„არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა დასკვნები უკვე გააკეთა“ – უცხოური პრესა

229
spot_img

გერმანული ჟურნალი „ფოკუსი“ (Focus) სათაურით „არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა თავისი შეცდომებისაგან გაკვეთილი მიიღო და დასკვნები გააკეთა“ (ავტორი – მარკუს რაისნერი, ავსტრიის ფედერალური არმიის პოლკოვნიკი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ომში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა და სამხედრო მოქმედების ორიენტირები შეცვალა. ასეთმა გარემოებებმა კიევს დიდი პრობლემები შეუქმნა: კონტრშეტევა, რომელსაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო ელოდებოდა, სამწუხაროდ, მძიმედ და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ორკვირიანი ბრძოლით უკრაინის არმიამ საკმაოდ მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს. ისტორიული გარღვევა, რომელსაც დასავლეთი ელოდებოდა, ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

იმ დროს, როცა კიევი „ოპერატიულ პაუზას“ იღებს შეტევის რესტრუქტურიზებისათვის, რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ანალიზი გვიჩვენებს, თუ როგორი რეაგირება მოახდინა მოსკოვმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წინა წელს მიღებულ გაკვეთილებზე და რა დასკვნები გამოიტანა.

თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში ომის წარმოების რამდენიმე განსხვავებული არეალი არსებობს: სახმელეთო სივრცე, საჰაერო სივრცე, კოსმოსური სივრცე, საინფორმაციო და კიბერსივრცე. რუსეთის არმიამ ამ არეალებში ომის დაწყებიდან, პირველ თვეებში, სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ თანდათან გამოასწორა და ახლა უკვე კარგად არის ადაპტირებული, სამხედრო მოქმედებებს სინქრონულად წარმართავს: „ისინი სატანკო კოლონებს შეტევაზე ბრმად და ყრუდ კი აღარ გზავნიან, არამედ ტანკებს თან ახლავთ მხარდაჭერა ჰაერიდან – რუსული ვერტმფრენები შორი მანძილიდან რაკეტებს უშვებენ“. გარდა ამისა, რუსები უკვე წარმატებით სარგებლობენ რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღით (ელექტრომაგნიტური გამოსხივების აპარატურით) და ხელს უშლიან უკრაინელებს როგორც ერთმანეთთან მობილურ კავშირში, ისე დრონების გამოყენებაში. კიევისათვის არასასიამოვნო სიურპრიზი გახდა ის, რომ რუსებმა ფრონტის ელექტრომაგნიტურ ველზე უპირატესობა მოიპოვეს.

რაც შეეხება ავიაციას: უკრაინას, ფაქტობრივად, ავიაცია აღარ აქვს – არც ვერტმფრენები და არც ავიაგამანადგურებლები, მოიერიშე-ბომბდამშენების ჩათვლით. ასევე გასაუმჯობესებელია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაც, აუცილებელია მეტი ახალი ტექნიკის დანერგვა. რუსული ვერტმფრენები რაკეტებს ფრონტის ხაზიდან მოშორებით, 8-10 კილომეტრიდან უშვებენ, უკრაინას კი მათ საწინააღმდეგოდ არაფერი აქვს.

კონტრშეტევას ყოველთვის ჭირდება ავიაციის თანხლება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ავიაციის თანხლების გარეშე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა – 1944 წლის ივნისში ოპერაცია „ნეპტუნის“ განხორციელება (მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმა ნორმანდიაში). ავიაციამ წინასწარ დაანგრია გერმანელების გამაგრებული პოზიციები და ამიტომ ბრიტანელებს და ამერიკელებს ბრძოლა შედარებით იოლ სიტუაციაში მოუწიათ. დღეს უკრაინელები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი ელოდებიან დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო გვიანდება.

რასაკვირველია, უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ, მაგალითად, დანაღმული ველების გადალახვის საქმეში. ადრე ისინი განაღმვისათვის სპეციალურ ტექნიკას იყენებდნენ, მაგრამ რუსები მათ იოლად აფეთქებდნენ, ახლა კი კიევმა ტაქტიკა შეცვალა და დანაღმულ ველებს წერტილობრივად ჭურვებს სვრიან, „გასავლელი დერეფნის“ გაკეთების მიზნით. იმედია, რომ უკრაინის არმია კრიტიკულად შეაფასებს საკუთარ მოქმედებას, ღრმა დასკვნებს გააკეთებს და რეორგანიზაციას განახორციელებს.

წყარო