Home Blog Page 1965

მოსალოდნელია ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
ავტოფარეხების ტერიტორია დაბინძურებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე ამ დრომდე არ ჰქონია.
სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზეა, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სივრცე გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში თანამედროვე ინვენტარიც განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა.

“ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ბაიდენის კომენტარი სრულიად გაუგებარი იყო” – დიმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის განცხადება, სადაც ის ჩინეთის პრეზიდენტს დიქტატორს უწოდებს, აშშ-ის არასტაბილურობაზე მიუთითებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება აჩვენებს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა არათანმიმდევრული და არასტაბილურია.

პესკოვის თქმით, არსებობს წინააღმდეგობა ბაიდენის კომენტარსა და მისივე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მცდელობებს შორის, ჩინეთთან დაძაბულობის შემცირების კუთხით.

„ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძალიან ურთიერთგამომრიცხავი გამოვლინებები, რომლებიც არაპროგნოზირებადობაზე მიუთითებს. ენტონი ბლინკენის ვიზიტის შემდეგ ბაიდენის კომენტარი სრულიად გაუგებარი იყო, თუმცა ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ცუდი ურთიერთობა აშშ-თან და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩინეთთან.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. ჩინეთმა ამ განცხადებას „უკიდურესად აბსურდული“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

“მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემა. ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით. მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დააკავა პირი, რომლებიც უწყების ცნობით, ღამის კლუბში ტურისტებს შეკვეთილ პროდუქციაში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ, ასევე მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან: ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, უწყების ცნობით, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

“ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს”- თინა ბოკუჩავა

“მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომ შესრულებული არაა, ამას ამბობს უკვე ევროკომისია და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი” – ასე გამოეხმაურა  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად მხოლოდ 3- ს მიიჩნევს.

მისივე თქმით, – ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს.

ბოკუჩავას განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, შესრულებული არ არის.

“დღევანდელ განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, არ არის შესრულებული. ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ომბუდსმენს, ქალთა მიმართ ძალადობას და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ის ძირეული რეფორმები, რაც უნდა განხორციელებულიყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულდეს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღემდე შესრულებული არ არის. ამას ამბობს დღეს უკვე თავად ევროკომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა.

„ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეებს და ვერც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვერ მოატყუებენ. ყველა გადასარევად ხედავს, რა ხდება რეალურად. დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა მიზანმიმართულად წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. მუდმივი გადაბრალების პოლიტიკა ყავლგასულია და მას არანაირი მოჭიდება არ აქვს არც ქვეყნის ფარგლებს შიგნით და არც მის გარეთ.

ბუნებრივია, ოპოზიციის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რეფორმები განხორციელებულიყო, იქნებოდა ეს დეოლიგარქიზაციის კანონი თუ მართლმსაჯულების რეფორმა, მათ შორის, მაგალითად, ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. ამის პოლიტიკური ნება როცა არ არსებობს, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, არ შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამას ოპოზიცია ნამდვილად ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა დასკვნები უკვე გააკეთა“ – უცხოური პრესა

გერმანული ჟურნალი „ფოკუსი“ (Focus) სათაურით „არასასიამოვნო სიურპრიზი უკრაინისათვის: რუსეთმა თავისი შეცდომებისაგან გაკვეთილი მიიღო და დასკვნები გააკეთა“ (ავტორი – მარკუს რაისნერი, ავსტრიის ფედერალური არმიის პოლკოვნიკი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ომში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა და სამხედრო მოქმედების ორიენტირები შეცვალა. ასეთმა გარემოებებმა კიევს დიდი პრობლემები შეუქმნა: კონტრშეტევა, რომელსაც მთელი დემოკრატიული მსოფლიო ელოდებოდა, სამწუხაროდ, მძიმედ და ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ორკვირიანი ბრძოლით უკრაინის არმიამ საკმაოდ მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს. ისტორიული გარღვევა, რომელსაც დასავლეთი ელოდებოდა, ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

იმ დროს, როცა კიევი „ოპერატიულ პაუზას“ იღებს შეტევის რესტრუქტურიზებისათვის, რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ანალიზი გვიჩვენებს, თუ როგორი რეაგირება მოახდინა მოსკოვმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წინა წელს მიღებულ გაკვეთილებზე და რა დასკვნები გამოიტანა.

თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში ომის წარმოების რამდენიმე განსხვავებული არეალი არსებობს: სახმელეთო სივრცე, საჰაერო სივრცე, კოსმოსური სივრცე, საინფორმაციო და კიბერსივრცე. რუსეთის არმიამ ამ არეალებში ომის დაწყებიდან, პირველ თვეებში, სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ თანდათან გამოასწორა და ახლა უკვე კარგად არის ადაპტირებული, სამხედრო მოქმედებებს სინქრონულად წარმართავს: „ისინი სატანკო კოლონებს შეტევაზე ბრმად და ყრუდ კი აღარ გზავნიან, არამედ ტანკებს თან ახლავთ მხარდაჭერა ჰაერიდან – რუსული ვერტმფრენები შორი მანძილიდან რაკეტებს უშვებენ“. გარდა ამისა, რუსები უკვე წარმატებით სარგებლობენ რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღით (ელექტრომაგნიტური გამოსხივების აპარატურით) და ხელს უშლიან უკრაინელებს როგორც ერთმანეთთან მობილურ კავშირში, ისე დრონების გამოყენებაში. კიევისათვის არასასიამოვნო სიურპრიზი გახდა ის, რომ რუსებმა ფრონტის ელექტრომაგნიტურ ველზე უპირატესობა მოიპოვეს.

რაც შეეხება ავიაციას: უკრაინას, ფაქტობრივად, ავიაცია აღარ აქვს – არც ვერტმფრენები და არც ავიაგამანადგურებლები, მოიერიშე-ბომბდამშენების ჩათვლით. ასევე გასაუმჯობესებელია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაც, აუცილებელია მეტი ახალი ტექნიკის დანერგვა. რუსული ვერტმფრენები რაკეტებს ფრონტის ხაზიდან მოშორებით, 8-10 კილომეტრიდან უშვებენ, უკრაინას კი მათ საწინააღმდეგოდ არაფერი აქვს.

კონტრშეტევას ყოველთვის ჭირდება ავიაციის თანხლება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ავიაციის თანხლების გარეშე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა – 1944 წლის ივნისში ოპერაცია „ნეპტუნის“ განხორციელება (მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმა ნორმანდიაში). ავიაციამ წინასწარ დაანგრია გერმანელების გამაგრებული პოზიციები და ამიტომ ბრიტანელებს და ამერიკელებს ბრძოლა შედარებით იოლ სიტუაციაში მოუწიათ. დღეს უკრაინელები ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი ელოდებიან დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო გვიანდება.

რასაკვირველია, უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ, მაგალითად, დანაღმული ველების გადალახვის საქმეში. ადრე ისინი განაღმვისათვის სპეციალურ ტექნიკას იყენებდნენ, მაგრამ რუსები მათ იოლად აფეთქებდნენ, ახლა კი კიევმა ტაქტიკა შეცვალა და დანაღმულ ველებს წერტილობრივად ჭურვებს სვრიან, „გასავლელი დერეფნის“ გაკეთების მიზნით. იმედია, რომ უკრაინის არმია კრიტიკულად შეაფასებს საკუთარ მოქმედებას, ღრმა დასკვნებს გააკეთებს და რეორგანიზაციას განახორციელებს.

წყარო

“კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას” – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე

კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება ნიკა გვარამიაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

კობახიძის თქმით, „მთავარი არხის“დირექტორი ნიკა გვარამია სასჯელს დანაშაულისთვის იხდის.

ამ კონტექსტში საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე საუბარს არ აპირებს.

„არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარების გაკეთებას. ეს არის ჩვეულებრივად კეზერაშვილის სიზმრები, რაც მას აწყობს, რაც მას აინტერესებს იმას აწერინებს, სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა. ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის.

რაც შეეხება გვარამიას საქმეს, ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით და შესაბამისად, თავს ვიკავებთ შეფასებებისგან, სამწუხაროდ, აშშ-ს საელჩოსგან განსხვავებით. ჩვენ ვიცავთ სტანდარტს და სტანდარტი არის ის, რომ როდესაც სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილება გამოაქვს, პოლიტიკური კომენტარები ზედმეტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის.

„ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არ არის, არსად არაფერი წერია. ლოგიკურად ვერავითარ კავშირში ვერ იქნება გვარამიას გათავისუფლება და კანდიდატის სტატუსის მიღება. გვარამია სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის, მან კერძო ტელეკომპანიას, თავისუფალ მედიას 7 მლნ ლარი მოჰპარა, რადგან იცოდა, რომ ეს კომპანია გადასაცემი ჰქონდა კანონიერ მფლობელზე. მე მახსოვს თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა ამ თემაზე აშშ-ს განცხადება მაშინაც გავრცელდა და მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ის, რომ აშშ-ს საელჩოს მაშინდელი განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო იყო, ამას კიდევ ერთხელ აკეთებენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ჩვენ, თავის დროზე, რაღაცნაირად თვალი დავხუჭეთ აბსოლუტურად უკანონო ქმედებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ზეწოლას მოსამართლე ჩხიკვაძეზე. ესეც იყო დამოუკიდებლობის ხელყოფა. ალბათ, არ უნდა დაგვეხუჭა ასე თვალი იმიტომ, რომ ამას გაგრძელება მოჰყვა და კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის, მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება. დაუშვებელი და მიუღებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა“, – აცხადებს კობახიძე.

“ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი” – ირაკლი კობახიძე

ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„ჩვენ 12 პუნქტი გვქონდა შესასრულებელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური გეგმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, წარვუდგინეთ. მას შემდეგ დავიწყეთ ამ დეტალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენგან არსებითად იყო შესასრულებელი ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას, ყველა შესაბამისი კანონი იქნება ამ თვის ბოლომდე მიღებული. არის გარკვეული პუნქტები, რომელზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის, პირველ რიგში, დეპოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე. ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობითა და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული. ჩვენს ანგარიშს ქართულ საზოგადოებასა და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ახალი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება,“- განაცხადა კობახიძემ.

“როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში “პუტინისტებმა”, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას”- სააკაშვილი

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარ მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს.

ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი  სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საკუთარ მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას, მხარდამჭერების გამოკითხვის შემდეგ გააცნობს.

„ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული.

გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე საქართველოს გულებიანი დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების” პროტესტი.

გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში “პუტინისტებმა”, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!”, – წერს სააკაშვილი.

“საქართველოში არასდროს ყოფილა მედია ისეთი თავისუფალი” – რატი ბრეგაძე

საქართველოში დღეს რომ მედია არის თავისუფალი, არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი – როდესაც დღეს მედიაპლურალიზმზე მესაუბრებით, ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თქვენ შეიძლება პატარა ხართ და ამის შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ აი, თქვენს კოლეგებს ჰკითხეთ, მაგალითად, „იმედში“ 2007 წელს რა მოხდა, როგორ მოხდა. იქნებ ამ ისტორიით დაინტერესდეთ. როდესაც დღეს მედიაპლურალიზმზე მესაუბრებით, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია,“ – მიმართა ბრეგაძემ ჟურნალისტს.

“ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„უკრაინელები გვეუბნებიან, რომ როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც მედია იუწყება, ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონაწილეებს უკრაინის დაუყოვნებლივი საჭიროებების შესახებ გეგმები გააცნო. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

“დროა” 100% წახვიდეთ სახლში” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს: “Edison Research-მა საქართველოში, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებში კვლევა ჩაატარა. ელჩ დეგნანთან კონსტრუქციული კონსულტაციების შედეგად ამომრჩევლების აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება”37% “ენმ” 25% “გირჩი-შარვალჩახდილები” 5% “ლელო” 4% და ბოლოს “დროა” 100% წახვიდეთ სახლში”.