“ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება”- შალვა კერესელიძე “ქოლ-ცენტრების” საქმეზე

137
spot_img

“საერთაშორისო გამოძიება ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“ დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირება, არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გზავნილი, რომელიც მხოლოდ დასაწყისია.

„ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია მიიღო, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 10 წლის შემდგომ თავად დაიწყებდა იმ მეთოდების გამოყენებას, რასაც თავად ებრძოდა. თავად დაიწყებდა განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნას, უფრო მეტად დაინტერესდებოდა უკანონო მოსმენებითა და მიყურადებით, კოჰაბიტაციის შედეგად, შეისისხლხორცებდა მუტაციაგანცდილ ადამიანებს, სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციებს საკუთარი პარტიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებად აქცევდა, გაჭირვების და სიდუხჭირის გამო აიძულებდა ასი ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ წასულიყო სამუშაოდ, ჩვენს პარტნიორ მეგობრებს მოღალატეებად და მტრებად შერაცხავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას კურსის ცვლილებაზე.

საერთაშორისო გამოძიება ე.წ. თაღლითური „ქოლცენტრების“ დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ამ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები ელოდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი, „პარტია საქართველოსთვის“ შემოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეს, გამოავლენს ამ დანაშაულების ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს, სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობის მიზეზებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც საპარლამენტო მმართველობის დროს პარლამენტი თავის ფუნქციას კარგავს, კანონის აღსრულება მხოლოდ ქაღალდზე რჩება და ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო რეალური გადაწყვეტილებები „ღამის ზარებით“ და კანონის გვერდის ავლით მიიღება.

„როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დღის წესრიგში აყენებს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მმართველი პარტიის სპეციალურ, სტრუქტურულ ქვედანაყოფებად აქციოს. სწორედ, ამას ჰქვია ხელისუფლების პოლიტიკური აგონია. არადემოკრატიული და მანკიერი მხარეების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სისტემის შეცვლით და ამ ფასის გადახდა ხელისუფლებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწევს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.