პრაიდის ფესტივალის მოწინააღმდეგეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას მართავენ

87
spot_img

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ შეკრებილი მოქალაქეები „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.

მეტროსადგურის მიმდებარედ მათ 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეების განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.