“ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

116
spot_img

ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დაუჭირონ მხარი.

„სტატისტიკა ვნახეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში – 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას, რა თქმა უნდა გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუკლეტებში ბავშვებს LGBT პროპაგანდა შეაპარეს.

„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია, ხელოვანი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია? ხვალაც მოვუწოდებ, რომ თუ სადმე იქნება კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? საუბარია, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერი იყო, რომელიც LGBT პროპაგანდას შეიცავდა. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე “, – აღნიშნა კობახიძემ.