Home Blog Page 2557

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

დოკუმენტი კოლეგებს დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ წარუდგინა.

„რეზოლუციის პროექტი, საერთაშორისო ფრანკოფონიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება და წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის, დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცებაში. რეზოლუცია აღიარებს საზღვრების ურღვეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპებს და იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს საზღვრებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ამ სახით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების შელახვას, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.

„რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება უნდა გახდეს ასობით ათასი ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღდგენის და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნების საფუძველი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის წარდგენამდე, რეზოლუცია პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც კვებეკის დელეგაციის ინიციატივით, რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომელიც გმობს კონფლიქტში ქალების და გოგონების მიმართ მათ შორის, სექსუალურ ძალადობას.

საბოლოოდ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.

„საქართველოს დელეგაციის მიერ შემუშავებული და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პირველი შემთხვევა ფრანკოფონიის ასამბლეის ისტორიაში, როდესაც საქართველოს საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსთვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მედიის წარმომადგენლებთან.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ფრანკოფონიის ქვეყნები კიდევ ერთხელ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმ საზღვრებს, რომელიც გაეროს მიერ არის წარმოდგენილი.

„რეზოლუცია, პლენარულ სხდომაზე, საერთო კონსენსუსით იყო მხარდაჭერილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. მოგეხსენებათ, რომ გენერალური ასამბლეიდან წელს საქართველოში წარმოდგენილია 42 ქვეყანა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია მუშაობას დღეს დაასრულებს.

ასამბლეის საქმიანობაში საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. ამიერიდან, ჩვენი ქვეყანა ასამბლეაში მუშაობას ასოცირებული წევრის სტატუსით განაგრძობს, რის შესახებაც გადაწყვეტილება სესიის ფარგლებში იქნა მიღებული.

საქართველოს წელს, ასამბლეის წევრი 42 დელეგაცია და მასში შემავალი 250-მდე დეპუტატი სტუმრობდა.

“ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი- მისასალმებელია, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს”- მარიამ კვარაცხელია

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს, – განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

„ვემზადებით „პრაიდის ფესტივალისთვის“. ამ წუთებში არტისტები, ძალიან ცნობილი ჯგუფები გადიან რეპეტიციებს. ტერიტორიაზე ვამზადებთ დეკორაციებს. ველოდებით სტუმრებს, მათ შორის ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს.

არანაირი ქუჩის ღონისძიება, მსვლელობა თბილისში არ იგეგმება არც ერთი ჯგუფის მიერ და არც „თბილისი პრაიდის“ მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს“, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიება უნდა გაიმართოს, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც „პრაიდის კვირეულის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

პერიოდულად პოლიცია იმ ავტომობილებს ატარებს, რომელთა მფლობელებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ავტომობილის გატარებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა, თუმცა ახლა ვითარება უკვე სტაბილურია, ადგილზე ასობით პოლიციელი იმყოფება.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, ეტაპობრივად უერთდებიან მოქალაქეები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბამდე მსვლელობას მართავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პრაიდის ფესტივალის მოწინააღმდეგეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ შეკრებილი მოქალაქეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.

მეტროსადგურის მიმდებარედ მათ 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეების განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

“ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ყოველგვარ დახმარებას. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი ყველაზე მეტ აქტიურ ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებების გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყდნობით.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგვისტოში თურქეთში პუტინის ჩასვლას ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისი მოქმედების ვადა სულ მცირე სამი თვით გახანგრძლივდება.

“ბუქარესტის სამიტზე ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, არამედ ისიც, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი”- ჯულიან სმიტი 

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”- ამის შესახებ  ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა  წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ვიდეოპორტალ იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, რომელშიც ის ვილნიუსში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, – აცხადებს ჯულიან სმიტი.

“პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ “პრაიდის” ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება.

„დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსი ოკუპანტების ჯგუფმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა“ – უკრაინის გენშტაბი

მტრის ქვედანაყოფები საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე მასობრივ უარს ამბობენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, მიმდინარე საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ცნობით, ათობით რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეში ბრძოლაზე უარი თქვა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული საბრძოლო ოპერაციების ფონზე და ოკუპანტის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები  უარს ამბობენ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე. კერძოდ, 20-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზივკაში, წინა პოზიციებზე საბრძოლო დავალების შესრულებაზე“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები”- მაია ტაბაღუა

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილე მაია ტაბაღუა LGBTQ+ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ტაბაღუა წერს, უსაფრთხოების დაცვის გეგმების არსებობის მიუხედავად, არსებობს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკები. შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას არ თანხმდება.

„მივმართავ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ახალგაზრდებს, სტუმრებს და ძალოვან სტრუქტურებს, იპოდრომის ტერიტორიაზე მოცემული ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური ღონისძიების ჩატარების თაობაზე, მიუხედავად თქვენ მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების დაცვის გეგმებისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერავინ.

გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა ირიბად ვიყოთ ,,მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა, რაც არსებობს. ვერ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების უზენაესი უფლების – სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას. ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენი პოზიციის მოწოდება გამოწვეულია ჩვენს მიმართ არაერთი ,,ინფორმაციის” მოწოდებით, რამაც დაგვარწმუნა რომ უსაფრთხოების ზომების მიღების თეორიული შესაძლებლობა სამწუხაროდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებას ვერ დავთანხმდები.

ვთხოვ ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება”, – წერს მაია ტაბაღუა Facebook-ზე.

2023 წლის 7 ივლისის შეჯამება უკრაინაში -გიორგი კობერიძე

2023 წლის 7 ივლისის შეჯამება უკრაინაში 

” ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკასათვის ბრძოლა საბოლოო ფაზაშია შესული. უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და დასახლების ირგვლივ (ძირითადად დასავლეთით) ყველა საკვანძო პუნქტი დაიკავეს. რუსული ნაწილები ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას, რასაც თან დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ტყვედ ჩავარდნა ახლავს. დასახლება ოდნავ უფრო დაბლობზე (ტაფობზე) მდებარეობს, ვიდრე მის აღმოსავლეთით და დასავლეთით არსებული ტერიტორია. დასახლება ერთიან სივრცეში არ არის წარმოდგენილი და რამდენიმე, სიბრტყეზე გაშლილი უბნისაგან შედგება. თუკი უკრაინელებმა მისი გათავისუფლება შეძლებს ბახმუტის ირგვლივ რუსული პოზიციების დაკარგვამ შეიძლება დაჩქარებული ხასიათი მიიღოს, რადგან ისეთი დასახლება როგორიც ოპიტნეა, თითქმის სრულადაა განადგურებული და მისი ეფექტური დაცვა რუსებს გაუჭირდებათ და სამხრეთიდან ბახმუტის ბლოკირება შესაძლებელი შეიქმნება. კლიჩშიივკას ირგვლივ ბორცვებზე შეფენილი ტყე აკრავს, რომელიც თავდაცვისათვის ერთგვარ ბარიერს ქმნიდან. არსებულ ინფორმაციით ახლა ის უკვე უკრაინელთა ხელშია. მაგრამ ქვეითთა და ტექნიკის ინტენსიურ შტურმთან ერთად მიმდინარეობს საარტილერიო დუელიც, რომელშიც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა.

თუკი უკრაინელებმა დასახლების აღება შეძლეს, ბახმუტისაკენ მიმავალი რკინიგზის ხაზი გადაჭრილი იქნება ხოლო ოპიტნესაკენ გზა გაიხსნება.

– სამხრეთში, დონეცკისა და ზაპორიჟიას საზღვრის სიახლოვეს, უკრაინელები კვლავ უტევენ ნოვოდონეცკეს, თუმცა სხვა დანაყოფებმა დასახლების შემოვლა დაიწყეს და სამხრეთით, რუსები სიღრმეში წაწევა შეძლო. ეს რუსულ თავდაცვის პოზიციებს დასახლების ირგვლივ, ცხადია, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

– დასავლური პრესა კვლავ აქტიურად აშუქებს ენერჰოდარის (ზაპორიჟია) ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ პროცესებს. ზოგადი მდგომარეობა არასახარბიელოა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადგურის რამდენიმე რეაქტორის სახურავზე მართლაც შეიძლება იყოს ნაღმები განთავსებული, ხოლო მდინარე დნეპრი პრაქტიკულად აღარ მიედინება სადგურის სიახლოვეს (კაშხლის აფეთქების გამო წყლის დონემ კატასტროფულად დაიწია). ამ ფონზე უცნობია გამაგრილებელი სისტემის რეზერვუარის მდგომარეობა. თუმცა იმ ფონზე რომ დასავლეთის ყურადღება აქეთკენაა მიპყრობილი, პირდაპირი აფეთქების საფრთხე შემცირებულია, მაგრამ საოკუპაციო ძალებისაგან არაფერია გამორიცხული.

– შედგა ტყვეთა გაცვლა. უკრაინელებმა შინ 45 ტყვე დაიბრუნეს. ისინი უკიდურესად გამხდრები არიან. რუსული ძალების მხრიდან ტყვეთა არაჰუმანური მოპყრობა ჩვეულ ამბადაა ქცეული.

– ზელენსკი პოლიტიკურ ტურნეს განაგრძობს. ჩეხეთის შემდეგ იგი სლოვაკეთს ეწვია ბოლოს კი თურქეთში ჩადის და ერდოღანთან უნდა გამართოს შეხვედრა. რუსები განსაკუთრებით ამ ტურზე ნერვიულობენ.

– აშშ უკრაინას კასეტურ შეიარაღებას გადასცემს. აფეთქების შემდეგ საფანტივით გაშლილი ნამსხვრევები ეფექტურია, როგორც ნაღმების ისე ცოცხალი ძალის წინააღმდეგ. ანუ კასეტური შეიარაღება ნიშნავს, რომ რაკეტის მიერ მიზნის განადგურებასთან ერთად გარემოში მდებარე სხვა ლოკაციებიც დაზარალდება. ეს კი მოწინააღმდეგის რიგებში ფართო სივრცეზე მიყენებულ ზარალს გულისხმობს, ხოლო მდელოებზე ნაღმების განეიტრალებისათვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

იმიტომ იკავებდა აშშ თავს რომ კასეტური შეიარაღების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული. თუმცა აღნიშნულ კონვენციას აკრძალვის შესახებ არც აშშ, არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საქართველო მიერთებული არა არის”-წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე.

https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/pfbid0MZKTJK8vRpdiR1gK21bCmKZBvCtZyfbjid2esv1KzhXb2v9aWsaYAwdmwGgMv9R4l

 

დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ ნივთებს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება

დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ უნიკალურ ნივთებს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება.

სარესტავრაციო პროცესი ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მიერ, კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და ამერიკის საელჩოს გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს.

მე-19 საუკუნის მემორიალური ნივთები დადიანების სასახლეს აღდგენილი სახით დაუბრუნდება. მანამდე ხელოვნების სასახლეში სარესტავრაციო პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშემ დაათვალიერა.

აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას სამხედრო დახმარების სახით მიაწვდის – ჯეიკ სალივანი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას სამხედრო დახმარების ფარგლებში მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებები დაფუძნებულია უკრაინის საჭიროებებზე და უკრაინას სჭირდება არტილერია მისი შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია უკრაინაში დახმარების გაგზავნა, სანამ საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება“, – აღნიშნა სალივანმა.

სალივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან კასეტურ ბომბებს იყენებს.

„უკრაინამ მოითხოვა კასეტური საბრძოლო მასალები საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად“, – დასძენს სალივანი.