ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს, არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა შეძლებს –

31
spot_img

„საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის მცდელობის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მან კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის პროპაგანდასა და შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას.

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელურ დათვლებს აყალბებდა. თუ გავყვებით ამ ამბავს, ვნახავთ საიდან ფინანსდებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნებზე დაძაბულობის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა. ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს. ხელისუფლებების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და ხალხის გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.