“მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია”

546
spot_img

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემა. ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით. მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დააკავა პირი, რომლებიც უწყების ცნობით, ღამის კლუბში ტურისტებს შეკვეთილ პროდუქციაში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ, ასევე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან: ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, უწყების ცნობით, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.