Home Blog Page 2010

ნუგზარ თაბუნიძე -ახალგაზრდა ოქროს ხელებით

ახალგაზრდა ოქროს ხელებით – ხალხურ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის

ნუგზარ თაბუნიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმია, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ხერხემლის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანებს უნიკალური საგვარეულო მალამოთი მკურნალობს და ეფექტური შედეგები აქვს.

თბილისში ნუგზარ თაბუნიძეზე ლეგენდები დადის – მის სამედიცინო კაბინეტში პაციენტები ტკივილით შედიან და გაღიმებული სახეებით გამოდიანო. სწორედ ამიტომაც ის , ჩვენი ლოკალური კვლევების თანახმად, ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს- ქართულ ხალხურ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის და 2023 წლის ამ ნომინაციის მფლობელიც ხდება.

ნუგზარ თაბუნიძე: ,,თაბუნიძეების საგვარეულო მალამო, ოფიციალური წყაროებით, ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროიდან იღებს სათავეს, თუმცა ეს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული არქივია და არ გამოვრიცხავთ, ჩვენი ოჯახის სამედიცინო ფესვები მანამდეც არსებობდა. უბრალოდ, ჩანაწერები ამ დროიდან მოგვეპოვება.
პაციენტს, რომელიც მომმართავს, შემიძლია მივუდგე ტრადიციული მედიცინით და ასევე, ჩვენი საგვარეულო მკურნალობის მეთოდით. ეს მკურნალობა არის ჩვენი გვარისა და საქართველოს საგანძური – სრულიად ნატურალური, ბუნებრივი და ათეული ბალახისეული შემადგენლობით. ჩვენ მიერ აღნიშნული მალამო ყოველდღიურად მზადდება და მალფუჭებადია, რაც მისი გაყიდვის უფლებას არ გვაძლევს .

როგორც მოგეხსენებათ, მთელი ჩვენი სხეული ხერხემალზე არის აგებული. მისი დაავადებები გადასცემს ტკივილს სხეულის სხვადასხვა წერტილს. შეიძლება, გვტკიოდეს თავი, კიდურები და ეს ტკივილი არ გვაძლევდეს საშუალებას, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ. ცხოვრება კი მოძრაობაა! არანაირი ოპერაცია ხერხემალზე არ გვაძლევს განკურნების სრულ გარანტიას და ამიტომ, ეს მხოლოდ უკიდურესი ეტაპია, რასაც ადამიანმა უნდა მიმართოს. ეს არ არის ახალი დაავადებები. უწინ, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები, ოპერაციების გარეშეც კურნავდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: თიაქარი, რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიასი, მარილების დაგროვება, ჰიგრომა, პოდაგრა, ნერვის ანთება. მეც სწორედ აღნიშნულ დაავადებებს ვკურნავ. ეს გახლავთ ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო კურსი, რომელიც სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაა. არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურებს, არც დიეტასა და კვების სპეციალურ რაციონს. თუმცა, ზოგადად, სასურველია, რომ ცხიმიან პროდუქტს მოვერიდოთ და ზედმეტი წონა მოვიცილოთ.

ვამაყობ, რომ ამ დარგის და ძირძველი ტრადიციების წარმომადგენელი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ღვთისგან დალოცვილი საქმეა, ამიტომაც მადლობელი ვარ უფლის და მამაჩემის, რომ ამ საქმეს მაზიარა“.

“ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი”- თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით,მისი შვილი “ქოლ – ცენტრის”საქმეს შეეწირა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე “ქოლ – ცენტრს” ეხებოდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

„შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა. დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.

„ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო,“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.
მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

“ნატოს მიერ მიწოდებული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ არსებობს შეზღუდვები იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღი, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით და რომლითაც უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი, არ იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის.

“გაბონის წყლებში, გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან ორი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს.

როგორც სააგენტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, შემთხვევა 2 მაისს, ღამის საათებში მოხდა.

„სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია” – ლევან ალაფიშვილი

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

„პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და თავად გახდეს სანქცირების ობიექტი,“ – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, იმ მოვლენების ფონზე, რაც კომისიასთან დაკავშირებით განვითარდა, შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს „კლანის“ ნაწილად.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებას ეშინია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს.

„მიზეზი, რის გამოც თქვენ ხელს უშლით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას და 50 დეპუტატის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, არის ის, რომ გეშინიათ. გეშინიათ ორი ძირითადი რამის. პირველი იმის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამჟღავნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე, გეშინიათ ასევე იმის, რომ მაღალი ალბათობით გავლენის ჯგუფს სასამართლო სისტემაში შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციის განცხადებებს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა.

„სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა,“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არის თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, როცა არ ცდილობს საგამოძიებო კომისიის შექმნას ან, როცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს?

აღნიშნულ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

„არის უფლებების რანგის საკითხები, რომლებიც კონსტიტუციამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე აქტმა სხვადასხვა სუბიექტებს მიანიჭა, გარანტიები შექმნა. მაგალითად, ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება – რომლებიც კონსტიტუციითაა გარანტირებული და მათი განხორციელება ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა თუ ვინმე დააპირებს კონსტიტუციის გარანტირებული უფლების ჩემთვის და თქვენთვის ხელისუფლებიდან შეზღუდვას, იგი ამაზე პასუხს სხვადასხვა გზით აგებს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში ან სისხლის სამართლებრივი წესითაც კი. ანალოგიური კატეგორიის გახლავთ, სწორედ, უმცირესობა, პარლამენტის მინიმუმ 50 წევრი, რომლებიც კონკრეტული საკითხის შესწავლით არიან დაინტერესებული. მათ ამის განხორციელება უნდა შეძლონ. ეს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა და ამ პროცესში ხელის შეშლა კონსტიტუციის დარღვევაა.

კიდევ ვიმეორებ, არც პარლამენტის უმრავლესობაზე და არც ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული ამ უფლების განხორციელება. კონსტიტუციაში არ წერია ასეთი რამ, რომ 50 დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის საგამოძიებო კომისიას თუ კანონითაა გათვალისწინებული, ან როგორც პარლამენტი გადაწყვეტსო – არა, წერტილია დასმული. იქ წერია – თუკი აქვთ ინტერესი უნდა შეიქმნასო – ეს გარანტიაა. ასე რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან ნებისმიერი პროცედურული ქმედებები, რომელიც ამ უფლების განხორციელებას შეზღუდავს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა,“– განმარტავს კონსტიტუციონალისტი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა მმართველი ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ამას არ დაუშვებს.

„მმართველი გუნდი ამბობს, რომ კონსტიტუციას კვლავაც დაარღვევს სხვადასხვა გზითა და საშუალებით. ამით კი ნებით თუ უნებლიედ თვითონ დემოკრატიის, კონსტიტუციის მიღმა რჩება. ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია.

სამწუხაროა, რომ ამ პროცესს თვალყურს ადევნებს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი , რომლის ერთი განცხადებაც კი არ მოგვისმენია. შევახსენებ, რომ მას ამ საკითხში ჩარევა შეუძლია, განცხადებით იქნება ეს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით. შესაბამისად, კომპეტენციური დავის ფარგლებში შეუძლია „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომელიც ცოტახნის წინ თვითონ უჩიოდა კომპეტენციურ დავაზე, ახლა იქით აგებინოს პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოში. არა იმიტომ, რომ მას პერსონალურად შეეხება ეს საკითხი, არამედ იმისთვის, რომ კონსტიტუციასა და დემოკრატიას ასეთი ქმედებით საფრთხე ექმნება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამაზე ჯერჯერობით დუმს,“– აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე – კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება, – ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ „განუსაზღვრელი ვადით შეუძლია ასე მოიქცნენ და დაჩქარებული ტემპით დავუახლოვდეთ ავტორიტარულ რეჟიმს, ჩრდილოეთიდან დაწყებული რომელ ქვეყანას შევადარო არ ვიცი. სამწუხაროა, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაცხადებული გეზი დემოკრატიაა და დღევანდელობაში ასეთი სამარცხვინო, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საპარლამენტო უმრავლესობა გვყავს,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში ლევან ალაფიშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7295 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7449 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0154 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რა შეიცვლება თურქეთის პოლიტიკაში, თუ არჩევნებში რეჯეფ ერდოღანი დამარცხდება და ოპოზიცია გაიმარჯვებს

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  თურქეთი: მოახლოებული არჩევნები და ტერორიზმთან ბრძოლა“, რომელშიც, 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხია განხილული. ავტორი – ჯან აჯუნი, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს (Partiya Karkerên Kurdistan – ქურთისტანის მუშათა პარტიის) ე.წ. ლიდერები გამუდმებით აკეთებენ განცხადებებს თურქეთის არჩევნების შესახებ და მხარს უჭერენ კანდიდატებსა და ალიანსებს ერდოღანის წინააღმდეგ. ჩანს, რომ PKK, რომელიც ცდილობს შედეგების მიღწევას ტერორით და ძალადობით და არა პოლიტიკური პროცესებით, არის ორგანიზაციის ჩიხი და მისი ხელმძღვანელების გამოუვალი სინდრომი.

ტერორისტული ორგანიზაცია PKK/KCK-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა დიურან კალკანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა, სადაც იგი აცხადებს, რომ მთავრობა რეჯეფ ერდოღანის მეთაურობით უნდა დაემხოს.

ფაქტობრივად, PKK-ის ყველა მაღალჩინოსანი მსგავსი განცხადებებით გამოდიან თითქმის ყოველთვის, როდესაც თურქეთში საარჩევნო პროცესი იწყება. ისეთი სახელები, როგორებიცაა ჯემილ ბაიქი, მურათ ქარაილანი და ბესე ჰოზატი, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ AKP-MHP-ის, ანუ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ალიანსის ძალაუფლება ნებისმიერ ფასად უნდა დაემხოს და მის ნაცვლად გონივრული ალტერნატივა შეიქმნას.

ამ კონტექსტში, ორგანიზაციის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, ბესე ჰოზატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 14 მაისის არჩევნები არ ჰგავს სხვა არჩევნებს და დასძინა, რომ სწორად მიაჩნია, რომ HDP-მა (ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ) არ დაასახელა კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუს სასარგებლოდ და რომ მათ არჩევნების დასრულებამდე „სამხედრო მოქმედებები“ შეწყვიტეს. შემდეგ ყურადღება მიიპყრო HDP-მა და სარეზერვო პარტიად ჩამოყალიბებულმა მწვანე მემარცხენე პარტიამ (YSP) ქემალ ქილიჩდაროღლუსთან და ნაციონალურ ალიანსთან ერთად. PKK/KCK ხვდება ქემალ ქილიჩდაროღლუს, HDP/YSP-ს, PKK/KCK-ს პოლიტიკურ გაფართოებას, სამართლებრივ სფეროში და სხვადასხვა ფორმატში. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, არ წარადგინონ კანდიდატი და მხარი დაუჭირონ ქილიჩდაროღლუს.

რას ნიშნავს PKK/KCK-ს ტერორისტული ორგანიზაციის მთელი ძალით ჩართვა საარჩევნო პროცესში, რეჯეფ ერდოღანის წინააღმდეგ? რატომ დაიწყო ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც თავისი ბუნებით შორს უნდა იყოს ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემისა და საარჩევნო პროცესებისგან, დაიწყო პოლიტიკური კამპანიის წარმოება?

(…)

სწორედ, რომ დიურან კალკანის ბოლო განცხადებში მთელი აზრია ჩადებული, რომელიც ხსნის PKK-ს მოქმედებებს. კალკანმა განაცხადა: „ერდოღანმა მოახდინა ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მობილიზება ჩვენს მოსაკლავად. ყოველდღე გვკლავენ, ხმას არავინ იღებს. ჩვენ ყველგან ვართ თავდასხმის ქვეშ, მედიის დაცვის ზონებში, ბაკურის გვირაბებში. გვკლავენ კანდილში, შენგალში და როჟოვაში. მათ სიები შეადგინეს ჩვენი მენეჯმენტის შესახებ. წითელი სია, ყვითელი სია, მწვანე სია, ნაცრისფერი სია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ სიაში ოცდაათ ან ორმოც სახელს აყენებენ. მათ სურათები გამოაქვეყნეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ძებნილთა სია. არამედ, საჯაროდ მოსაკლავთა სიაა“. მან ამით ფაქტობრივად გამოავლინა, თუ რა სახის ზეწოლას განიცდის PKK/KCK და რომ წამყვან კადრებს მოქმედება და მართვა აღარ შეუძლიათ.

ბოლო წლებში თურქეთის ზეწოლამ ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები გამოიღო. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თურქეთში თითქმის უმოქმედოა, ერაყსა და სირიაში „ოპერაციებით საზღვრებს მიღმა“, კარგავს ძალას. თავის მხრივ MİT-იც აგრძელებს ბრძოლის სხვა მეთოდს, რომელსაც დიურან კალკანიც გამოხატავს და ხაზს უსვამს. MİT-ის მიერ დაწყებული უსაფრთხოების ახალი დოქტრინის კონტექსტში PKK-ის ხელმძღვანელობის კადრების ლიკვიდაციის მიზნით, 2015 წლიდან მოყოლებული 500-მდე ლიდერთაგანი იქნა ლიკვიდირებული. ამან  როგორც ჩანს, სერიოზული ცვლილება გამოიწვია ორგანიზაციის მოქმედების კურსში. როგორც დურან კალკანის მხრიდან 18 აპრილს გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, მართებული იქნება იმის გათვალისწინება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომლის მოძრაობა და კომუნიკაციის უნარი მძიმედ დაზიანდა, მათი განადგურების სინდრომია.

ამ კონტექსტში, PKK/KCK-ს ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. ლიდერები თვლიან, რომ ერდოღანის დამხობით, ტერორიზმის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია შესუსტდება, თურქეთის სამხედრო ოპერაციები შეწყდება ერაყსა და სირიაში, ხოლო HDP/YSP, რომელსაც აქვს ლეგალური სტრუქტურები, მოიმატებს ძალას და თავისთვის სივრცეს გახსნის აღმოსავლეთ რეგიონებში. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს, მისი თანამებრძოლების და HDP/YSP-თან მისი ჩართულობის ზოგიერთი განცხადება ასევე იძლევა ამ მიდგომის საშუალებას.

თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ PKK ასე ახლოს არის გადაშენებასთან, უსაფრთხოების ამჟამინდელი დოქტრინა მტკიცედ უნდა შენარჩუნდეს.

წყარო

“ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება”- შალვა კერესელიძე “ქოლ-ცენტრების” საქმეზე

“საერთაშორისო გამოძიება ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“ დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირება, არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გზავნილი, რომელიც მხოლოდ დასაწყისია.

„ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია მიიღო, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 10 წლის შემდგომ თავად დაიწყებდა იმ მეთოდების გამოყენებას, რასაც თავად ებრძოდა. თავად დაიწყებდა განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნას, უფრო მეტად დაინტერესდებოდა უკანონო მოსმენებითა და მიყურადებით, კოჰაბიტაციის შედეგად, შეისისხლხორცებდა მუტაციაგანცდილ ადამიანებს, სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციებს საკუთარი პარტიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებად აქცევდა, გაჭირვების და სიდუხჭირის გამო აიძულებდა ასი ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ წასულიყო სამუშაოდ, ჩვენს პარტნიორ მეგობრებს მოღალატეებად და მტრებად შერაცხავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას კურსის ცვლილებაზე.

საერთაშორისო გამოძიება ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“ დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი, „პარტია საქართველოსთვის“ შემოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეს, გამოავლენს ამ დანაშაულების ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს, სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობის მიზეზებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც საპარლამენტო მმართველობის დროს პარლამენტი თავის ფუნქციას კარგავს, კანონის აღსრულება მხოლოდ ქაღალდზე რჩება და ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო რეალური გადაწყვეტილებები „ღამის ზარებით“ და კანონის გვერდის ავლით მიიღება.

„როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დღის წესრიგში აყენებს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მმართველი პარტიის სპეციალურ, სტრუქტურულ ქვედანაყოფებად აქციოს. სწორედ, ამას ჰქვია ხელისუფლების პოლიტიკური აგონია. არადემოკრატიული და მანკიერი მხარეების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სისტემის შეცვლით და ამ ფასის გადახდა ხელისუფლებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწევს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

„კევინ მაკარტი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას” – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) დღევანდელ, ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კევინ მაკარტი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას“ (ავტორები – კარუნ დემირჭიანი და პატრიკ კინგსლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კევინ მაკარტიმ, კალიფორნიელმა რესპუბლიკელმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მიმდინარე წლის იანვრიდან, ისრაელში ვიზიტით ყოფნის დროს ყველას გასაგონად განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაგრძელებას, რითაც კანონმდებელმა იმ ვარაუდების დეზავუირება მოახდინა, რომელთა მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არსებული რესპუბლიკელთა უპირატესობა უკრაინის მიმართ აშშ-ის სამხედრო და ფინანსური დახმარების შემცირებას გამოიწვევს.

იერუსალიმში, ისრაელის ქნესეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კევინ მაკარტიმ რადიკალურად უარყო რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვაში გამოხატული თვალსაზრისი.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ უკრაინისათვის იარაღის ამჟამინდელ ულიმიტო და უკონტროლო მიწოდებას. შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი, თუ რამდენად არის შესაძლებელი აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე?’, – ასეთი იყო რუსი რეპორტიორის კითხვა, რაზედაც კევინ მაკარტიმ ამგვარი პასუხის გასცა:

„მე რაღაც კარგად ვერ გავიგე თქვენი კითხვა ხმაურის გამო. თქვენ თქვით, რომ მე უკრაინისადმი დამარების გაწევას მხარს არ ვუჭერ? არა, მე ხმა მივეცი უკრაინისათვის დახმარებას და მხარს ვუჭერ. მაგრამ მე არ მომწონს და მხარს არ ვუჭერ იმას, რაც თქვენმა ქვეყანამ უკრაინას გაუკეთა. მე მხარს არ ვუჭერ ბავშვების მკვლელობას. ჩემი აზრით, თქვენ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ის, რასაც თქვენ უკრაინაში აკეთებთ, სწორია. ჩვენ უკრაინას ყოველთვის მხარს დავუჭერთ მხარს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს იმას, რაც იქ ხდება“.

როგორც ვხედავთ, მისტერ კევინ მაკარტი, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ უკრაინას თანხის ჩასაწერად „სუფთა საბანკო ჩეკებს ვეღარ მივცემთო“, ახლა პირიქით, მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს და უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას ემხრობა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ეს განცხადება მკვეთრად კონტრასტულია მის ამასწინანდელ გამონათქვამებთან შედარებით, როცა უკიდურესად მემარჯვენე რესპუბლიკელები უკრაინისადმი გაწეული დახმარების აუდიტს და მის შემცირებას ითხოვდნენ. ამიტომ იერუსალიმში გაკეთებულმა განცხადებამ რესპუბლიკელი „ქორების“ მხრიდან მოწონების დიდი ტალღა გამოიწვია – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ჩათვლით, რომელმაც მადლობა უთხრა პალატის სპიკერს იმისათვის, რომ მან მკაცრად და დამაჯერებლად გააკრიტიკა რუსეთი საერთაშორისო არენაზე და კრემლს უკრაინიდან ჯარის გაყვანისაკენ მოუწოდა.

ამავე დროს, კევინ მაკარტი საკუთარმა განცხადებამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს იმ პატარა, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი ფრაქციის წევრების მიმართ, რომელიც საჯაროდ გამოდის უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტისათვის. სხვათა შორის, ამ ჯგუფში შედიან ის ულტრაკონსერვატიული რესპუბლიკელებიც, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ კევინ მაკარტის პალატის სპიკერის თანამდებობა დაეკავებინა – მათ შორის, რესპუბლიკელთა მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი მარჯორი ტეილორ გრინი ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მტკიცედ გამოდის უკრაინისათვის დახმარების წინააღმდეგ, მაგრამ ითვლება მისტერ კევინ მაკარტის მოკავშირედ.

ქალბატონი მარჯორი ტეილორ გრინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მუდმივად გამოდის კიევისათვის სამხედრო და ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერის შემცირებისათვის და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ატყუებს“. „ჩვენ მიერ გაწეული დახმარება ნიშნავს იმას, რომ ომის აქტიური მონაწილე ვხდებით. უკრაინა აშშ-ის 51-ე შტატი არ არის“, – აცხადებს კონგრესმენი.

მარჯორი ტეილორ გრინისა და სხვა კონსერვატორი რესპუბლიკელების ზეწოლის შედეგად კევინ მაკარტი ბოლო დროს საკმაოდ „ძუნწობდა“ უკრაინის თაობაზე კომენტარების გაკეთებაში. გასულ თვეში მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აზრთა ურთიერთგაზიარება „კარგი და შინაარსიანი იყო“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა რეპუბლიკელებმა ამას წინათ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმა დაკარგეს საკუთარი პოზიციის ამომრჩევლებამდე მიტანის საკითხში, როცა ტელეარხმა „ფოქს ნიუსმა“ კომენტატორი თაკერ კარლსონი სამსახურიდან გაათავისუფლა – იგი სწორედ მარჯორი ტეილორ გრინის პოზიციას იზიარებდა და საშუალებას აძლევდა მას და სხვებს ტელეეთერით მილიონობით თანაპარტიელს და მხარდამჭერს გასაუბრებოდნენ. ამით კევინ მაკარტის მიმართ გარკვეული ზეწოლა ხებოდა.

წყარო

„ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამერიკის ხმა

აშშ-ის რადიომ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) პირველ მაისს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“, რომელშიც განხილულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერების 11-წლიანი საქმიანობის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაარსების მე-11 წლისთავს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გართულებული და დაძაბული ურთიერთობით შეხვდა. პარალელურად, ბუნდოვანია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პერსპექტივაც.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების და საგარეო კურსის შეცვლის მცდელობის გამო, „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ტრადიციული ოპონენტები დაუპირისპირდნენ. ყოფილი მოკავშირეები, რომლებიც ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს და შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავათ, “ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებენ.

ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტიად „ქართული ოცნება“ 2012 წლის აპრილში დააფუძნა, მანამდე მან ოპოზიციური კოალიცია შექმნა ოთხ პოლიტიკურ ჯგუფთან, მათ შორის, რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელსაც მაშინ თინა ხიდაშელი წარმოადგენდა.

„აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“ – ასე აფასებს „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებს, თინა ხიდაშელი, რომელსაც 2015-16 წლებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ანგარიშვალდებულებისა და ურთიერთკონტროლის ინსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური გარემო ვერ ჩამოყალიბდა, ცნობილი თეზა, რომ ხელისუფლება რყვნის და მერე უფრო რყვნის, ჯერ კიდევ სახეზეა. ასეთი უკონტროლო ხელისუფლება უკვე რიგითი მოქალაქეების პრობლემა ხდება“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ, „როგორც ჩანს, ამერიკელების მიმართ მიუღებლობა, ამერიკული სახელმწიფოს იდეალების, ღირებულებების, იმ პრინციპების მიუღებლობა, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იყო ერთ-ერთი წყალგამყოფი მისთვის, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად.

უკვე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ “სოზარ სუბარის წერილებში” ჩანს ყველა მიზეზი, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, სად დაინახა მთავარი პრობლემა (ივანიშვილმა) და წინააღმდეგობის ფრონტმა მისთვის სად გაიარა… როგორც ჩანს, რაღაც მომენტში, მას (ივანიშვილს) გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
„ოცნების“ მწვავე კრიტიკოსებს შორის არის, იურისტი სანდრო ბარამიძეც, რომელსაც 2012-18 წლებში, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა.

„ამას ვერ ვიფიქრებდი, სხვანაირად იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე არ დავრჩებოდი. 2018 წლის მაისამდე, როცა პრემიერის პოსტს კვირიკაშვილი იკავებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსში ესოდენ რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის თქმით, ყველაფერი შეიცვალა 2018 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ ლიდერის პოსტი კვლავ დაიკავა. „იქიდან მოყოლებული, ყველაფერი უკან უკან წავიდა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით“ – ამბობს ბარამიძე.

„ყველაზე მთავარი თეორია, მაინც არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ხასიათის. როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა გახდა ღიად და დაუფარავად მტრული დასავლეთის მიმართ, შესაბამისად, მისი მოთხოვნებიც „ოცნების“ და პირადად, ივანიშვილის მიმართ, უფრო ღია და რადიკალური გახდა, მე ასეთი თეორიის საფუძვლიანობას ვხედავ.
მეორე – შეიძლება, პოლიტიკური და პირადი ხასიათის გარკვეული მიზნების განხორციელებასაც ჰქონდეს ადგილი. ბოლოს და ბოლოს ეს არის ოლიგარქი, რომელსაც ხელისუფლების სადავეები მთლიანად უპყრია. ის არის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირი და როდესაც, ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეები შეექმნა, ისიც გადავიდა რადიკალურ და ღია ბრძოლაზე, ამ საფრთხეების წინააღმდეგ“ – მიაჩნია სანდრო ბარამიძეს.

მარტში, აშშ-ს საელჩომ „ქართული დემოკრატიის შავი დღე“ უწოდა, „ოცნების“ დაუფარავ მცდელობას სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია მოეხდინა;

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტშივე განაცხადა, რომ „ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უაღრესად კრიტიკული ანგარიში; ხოლო, აპრილში – სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სასამართლოს ე.წ. „კლანის“ ლიდერებს სანქციები დაუწესა. ასეთ კრიტიკულ ფონზე, მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ურყევად მიდის.

„თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია – ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ“ – ასეთი ტექსტით გამოეხმაურა “ოცნების“ დაფუძნების მე-11 წლისთავს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „ეს ყველაფერი აისახა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე. ორი წლის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს 8 ათასს დოლარს მიაღწევს, ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანდათან ეკონომიკის განვითარების ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდებით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. საქართველო არის დღეს სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება, სხვადასხვა მიმართულებით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“ – პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებაა.

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ვინაიდან იმ დროს, ივანიშვილს უკვე ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, პარტიის დროებით თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.

ახალი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში 11 წევრი იქნა არჩეული: სოზარ სუბარი, ირაკლი სესიაშვილი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, თამაზ ავალიანი, გუგული მაღრაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ივანე კიღურაძე, გელა ხვედელიძე, თედო ჯაფარიძე და გურამ ოდიშარია.

მანამდე ივანიშვილმა “ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში ასევე შეიყვანა: გოგლა ჟვანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, კახი კალაძე, გია ვოლსკი, მაია ფანჯიკიძე, ლერი ხაბელოვი, ნინელი ჭანკვეტაძე და აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ დავითაშვილი, რომელიც მაშინ ატლანტაში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის აკადემიაში მოღვაწეობდა.
11 წლის უკან, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლა იყო; “საქართველომ უნდა გააგრძელოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია“ და “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც მნიშვნელოვანია” – ეს იყო ივანიშვილის მთავარი მესიჯები.

2012 წლის ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 10 წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლებაშია.

წყარო

“კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს – დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

თეონა თამაზაშვილი მისი შვილის  მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი გამომძიებელი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა “სინდისმა” შეაწუხა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიმართლის თქმა.

“მოვედი, რათა შევიტანო  განცხადება, რომ თავიდან აღიძრას თამარის საქმე. იმიტომ, რომ  თამარს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს. ალბათ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სინდისიერ გზას ირჩევს და სიმართლეს ამბობს. ეცდებიან, თავი დაიცვან, რომ არ აღიძრას ეს საქმე და თუ მონაწილეობა არ მიიღო აბა ეს კაცი იტყუება?!.

ჩემი პოზიციაა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მათივე უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთესად იცის რაც ხდება ზოგადად, ამ სისტემაში. უტყუარი ფაქტები მოიყვანა და ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე,“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

სერგო შუბითიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მისი ინტერვიუს საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო  დაბარებული. მისი ინტერვიუს საფუძველზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

შუბითიძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი უფლებაა მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

“მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო!” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ფორმა „მაფიოზურია“ და მისი მიზანია, „მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა“.

როგორც ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“.

„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს იმდენად პრიორიტეტული საკითხია, რომ როგორც კი ბიუროზე მოხვდება, უახლოეს სხდომაზე უნდა წარედგინოს პარლამენტს. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! რით განსხვავდება ეს მმართველობა სახელმწიფო მმართველობისგან – თუ პოლიტიკური მმართველობის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა და უკეთესი ქვეყნის მიღწევაა, ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, მაფიოზური ხელისუფლების მიზანია, მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა. „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა – „მოატყუე და იბატონე“. სინამდვილეში გვინდა, რომ ამ საყოველთაო ტყუილში იცხოვროს ქართველმა ხალხმა. კიდევ რა არის დამახასიათებელი მაფიოზური მმართველობის – ის, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემ; არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწერილი კანონი; არ უნდა შექმნა ისეთი კანონი, რომელიც შენივე საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ანუ, ზოგადად, მაფიოზური მმართველობის დამახასიათებელი ისაა, რომ კანონები ქაღალდზე არ უნდა ეწეროს. ეს კანონები სადღაც უნდა იყოს, რამდენიმე ადამიანმა უნდა იცოდეს და ისინი კანონს ხან ასე ამოქმედებდნენ, ხან – ისე. რა შედეგი მოაქვს ამ მმართველობას – მხოლოდ ასეთი მმართველობის პირობებშია, რომ ულაპარაკოდ მიიღოს სამხედრო კოდექსი, ულაპარაკოდ მიიღოს 78-მა ადამიანმა რუსული კანონი და ასევე ულაპარაკოდ გააუქმოს იმიტომ, რომ ეს მიღებულია არა პოლიტიკური, არამედ მაფიოზური პროცესის შედეგად, სადაც ყველა ინსტიტუციას ძალა უნდა გამოაცალო, კონსტიტუციას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; კანონი კი არ გჭირდებოდეს ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალა. სწორედ ამ ძალით ხართ გათამამებულები და ის არ იცით, რომ ამ მაფიოზური მმართველობის გამო თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ისეთი ტიპის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლება არაა. ამ ძალაუფლების შედეგად ცდილობთ ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალოთ, ცდილობთ, ცივილიზაციის საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გააკეთოთ არა ქართველი ხალხის მიზნის, არამედ თქვენი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ, ერთი რაღაც გავიწყდებათ – ის, რომ კანონით და პოლიტიკურად იმართებოდეს ქვეყანა, ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ, მმართველი ძალის დაცვას სჭირდება ის, რომ მას მართული ჰქონდეს წესების შესაბამისად და სხვასაც მოუწოდოს წესების დასაცავად. თორემ, თქვენ რომ მალე დასრულდებით და ქართველი ხალხი რომ დიდი ხანი არ იცურებს ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, ეს ხომ ფაქტია?!“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.