“ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

98
spot_img

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ყოველგვარ დახმარებას. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი ყველაზე მეტ აქტიურ ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად, მოლაპარაკებების გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყდნობით.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგვისტოში თურქეთში პუტინის ჩასვლას ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მისი მოქმედების ვადა სულ მცირე სამი თვით გახანგრძლივდება.