“ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია” – ლევან ალაფიშვილი

739
spot_img

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

„პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და თავად გახდეს სანქცირების ობიექტი,“ – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, იმ მოვლენების ფონზე, რაც კომისიასთან დაკავშირებით განვითარდა, შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს „კლანის“ ნაწილად.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებას ეშინია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს.

„მიზეზი, რის გამოც თქვენ ხელს უშლით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას და 50 დეპუტატის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, არის ის, რომ გეშინიათ. გეშინიათ ორი ძირითადი რამის. პირველი იმის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამჟღავნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე, გეშინიათ ასევე იმის, რომ მაღალი ალბათობით გავლენის ჯგუფს სასამართლო სისტემაში შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციის განცხადებებს კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე საკითხი ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცებამდე დაეყენებინა.

„სპეციალურად 3-წამიანი პაუზა გავაკეთე, სანამ დავამტკიცებდით პლენარული სხდომის დღის წესრიგს და გადმოგხედეთ, აპირებდა თუ არა ვინმე რაიმეს თქმას საკითხის დამატებაზე. არავისგან მქონდა ნიშანი, რომ ვინმეს რაიმეს თქმა სურდა,“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არის თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, როცა არ ცდილობს საგამოძიებო კომისიის შექმნას ან, როცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს?

აღნიშნულ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

„არის უფლებების რანგის საკითხები, რომლებიც კონსტიტუციამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე აქტმა სხვადასხვა სუბიექტებს მიანიჭა, გარანტიები შექმნა. მაგალითად, ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება – რომლებიც კონსტიტუციითაა გარანტირებული და მათი განხორციელება ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა თუ ვინმე დააპირებს კონსტიტუციის გარანტირებული უფლების ჩემთვის და თქვენთვის ხელისუფლებიდან შეზღუდვას, იგი ამაზე პასუხს სხვადასხვა გზით აგებს, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში ან სისხლის სამართლებრივი წესითაც კი. ანალოგიური კატეგორიის გახლავთ, სწორედ, უმცირესობა, პარლამენტის მინიმუმ 50 წევრი, რომლებიც კონკრეტული საკითხის შესწავლით არიან დაინტერესებული. მათ ამის განხორციელება უნდა შეძლონ. ეს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა და ამ პროცესში ხელის შეშლა კონსტიტუციის დარღვევაა.

კიდევ ვიმეორებ, არც პარლამენტის უმრავლესობაზე და არც ვინმეს ნებაზე არ არის დამოკიდებული ამ უფლების განხორციელება. კონსტიტუციაში არ წერია ასეთი რამ, რომ 50 დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის საგამოძიებო კომისიას თუ კანონითაა გათვალისწინებული, ან როგორც პარლამენტი გადაწყვეტსო – არა, წერტილია დასმული. იქ წერია – თუკი აქვთ ინტერესი უნდა შეიქმნასო – ეს გარანტიაა. ასე რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან ნებისმიერი პროცედურული ქმედებები, რომელიც ამ უფლების განხორციელებას შეზღუდავს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა,“– განმარტავს კონსტიტუციონალისტი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა მმართველი ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ამას არ დაუშვებს.

„მმართველი გუნდი ამბობს, რომ კონსტიტუციას კვლავაც დაარღვევს სხვადასხვა გზითა და საშუალებით. ამით კი ნებით თუ უნებლიედ თვითონ დემოკრატიის, კონსტიტუციის მიღმა რჩება. ამას კონსტიტუციური გადატრიალება, ავტორიტარიზმისკენ სვლა ჰქვია.

სამწუხაროა, რომ ამ პროცესს თვალყურს ადევნებს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი, სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი , რომლის ერთი განცხადებაც კი არ მოგვისმენია. შევახსენებ, რომ მას ამ საკითხში ჩარევა შეუძლია, განცხადებით იქნება ეს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით. შესაბამისად, კომპეტენციური დავის ფარგლებში შეუძლია „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომელიც ცოტახნის წინ თვითონ უჩიოდა კომპეტენციურ დავაზე, ახლა იქით აგებინოს პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოში. არა იმიტომ, რომ მას პერსონალურად შეეხება ეს საკითხი, არამედ იმისთვის, რომ კონსტიტუციასა და დემოკრატიას ასეთი ქმედებით საფრთხე ექმნება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამაზე ჯერჯერობით დუმს,“– აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე – კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ხელისუფლებას საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება, – ლევან ალაფიშვილი გვპასუხობს, რომ „განუსაზღვრელი ვადით შეუძლია ასე მოიქცნენ და დაჩქარებული ტემპით დავუახლოვდეთ ავტორიტარულ რეჟიმს, ჩრდილოეთიდან დაწყებული რომელ ქვეყანას შევადარო არ ვიცი. სამწუხაროა, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაცხადებული გეზი დემოკრატიაა და დღევანდელობაში ასეთი სამარცხვინო, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საპარლამენტო უმრავლესობა გვყავს,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში ლევან ალაფიშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /