“ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს”- თინა ბოკუჩავა

77
spot_img

“მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომ შესრულებული არაა, ამას ამბობს უკვე ევროკომისია და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი” – ასე გამოეხმაურა  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად მხოლოდ 3- ს მიიჩნევს.

მისივე თქმით, – ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს.

ბოკუჩავას განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, შესრულებული არ არის.

“დღევანდელ განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, არ არის შესრულებული. ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ომბუდსმენს, ქალთა მიმართ ძალადობას და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ის ძირეული რეფორმები, რაც უნდა განხორციელებულიყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულდეს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღემდე შესრულებული არ არის. ამას ამბობს დღეს უკვე თავად ევროკომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა.

„ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეებს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ მოატყუებენ. ყველა გადასარევად ხედავს, რა ხდება რეალურად. დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა მიზანმიმართულად წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია და მას არანაირი მოჭიდება არ აქვს არც ქვეყნის ფარგლებს შიგნით და არც მის გარეთ.

ბუნებრივია, ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რეფორმები განხორციელებულიყო, იქნებოდა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი თუ მართლმსაჯულების რეფორმა, მათ შორის, მაგალითად, ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. ამის პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, არ შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ოპოზიცია ნამდვილად ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.