“ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი”- თამარ ბაჩალიაშვილის მამა

2335
spot_img

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით,მისი შვილი “ქოლ – ცენტრის”საქმეს შეეწირა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე “ქოლ – ცენტრს” ეხებოდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

„შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა. დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.

„ქოლ – ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო,“ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.
მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.