Home Blog Page 1966

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ეღირება, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3287 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ღირდა, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3393 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივნისს ამოქმედდება.

მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის

მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს.

პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები ემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ. ასევე, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა სავალდებულო არ არის.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება – ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ავტოსადგურებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის.

უწყების ინფორმაციით, უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

“მიუხედავად ამისა, ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და გადამზიდველებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას სპობს.

დღეს არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის – სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთივე უწესრიგობას სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას ვაწყდებით.

სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე – მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

“ყირიმში “ქიმიური ქარხნის დანაღმვით 3 ქვეყანას საფრთხე ემუქრება” – უკრაინული მხარე

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი რუსული ძალების მიერ ქიმიური ქარხნის, „ყირიმის ტიტანის“ დანაღმვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ოკუპანტების მხრიდან მორიგი ტექნოგენური შანტაჟის საშუალებად იქცეს.

როგორც ნატალია გუმენიუკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ყირიმის ტიტანის“ ტერიტორიაზე აფეთქებას შეიძლება ბევრად უფრო დიდი კატასტროფა მოჰყვეს, ვიდრე ეს კახოვკას ჰესის ჩამონგრევის შემთხვევაში მოხდა.

„თუ შევადარებთ შანტაჟს და კახოვკას ჰესთან დაკავშირებული ტექნოგენური კატასტროფის სისრულეში მოყვანას, მაშინ, ეს უფრო ლოკალური სიტუაცია იყო, ხოლო რაც შეეხება საწარმო „ტიტანს“, ამას უკვე სახელმწიფოთაშორისი ხასიათი ექნება“, – აცხადებს ნატალია გუმენიუკი.

როგორც ის სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, კატასტროფის შემთხვევაში, ზარალი შეიძლება სხვა ქვეყნებსაც შეეხოს, კონკრეტულად კი თურქეთს, რუმინეთს და მოლდოვას. როგორც ნატალია გუმენიუკი ამბობს, მსგავსი საფრთხე ამ ქვეყნების ხელისუფლების შეშფოთების საგანს უნდა წარმოადგენდეს.

რიკოთთან, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთზე ხიდიდან მდინარეში გადავარდნილი მუშის ცხედარი იპოვეს.

შუა ხნის კაცს 20 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

არსებული ცნობით, მუშა მდინარეში ავტობანის უბისის მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.

სამძებრო სამუშაოების შედეგად კაცის ცხედარი, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

“ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დაუჭირონ მხარი.

„სტატისტიკა ვნახეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში – 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას, რა თქმა უნდა გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუკლეტებში ბავშვებს LGBT პროპაგანდა შეაპარეს.

„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია, ხელოვანი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია? ხვალაც მოვუწოდებ, რომ თუ სადმე იქნება კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? საუბარია, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერი იყო, რომელიც LGBT პროპაგანდას შეიცავდა. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე “, – აღნიშნა კობახიძემ.

“ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო”- Euractiv

European Union flags flap in the wind as they hang at half-staff, to pay respect to victims of the recent floods in Europe, outside EU headquarters in Brussels, Tuesday, July 20, 2021. Belgium is holding a day of mourning on Tuesday to show respect to the victims of the devastating flooding last week, when massive rains turned streets in eastern Europe into deadly torrents of water, mud and flotsam. (AP Photo/Virginia Mayo)

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, – გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული და ასევე სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული.

„თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ “უხეში რიტორიკის დასრულებით” და ასევე პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის შექმნას და კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით”, – წერს გამოცემა.

euractiv-ის ინფორმაციით, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ განუცდია მედიის პლურალიზმის კუთხით და რომ არსებობს განსაკუთრებული საჭიროება ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის ზრდა.

მოსალოდნელია ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
ავტოფარეხების ტერიტორია დაბინძურებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე ამ დრომდე არ ჰქონია.
სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სივრცე გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში თანამედროვე ინვენტარიც განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა.

“ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ბაიდენის კომენტარი სრულიად გაუგებარი იყო” – დიმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის განცხადება, სადაც ის ჩინეთის პრეზიდენტს დიქტატორს უწოდებს, აშშ-ის არასტაბილურობაზე მიუთითებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება აჩვენებს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არათანმიმდევრული და არასტაბილურია.

პესკოვის თქმით, არსებობს წინააღმდეგობა ბაიდენის კომენტარსა და მისივე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მცდელობებს შორის, ჩინეთთან დაძაბულობის შემცირების კუთხით.

„ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძალიან ურთიერთგამომრიცხავი გამოვლინებები, რომლებიც არაპროგნოზირებადობაზე მიუთითებს. ენტონი ბლინკენის ვიზიტის შემდეგ ბაიდენის კომენტარი სრულიად გაუგებარი იყო, თუმცა ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ცუდი ურთიერთობა აშშ-თან და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩინეთთან.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. ჩინეთმა ამ განცხადებას „უკიდურესად აბსურდული“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

“მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემა. ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით. მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დააკავა პირი, რომლებიც უწყების ცნობით, ღამის კლუბში ტურისტებს შეკვეთილ პროდუქციაში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ, ასევე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან: ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, უწყების ცნობით, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

“ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს”- თინა ბოკუჩავა

“მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომ შესრულებული არაა, ამას ამბობს უკვე ევროკომისია და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი” – ასე გამოეხმაურა  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად მხოლოდ 3- ს მიიჩნევს.

მისივე თქმით, – ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს.

ბოკუჩავას განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, შესრულებული არ არის.

“დღევანდელ განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, არ არის შესრულებული. ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ომბუდსმენს, ქალთა მიმართ ძალადობას და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ის ძირეული რეფორმები, რაც უნდა განხორციელებულიყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულდეს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღემდე შესრულებული არ არის. ამას ამბობს დღეს უკვე თავად ევროკომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა.

„ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეებს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ მოატყუებენ. ყველა გადასარევად ხედავს, რა ხდება რეალურად. დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა მიზანმიმართულად წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია და მას არანაირი მოჭიდება არ აქვს არც ქვეყნის ფარგლებს შიგნით და არც მის გარეთ.

ბუნებრივია, ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რეფორმები განხორციელებულიყო, იქნებოდა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი თუ მართლმსაჯულების რეფორმა, მათ შორის, მაგალითად, ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. ამის პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, არ შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ოპოზიცია ნამდვილად ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა დასკვნები უკვე გააკეთა“ – უცხოური პრესა

გერმანული ჟურნალი „ფოკუსი“ (Focus) სათაურით „არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა თავისი შეცდომებისაგან გაკვეთილი მიიღო და დასკვნები გააკეთა“ (ავტორი – მარკუს რაისნერი, ავსტრიის ფედერალური არმიის პოლკოვნიკი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ომში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა და სამხედრო მოქმედების ორიენტირები შეცვალა. ასეთმა გარემოებებმა კიევს დიდი პრობლემები შეუქმნა: კონტრშეტევა, რომელსაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო ელოდებოდა, სამწუხაროდ, მძიმედ და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ორკვირიანი ბრძოლით უკრაინის არმიამ საკმაოდ მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს. ისტორიული გარღვევა, რომელსაც დასავლეთი ელოდებოდა, ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

იმ დროს, როცა კიევი „ოპერატიულ პაუზას“ იღებს შეტევის რესტრუქტურიზებისათვის, რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ანალიზი გვიჩვენებს, თუ როგორი რეაგირება მოახდინა მოსკოვმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წინა წელს მიღებულ გაკვეთილებზე და რა დასკვნები გამოიტანა.

თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში ომის წარმოების რამდენიმე განსხვავებული არეალი არსებობს: სახმელეთო სივრცე, საჰაერო სივრცე, კოსმოსური სივრცე, საინფორმაციო და კიბერსივრცე. რუსეთის არმიამ ამ არეალებში ომის დაწყებიდან, პირველ თვეებში, სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ თანდათან გამოასწორა და ახლა უკვე კარგად არის ადაპტირებული, სამხედრო მოქმედებებს სინქრონულად წარმართავს: „ისინი სატანკო კოლონებს შეტევაზე ბრმად და ყრუდ კი აღარ გზავნიან, არამედ ტანკებს თან ახლავთ მხარდაჭერა ჰაერიდან – რუსული ვერტმფრენები შორი მანძილიდან რაკეტებს უშვებენ“. გარდა ამისა, რუსები უკვე წარმატებით სარგებლობენ რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღით (ელექტრომაგნიტური გამოსხივების აპარატურით) და ხელს უშლიან უკრაინელებს როგორც ერთმანეთთან მობილურ კავშირში, ისე დრონების გამოყენებაში. კიევისათვის არასასიამოვნო სიურპრიზი გახდა ის, რომ რუსებმა ფრონტის ელექტრომაგნიტურ ველზე უპირატესობა მოიპოვეს.

რაც შეეხება ავიაციას: უკრაინას, ფაქტობრივად, ავიაცია აღარ აქვს – არც ვერტმფრენები და არც ავიაგამანადგურებლები, მოიერიშე-ბომბდამშენების ჩათვლით. ასევე გასაუმჯობესებელია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაც, აუცილებელია მეტი ახალი ტექნიკის დანერგვა. რუსული ვერტმფრენები რაკეტებს ფრონტის ხაზიდან მოშორებით, 8-10 კილომეტრიდან უშვებენ, უკრაინას კი მათ საწინააღმდეგოდ არაფერი აქვს.

კონტრშეტევას ყოველთვის ჭირდება ავიაციის თანხლება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ავიაციის თანხლების გარეშე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა – 1944 წლის ივნისში ოპერაცია „ნეპტუნის“ განხორციელება (მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმა ნორმანდიაში). ავიაციამ წინასწარ დაანგრია გერმანელების გამაგრებული პოზიციები და ამიტომ ბრიტანელებს და ამერიკელებს ბრძოლა შედარებით იოლ სიტუაციაში მოუწიათ. დღეს უკრაინელები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი ელოდებიან დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო გვიანდება.

რასაკვირველია, უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ, მაგალითად, დანაღმული ველების გადალახვის საქმეში. ადრე ისინი განაღმვისათვის სპეციალურ ტექნიკას იყენებდნენ, მაგრამ რუსები მათ იოლად აფეთქებდნენ, ახლა კი კიევმა ტაქტიკა შეცვალა და დანაღმულ ველებს წერტილობრივად ჭურვებს სვრიან, „გასავლელი დერეფნის“ გაკეთების მიზნით. იმედია, რომ უკრაინის არმია კრიტიკულად შეაფასებს საკუთარ მოქმედებას, ღრმა დასკვნებს გააკეთებს და რეორგანიზაციას განახორციელებს.

წყარო