ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები„კევინ მაკარტი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას" - რას...

„კევინ მაკარტი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას” – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

spot_img

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) დღევანდელ, ორი მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კევინ მაკარტი აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას“ (ავტორები – კარუნ დემირჭიანი და პატრიკ კინგსლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კევინ მაკარტიმ, კალიფორნიელმა რესპუბლიკელმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მიმდინარე წლის იანვრიდან, ისრაელში ვიზიტით ყოფნის დროს ყველას გასაგონად განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაგრძელებას, რითაც კანონმდებელმა იმ ვარაუდების დეზავუირება მოახდინა, რომელთა მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არსებული რესპუბლიკელთა უპირატესობა უკრაინის მიმართ აშშ-ის სამხედრო და ფინანსური დახმარების შემცირებას გამოიწვევს.

იერუსალიმში, ისრაელის ქნესეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კევინ მაკარტიმ რადიკალურად უარყო რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვაში გამოხატული თვალსაზრისი.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ უკრაინისათვის იარაღის ამჟამინდელ ულიმიტო და უკონტროლო მიწოდებას. შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი, თუ რამდენად არის შესაძლებელი აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე?’, – ასეთი იყო რუსი რეპორტიორის კითხვა, რაზედაც კევინ მაკარტიმ ამგვარი პასუხის გასცა:

„მე რაღაც კარგად ვერ გავიგე თქვენი კითხვა ხმაურის გამო. თქვენ თქვით, რომ მე უკრაინისადმი დამარების გაწევას მხარს არ ვუჭერ? არა, მე ხმა მივეცი უკრაინისათვის დახმარებას და მხარს ვუჭერ. მაგრამ მე არ მომწონს და მხარს არ ვუჭერ იმას, რაც თქვენმა ქვეყანამ უკრაინას გაუკეთა. მე მხარს არ ვუჭერ ბავშვების მკვლელობას. ჩემი აზრით, თქვენ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ის, რასაც თქვენ უკრაინაში აკეთებთ, სწორია. ჩვენ უკრაინას ყოველთვის მხარს დავუჭერთ მხარს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს იმას, რაც იქ ხდება“.

როგორც ვხედავთ, მისტერ კევინ მაკარტი, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ უკრაინას თანხის ჩასაწერად „სუფთა საბანკო ჩეკებს ვეღარ მივცემთო“, ახლა პირიქით, მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს და უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას ემხრობა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ეს განცხადება მკვეთრად კონტრასტულია მის ამასწინანდელ გამონათქვამებთან შედარებით, როცა უკიდურესად მემარჯვენე რესპუბლიკელები უკრაინისადმი გაწეული დახმარების აუდიტს და მის შემცირებას ითხოვდნენ. ამიტომ იერუსალიმში გაკეთებულმა განცხადებამ რესპუბლიკელი „ქორების“ მხრიდან მოწონების დიდი ტალღა გამოიწვია – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ჩათვლით, რომელმაც მადლობა უთხრა პალატის სპიკერს იმისათვის, რომ მან მკაცრად და დამაჯერებლად გააკრიტიკა რუსეთი საერთაშორისო არენაზე და კრემლს უკრაინიდან ჯარის გაყვანისაკენ მოუწოდა.

ამავე დროს, კევინ მაკარტი საკუთარმა განცხადებამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს იმ პატარა, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი ფრაქციის წევრების მიმართ, რომელიც საჯაროდ გამოდის უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტისათვის. სხვათა შორის, ამ ჯგუფში შედიან ის ულტრაკონსერვატიული რესპუბლიკელებიც, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ კევინ მაკარტის პალატის სპიკერის თანამდებობა დაეკავებინა – მათ შორის, რესპუბლიკელთა მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი მარჯორი ტეილორ გრინი ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მტკიცედ გამოდის უკრაინისათვის დახმარების წინააღმდეგ, მაგრამ ითვლება მისტერ კევინ მაკარტის მოკავშირედ.

ქალბატონი მარჯორი ტეილორ გრინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მუდმივად გამოდის კიევისათვის სამხედრო და ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერის შემცირებისათვის და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ატყუებს“. „ჩვენ მიერ გაწეული დახმარება ნიშნავს იმას, რომ ომის აქტიური მონაწილე ვხდებით. უკრაინა აშშ-ის 51-ე შტატი არ არის“, – აცხადებს კონგრესმენი.

მარჯორი ტეილორ გრინისა და სხვა კონსერვატორი რესპუბლიკელების ზეწოლის შედეგად კევინ მაკარტი ბოლო დროს საკმაოდ „ძუნწობდა“ უკრაინის თაობაზე კომენტარების გაკეთებაში. გასულ თვეში მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აზრთა ურთიერთგაზიარება „კარგი და შინაარსიანი იყო“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა რეპუბლიკელებმა ამას წინათ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმა დაკარგეს საკუთარი პოზიციის ამომრჩევლებამდე მიტანის საკითხში, როცა ტელეარხმა „ფოქს ნიუსმა“ კომენტატორი თაკერ კარლსონი სამსახურიდან გაათავისუფლა – იგი სწორედ მარჯორი ტეილორ გრინის პოზიციას იზიარებდა და საშუალებას აძლევდა მას და სხვებს ტელეეთერით მილიონობით თანაპარტიელს და მხარდამჭერს გასაუბრებოდნენ. ამით კევინ მაკარტის მიმართ გარკვეული ზეწოლა ხებოდა.

წყარო

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები