პირველადი მოხმარების პროდუქტებს ადევს ცეცხლის ფასი -ლევან ხაბეიშვილი

28
spot_img

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს, ყოველდღიური პრობლემა, რომელიც აქვთ, უკავშირდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს, ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოქალაქეები ვერ ახერხებენ ოჯახის გამოკვებას.

„ცეცხლის ფასი აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემები აწუხებთ მოქალაქეებს – გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევთ გამკლავება. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და ჩავაბარებთ კანცელარიაში. ყოველ დღე გავაკეთებთ ამას, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით – ეს ნამდვილად არის ფასების გაძვირება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები მეზობელ ქვეყნებში უფრო იაფი ღირს.

„გაძვირებული პროდუქტები, რომლებზეც ვსაუბრობ, იგივე რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში არის ბევრად იაფი და ცხადია, გაჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება, რომ საქართველოში იყოს გაძვირებული, ცეცხლის ფასი ედოს პროდუქტებს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იგივე პროდუქცია ღირს იაფი. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა ცხადია, არავის აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს და ყოველდღიური პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, უკავშირდება სწორედ პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს. ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას. 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.