“ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება” – ლევან სილაგავა

22
spot_img

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება.

მისივე თქმით, აღნიშნულმა დადგენილებამ „7-8 თვის განმავლობაში ძალიან სერიოზულად იმუშავა და შესაბამისად, დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია“.

„ეს დადგენილება 2023 წლის ივნისში შემოვიდა და ახლა გაგრძელებულია. რეალურად, ამ დადგენილების ძირითადი არსი დაწყებისთანავე იყო ის, რომ ამ სამ დარგს (მემარცვლეებს, წისქვილკომბინატებს, პურის მწარმოებლებს) გამართულად ემუშავა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 2023 წლის ივნისამდე დაახლოებით წელიწად-ნახევრის-ორი წლის განმავლობაში წისქვილკომბინატები და მემარცვლები (ფერმერები) არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ფქვილის იმპორტთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მანამდე ორი წლით ადრე რუსეთმა მცურავი ბაჟი ხორბალზე შემოიღო და იგივე გადასახადი ფქვილზე დატოვა. გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი პარტნიორია, იქედან ხორბალიც და ფქვილიც მოდის. შესაბამისად, მაშინ ამ არათანაბარმა პირობებმა ფქვილზე და ხორბალზე გადასახადის მხრივ, გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად, იმპორტი ფქვილის სასარგებლოდ გაკეთდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ 2023 წლის ივნისის თვისთვის იქამდე მივედით, რომ ყოველი მე-5 პარტია რუსეთიდან ექსპორტირებული ფქვილი შემოდიოდა საქართველოში, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო, ეს რომ გაგრძელებულიყო, ფაქტობრივად, შეიძლება იმ მომენტამდე მივსულიყავით, რომ საბოლოოდ წისქვილკომბინატებსაც ვერ ემუშავათ და თვითონ ხორბლის ჩაბარებაც ვერ მომხდარიყო. მაშინ ზუსტად ეს იყო დადგენილების შემოღების მიზეზი. იმის შემდგომ, 7-8 თვის განმავლობაში ამ დადგენილებამ ძალიან სერიოზულად იმუშავა და შესაბამისად, დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ამ დადგენილების გაგრძელება აგრძელებს ამ სტაბილურ მდგომარეობას, მათ შორის თვითონ ფერმერებისთვის, ანუ მომავალი ივნისის თვის მოსავლის ჩაბარების კუთხით წისქვილკომბინატებისათვის, იგივე წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობისათვის და ასევე, ვიცით, რომ პურის ფასიც სტაბილურია, არაფერი არ ემუქრება. შესაბამისად, ყველა მიმართულებით ამან დადებითად იმუშავა.

დადგენილების მიხედვით, საიმპორტო გადასახადი შენარჩუნდება სექტემბრის თვემდე. და რატომ სექტემბრის თვემდე? მთავრობამ, სავარაუდოდ, განსაზღვრა სექტემბრის თვე, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ივნისის თვეში იწყება ახალი მოსავლის აღება და შესაბამისად, სადღაც სექტემბრის თვისთვის, ფაქტობრივად, ამ ახალი მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია ხდება. შესაბამისად, ეს ის დროა, როდესაც აღება და ჩაბარება ხდება“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული დადგენილება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მცურავი ბაჟი ხორბალზე იარსებებს.

„რაც შეეხება ასოციაციის პოზიციას, ეს დადგენილება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ იარსებებს თვითონ მცურავი ბაჟი ხორბალზე, რომელსაც აბალანსებს ამ დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ფქვილის მოსაკრებელი.

თუ მანამდეც მოიხსნა იგივე ხორბლის მცურავი ბაჟი, შესაბამისად, მანამდეც უნდა მოიხსნას თვითონ ფქვილის იმპორტის გადასახადი“, – აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.