს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა დაიტრაბახა, რომ რუსული ნაყინით მალე მთელ ჩინეთს დავფარავთო: „მე ჩემს მეგობარ სი ძინპინს რუსული ნაყინი გავასინჯე და ძალიან ესიამოვნაო“.

რასაკვირველია, რუსებმა კარგად იციან, რომ ინფლაციის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია. ცენტრალური ბანკის ჩინოვნიკები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მაინც მოიმატებს. ყველაზე უფრო ცუდი ისაა, რომ რუბლი შეიძლება გაუფასურდეს ნავთობზე ფასების დაცემით, ან მორიგი სერიოზული სანქციების რაუნდით ან საერთოდ იმითაც, თუ ჩინეთი რუსეთის მიმართ ინტერესს დაკარგავს, ანუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს მიატოვებს. ეს ყველაფერი ფინანსისტების სერიოზულ შიშს იწვევს. და მაინც, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი – გარიყული ქვეყნის ეკონომიკა თავის ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

წყარო

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისა“- The Financial Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისა“-ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ 20 გვერდიან სტატიას აქვეყნებს. ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური.

„ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, თვითმფრინავის მეორე მხარეს  შავი ზღვა მოჩანს. მივყვებით მთებს, რომელიც თბილისამდე მეგზურობას გვიწევს. ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს წარსული სირთულეებთან არის დაკავშირებული. ოტომანები, ბიზანტიელები, მონღოლები, რუსები-უამრავი იმპერია ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. თბილისი ოცზე მეტჯერ აიღო დამპყრობელმა, მაგრამ ქართული იდენტობა ისევ ცოცხლობს“,-სტატიის ავტორი საქართველოში მოგზაურობისას აღწერს თბილისს, ქალაქის ცხოვრების სტილს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და კულტურას.

თბილისთან ერთად The Financial Times-ის სტატიაში აღწერილია სვანეთი, მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, თუშეთი,  ყაზბეგი, თუშეთი, ქუთაისი, კახეთი და საქართველოს სხვა კუთხეები, ტურისტულად საინტერესო ადგილები, ღვინის მომზადება და სამზარეულო.

„მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, ფაფუკ თოვლში თხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნს უწოდებენ.  დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელი წერტილია,  ჰაწვალზე და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი.  ახლახან სვანეთმა  პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის“,-წერს ლეო ვარდიაშვილი და მესტიასთან ერთად უშგულს აღწერს.

„უშგული სვანეთში, კავკასიონის მთების გულში მდებარეობს. ეს ევროპის  ყველაზე მაღალი დასახლებაა, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. უშგული საოცარი ადგილია, ეს სოფელი  საქართველოს რთული ისტორიის ფიზიკური განსახიერებაა, შემოსევებისას ქართველების სტრატეგია იყო მოსახლეობის მთებში გახიზვნა, თითოეული ასეთი გახიზვნა ნოეს კიდობანთან იყო გაიგივებული.  ქართული ხელნაწერები, ხელოვნების ნიმუშები, ვაზის კალმებიც კი ხშირად უშგულში იყო გადამალული და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. უშგულში თითოეული სახლი საგუშაგო კოშკი იყო, უკან კი გაუვალი კავკასიონის ქედი დგას, უშგული მართლაც ბოლო ბასტიონია.  აქ ერთ ადგილობრივს, სერაფიმეს დავუმეგობრდი, რომ გაიგო მწერალია ვარ ისტორიები მომიყვა სვანური ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. მონღოლთა შემოსევისას მთებიდან ჩამოსულ მგლებს უშგული დაუცვიათ, მიყვება სერაფიმე.

 სოფელში ყოფნის ბოლო დღეს კოშკზე ხის კიბით ავედი და საუკუნოვანი ქვის კარიბჭეში შევაბიჯე, რომელიც სოფელში მიმავალ გზას გაჰყურებს. ზურგით კავკასიონისკენ ვდგები და ხეობას გავცქერი, წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა სოფელში მტრის მოახლოება, საოცარი შეგრძნებაა“,-წერს ლეო ვარდიაშვილი.

https://www.ft.com/content/c46b2a1e-7d3c-4931-b1eb-cef3a9bd0eb1

“მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა” – მიხეილ სარჯველაძე

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გაუჭირდება, სანამ უწყებაში არსებულ ვითარებას სრულად არ გაეცნობა.

„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა, ეს არის მთავარი მახასიათებელი ჩვენი მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, დრო დამჭირდება არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ამის მიხედვით შემეძლება კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება.

„მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების ცვლილებას, სარჯველაძე განმარტავს: „გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, უახლოეს მომავალში შეიტყობს საზოგადოება”.