„ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამერიკის ხმა

166
spot_img

აშშ-ის რადიომ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) პირველ მაისს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“, რომელშიც განხილულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერების 11-წლიანი საქმიანობის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაარსების მე-11 წლისთავს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გართულებული და დაძაბული ურთიერთობით შეხვდა. პარალელურად, ბუნდოვანია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური პერსპექტივაც.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების და საგარეო კურსის შეცვლის მცდელობის გამო, „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ტრადიციული ოპონენტები დაუპირისპირდნენ. ყოფილი მოკავშირეები, რომლებიც ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის დროს აქტიურად უჭერდნენ მხარს და შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავათ, “ოცნებას” მწვავედ აკრიტიკებენ.

ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტიად „ქართული ოცნება“ 2012 წლის აპრილში დააფუძნა, მანამდე მან ოპოზიციური კოალიცია შექმნა ოთხ პოლიტიკურ ჯგუფთან, მათ შორის, რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელსაც მაშინ თინა ხიდაშელი წარმოადგენდა.

„აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“ – ასე აფასებს „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებს, თინა ხიდაშელი, რომელსაც 2015-16 წლებში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ანგარიშვალდებულებისა და ურთიერთკონტროლის ინსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური გარემო ვერ ჩამოყალიბდა, ცნობილი თეზა, რომ ხელისუფლება რყვნის და მერე უფრო რყვნის, ჯერ კიდევ სახეზეა. ასეთი უკონტროლო ხელისუფლება უკვე რიგითი მოქალაქეების პრობლემა ხდება“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ, „როგორც ჩანს, ამერიკელების მიმართ მიუღებლობა, ამერიკული სახელმწიფოს იდეალების, ღირებულებების, იმ პრინციპების მიუღებლობა, რაზეც დგას ეს ქვეყანა, იყო ერთ-ერთი წყალგამყოფი მისთვის, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად.

უკვე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ “სოზარ სუბარის წერილებში” ჩანს ყველა მიზეზი, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, სად დაინახა მთავარი პრობლემა (ივანიშვილმა) და წინააღმდეგობის ფრონტმა მისთვის სად გაიარა… როგორც ჩანს, რაღაც მომენტში, მას (ივანიშვილს) გაუჩნდა განცდა, რომ ის ამერიკელებმა არ მიიღეს“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
„ოცნების“ მწვავე კრიტიკოსებს შორის არის, იურისტი სანდრო ბარამიძეც, რომელსაც 2012-18 წლებში, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა.

„ამას ვერ ვიფიქრებდი, სხვანაირად იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე არ დავრჩებოდი. 2018 წლის მაისამდე, როცა პრემიერის პოსტს კვირიკაშვილი იკავებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსში ესოდენ რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის თქმით, ყველაფერი შეიცვალა 2018 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ ლიდერის პოსტი კვლავ დაიკავა. „იქიდან მოყოლებული, ყველაფერი უკან უკან წავიდა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით“ – ამბობს ბარამიძე.

„ყველაზე მთავარი თეორია, მაინც არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ხასიათის. როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა გახდა ღიად და დაუფარავად მტრული დასავლეთის მიმართ, შესაბამისად, მისი მოთხოვნებიც „ოცნების“ და პირადად, ივანიშვილის მიმართ, უფრო ღია და რადიკალური გახდა, მე ასეთი თეორიის საფუძვლიანობას ვხედავ.
მეორე – შეიძლება, პოლიტიკური და პირადი ხასიათის გარკვეული მიზნების განხორციელებასაც ჰქონდეს ადგილი. ბოლოს და ბოლოს ეს არის ოლიგარქი, რომელსაც ხელისუფლების სადავეები მთლიანად უპყრია. ის არის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირი და როდესაც, ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეები შეექმნა, ისიც გადავიდა რადიკალურ და ღია ბრძოლაზე, ამ საფრთხეების წინააღმდეგ“ – მიაჩნია სანდრო ბარამიძეს.

მარტში, აშშ-ს საელჩომ „ქართული დემოკრატიის შავი დღე“ უწოდა, „ოცნების“ დაუფარავ მცდელობას სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია მოეხდინა;

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტშივე განაცხადა, რომ „ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უაღრესად კრიტიკული ანგარიში; ხოლო, აპრილში – სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სასამართლოს ე.წ. „კლანის“ ლიდერებს სანქციები დაუწესა. ასეთ კრიტიკულ ფონზე, მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ურყევად მიდის.

„თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია – ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლის შემდეგ“ – ასეთი ტექსტით გამოეხმაურა “ოცნების“ დაფუძნების მე-11 წლისთავს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „ეს ყველაფერი აისახა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაზე. ორი წლის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს 8 ათასს დოლარს მიაღწევს, ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თანდათან ეკონომიკის განვითარების ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდებით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. საქართველო არის დღეს სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება, სხვადასხვა მიმართულებით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან.

სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“ – პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებაა.

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ვინაიდან იმ დროს, ივანიშვილს უკვე ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, პარტიის დროებით თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.

ახალი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში 11 წევრი იქნა არჩეული: სოზარ სუბარი, ირაკლი სესიაშვილი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, თამაზ ავალიანი, გუგული მაღრაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ივანე კიღურაძე, გელა ხვედელიძე, თედო ჯაფარიძე და გურამ ოდიშარია.

მანამდე ივანიშვილმა “ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში ასევე შეიყვანა: გოგლა ჟვანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, კახი კალაძე, გია ვოლსკი, მაია ფანჯიკიძე, ლერი ხაბელოვი, ნინელი ჭანკვეტაძე და აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ დავითაშვილი, რომელიც მაშინ ატლანტაში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის აკადემიაში მოღვაწეობდა.
11 წლის უკან, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოსვლისას, ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლა იყო; “საქართველომ უნდა გააგრძელოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია“ და “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაც მნიშვნელოვანია” – ეს იყო ივანიშვილის მთავარი მესიჯები.

2012 წლის ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 10 წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლებაშია.

წყარო