Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7191 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7195 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2020 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2090 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.

“საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ”- lefigaro

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.

სტატიაში, რომელიც მომზადდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.

სტატიაში სახელწოდებით, „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.

სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნოლოგიით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილდება. რთველის სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

“რუსეთი და აზერბაიჯანი: რომელი უფრო მეტად დაზარალდება ესკალაციის შემთხვევაში?”-Deutsche Welle

გერმანული რადიო „დოჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: “რუსეთი და აზერბაიჯანი: რომელი უფრო მეტად დაზარალდება ესკალაციის შემთხვევაში?”, რომელშიც განხილულია ბაქო-მოსკოვის ურთიერთობების მიმდინარე მომენტი: რამდენად ღრმაა მეზობლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და რა გავლენას მოახდენს რეგიონზე სიტუაციის სავარაუდო გამწვავება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კონფლიქტმა, რომელმაც ახლახან რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის „იფეთქა“ ურალის ქალაქ ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცველების მიერ აზერბაიჯანული დიასპორის წევრების მასობრივად დაჭერის გამო (მათგან ორი დაიღუპა), ჯერ-ჯერობით არ ქრება. ესკალაციის დონე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნახევარი წლის წინ იყო, როცა ბაქო-გროზნოს მარშრუტის მქონე აზერბაიჯანის ავიაკომპანიის „აზალ“-ის (AzAL) სამგზავრო თვითმფრინავი რუსული რაკეტით დაზიანდა და კატასტროფა განიცადა.

„რუსეთი აზერბაიჯანს არ ემუქრება და მხოლოდ დანაშაულს იძიებს, მათ შორის თვით აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილსაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, დიალოგი მიდის – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და აზერბაიჯანის გენპროკურატურის დონეზე…

მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან შემრიგებლური ჟესტები არ ჩანს. რუსეთის მოქალაქეთა ბედი, რომლებიც ბაქოელმა სამართალდამცველებმა საპასუხოდ დაიჭირეს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. აზერბაიჯანული მასმედია ცეცხლზე ნავთს ასხმას და ავრცელებს ვარაუდებს, რომ შეიძლება ხელისუფლებამ რუსულენოვანი სკოლები დახუროს. ასეთი რეაქცია მოულოდნელად გამოიყურება იმ ქვეყნისაგან, რომელიც ფორმალურად რუსეთის უმცროს პარტნიორად ითვლება. რით რისკავს ბაქო და რატომ არის ილჰამ ალიევი მზად სიტუაცია გაამწვავოს?

რუსეთ-აზერბაიჯანის ვაჭრობა: ნავთობი, გაზი და ხილ-ბოსტნეული

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვამ, 2024 წლის მონაცემებით, 4,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასეთი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს, რუსეთს კი საბაჟო სტატისტიკა დახურული აქვს და უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ციფრებს აღარ აქვეყნებს. ბაქოს მონაცემების თანახმად, 2024 წელს აზერბაიჯანის მიერ რუსეთში ექსპორტირებული პროდუქცია, 2023 წელთან შედარებით, 1,5%-ით შემცირდა და 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა იმ დროს, როცა იმპორტი 14,5%-ით გაიზარდა და 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში რუსეთი მესამე ადგილს იკავებს აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორებს – იტალიასა (11,39 მილიარდი დოლ.) და თურქეთს (6,13 მილიარდი დოლ.) შორის. თუმცა ამ ორ ქვეყანასთან გასულ წელს ვაჭრობის დონე დაეცა – საგარეო ვაჭრობის საერთო შემცირების ფონზე.

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ექსპორტის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანში ნავთობი, ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი გაზი შეადგენს – 24% მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით), ძვირფასი ლითონები (29%) და მეტალურგიის ნაწარმი (7%). აზერბაიჯანი რუსეთს აწოდებს ძირითადად ხილს და ბოსტნეულს (მთელი იმპორტის თითქმის ნახევარს), აგრეთვე პლასტმასებს (25%).

ვინ ვისზეა დამოკიდებული – აზერბაიჯანი რუსეთზე თუ პირიქით?

ერთი შეხედვით, აზერბაიჯანი რუსეთზე თითქმის კრიტიკულად არის დამოკიდებული, მაშინ როცა რუსეთი აზერბაიჯანზე – არცთუ ძალიან. რუსეთთან ვაჭრობის წილი აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 10%-ზე ცოტა მეტია, ხოლო აზერბაიჯანის წილმა რუსეთის საგარეო ვაჭრობაში გასულ წელს მხოლოდ 0,6% შეადგინა.

„რუსეთის ბაზრის სწრაფ ჩანაცვლებას აზერბაიჯანი ვერ მოახერხებს: ჯერ ერთი, რომ ევროპა და სპარსეთის ყურის ქვეყნები აზერბაიჯანულ პროდუქციას ხარისხის მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, მეორე – მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ექსპორტი ლოჯისტიკის გაძვირებასთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ალექსანდრე კნობელი, საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის კვლევების ცენტრის დირექტორი, – მესამე მომენტი – აზერბაიჯანის შიდა ბაზარი ვერ შეძლებს გამოიყენოს წარმოებული პროდუქციის მთელი რაოდენობა, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს, შემცირდება ნათესები და გაიზრდება უმუშევრობა სოფლებში“.
„მაგრამ რუსეთისთვისაც, რომელიც უპრეცედენტო სანქციების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ნებისმიერ პარტნიორს, რომელიც მხარს დაუჭერს მასთან ვაჭრობას, „ოქროს ფასი აქვს“ და არაპროპორციულად მაღალ მნიშვნელობას იძენს, – აღნიშნავს რეგიონული ანალიტიკოსი კირილ კრივოშეევი, – რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის გავლით [სამხრეთკავკასიური მილსადენების გამოყენებით] შესამჩნევად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპული გასაღების ბაზარი დაკარგა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ“.

რატომაა მოსკოვი დაინტერესებული ბაქოსთან კარგი ურთიერთობებით

პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსკოვს ბაქოსთან კარგი ურთიერთობა სსჭირდება რუსეთისადმი გამოცხადებული საერთაშორისო სანქციების გამო – იმ სფეროებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ ემბარგოსაგან. მაგალითად, აზერბაიჯანი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთა მეშვეობით რუსეთი იღებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რაც ფრიად აუცილებელია კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა მკვეთრად – თითქმის ორჯერ – გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვა დასავლეთში და ამ პროდუქციას აწვდის თავის მეზობლებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანს. საინტერესო ისაა, რომ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) გამოკვლევის მიხედვით, თურქეთის მეზობლები რეალურად არ ასახავენ აღნიშნული პროდუქციის იმპორტის სტატისტიკას: ორმაგი დანიშნულების საქონელი თითქოს სადღაც ქრება… სინამდვილეში კი იგზავნება რუსეთში.

გარდა ამისა, რუსეთს აზერბაიჯანი ჭირდება ზოგიერთი სატრანზიტო პროექტის მოქმედებისათვის – ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ვაჭრობისათვის, – ამბობს კირილ კრივოშეევი. მოსკოვი და ბაქო, სხვა პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობენ სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განვითარებას – რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით, უკავშირდება ირანის რკინიგზას, ტვირთები უმოკლესი გზით მიდიან იმდოეთის ოკეანისაკენ.

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ რუსეთისათვის მომგებიანია აზერბაიჯანის მილსადენებით სარგებლობა ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის. საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა აზერბაიჯანი თავის გაზს ევროკავშირში მეტი რაოდენობით გზავნის, შიდა მოხმარებისათვის კი რუსულ გაზს ყიდულობს.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამდე იხილებოდა პროექტი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანული ავიაკომპანია „აზალი“ რუსეთის ბაზარზე შევიდოდა და გარკვეულ პოზიტიურ წვლილს შეიტანდა იმ მძიმე სიტუაციის გამოსწორებაში, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა – დასავლური ავიაკომპანიების წასვლის შედეგად სამგზავრო თვითმფრინავების დეფიციტი შეიქმნა.

ბაქო-მოსკოვის კონფლიქტის გაკვეთილები დასავლეთისათვის

როგორც არ უნდა განვითარდეს მიმდინარე კონფლიქტი, აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ: ექსპერტთა აზრით, მათ შორის ისეთი ეკონომიკური ურთიერთკავშირები არსებობს, რომ ორივე იძულებული იქნება თანამშრომლობა გააგრძელონ. თუმცა გარკვეული ხისტი რეაქციები აზერბაიჯანის მხრიდან იმის მაუწყებელია, რომ კრემლისთვის რთული იქნება ბაქოს თავისი პირობები უკარნახოს.

„ბაქოს მზადყოფნა – უკან არ დაიხიოს და წინ აღუდგეს რუსეთის გამოწვევას – ნიშნავს იმას, რომ ძალთა რეგიონული ბალანსი იცვლება: აზერბაიჯანი სულ უფრო ხშირად ცდილობს თავი წარმოადგინოს დამოუკიდებელ მოთამაშედ“, – ამბობს მაქსიმ ტრუდოლიუბოვი, ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტის ექსპერტი, – ბაქოს აღარ სურს დამთმობი უმცროსი პარტნიორის როლის შესრულება. სხვათა შორის, ეს არის საკვანძო პოლიტიკური სიუჟეტი დასავლელი პოლიტიკოსებისათვის, რომელიც აშიშვლებს მოსკოვის მოწყვლად წერტილებს და ახდენს იმის დემონსტრაციას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან რეგიონული ქვეყნები რუსეთის გავლენას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშე ვეტერანთა ჰოსპიტალს ესტუმრა

ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ტუ ციაოს, მის მოადგილეს, ჭი ჭენგმინს და საელჩოს წარმომადგენლებს – ლიუ ძუნს და ჩენ ძიანანს ვეტერანთა ჰოსპიტალში უმასპინძლეს.

სტუმრები გაეცნენ ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს საპროცედურო და სადიაგნოსტიკო ოთახები, ასევე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის საჩუქრად გადაცემული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მობილური კლინიკა.

ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს დეტალურად გააცნო კლინიკის მუშაობის სპეციფიკა და ის სამედიცინო სერვისები, რომლებსაც ჰოსპიტალი ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უსასყიდლოდ სთავაზობს.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრები დაინტერესდნენ, რა ტიპის სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის დამატება არის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჰოსპიტლისთვის და შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.

ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურმა ჰოსპიტალმა ახალ მისამართზე ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კედიას ქუჩაზე მდებარე ფართის გადაცემის შემდეგ. თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე, სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს და ვეტერანებს ყოველდღიურად უსასყიდლოდ ემსახურება. სტაციონარში ყოველდღიურად 80-დან 110 ბენეფიციარამდე იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. მორიგი წყვილი თარიღი 07.07-შია და ამ დღეს, ექსკლუზიურად VELI.store-ზე, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზება დაგხვდებათ.

7 ივლისს, გადაიხადე თიბისი განაწილებით VELI.store-ზე და მინიმუმ 150 ლარიან შენაძენზე, დაიბრუნე 30%, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი. დაბრუნებული თანხა კი, ერთგული ქულების ანგარიშზე, მეორე დღესვე აგესახება.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.

თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

გაანაწილე 07.07-ში, რადგან წყვილ თარიღში სურვილების ასრულება უფრო მარტივია.

(R)

ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას -შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ეუთო-ს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებში მოსახლეობის ნება არის ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეუთო-ს გენერალურ მდივანის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას

„ზოგადად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს ასამბლეა. მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთო-ს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები, რომელთაც წერტილი დაუსვეს ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს; არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას. ყველამ იმავე მომენტში გვერდით გასწია ეუთო/ოდირ-ი და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ, წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ხომ უნდოდათ ეუთო/ოდირ-ი, აგერ ეუთო, აგერ ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრის თუ პარლამენტების განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურ ანგაჟირებაში ერთი განმარტებით ამხილა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირ-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მისი შედეგები ამომრჩეველთა ნებას ასახავდა“.

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ეროვნულ AI ჰაკათონს უმასპინძლებს.

ეროვნული AI ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება.

ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორიგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ.

გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი – შოთა იორამაშვილიც იქნება.

გამარჯვებულები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, GAIA-ს დახმარებით, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ პროექტებს, რადგან ჩვენ მუდამ იქ ვართ, სადაც ტექის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრია. თიბისის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ახალ ტექ ტალანტებს და იზრუნოს მათ განვითარებაზე.

(R)

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს არომათერაპიის სფეროს ლიდერი ბრენდი ფიურესენშელი (Puressentiel) PSP-ს აფთიაქებში.

სახელწოდება “Puressentiel”   ასახავს ბრენდის ბუნებრივ, სუფთა და აუცილებელ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას – ეთერზეთების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის.

პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით,  სასიამოვნო სურნელით და ტექსტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდატებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მგრძნობიარე კანისთვის. ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთში, კერძოდ, დრომის რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოპოვებული მცენარეების გამოყენებით.

კომპანიის სპეციალიზაციაა 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე დამზადებული გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოება. პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.

ბრენდის უნიკალურობას ქმნის პროდუქციის გამოშვების ინოვაციური ფორმები და გამოყენების სიმარტივე: როლერი, ინჰალატორი, გელი, სპრეი, საწუწნი ტაბლეტები და ა.შ.  კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბუნებრივ ეთერზეთებზე შექმნილი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც არა მხოლოდ იცავს მწერების ნაკბენისგან, არამედ ხელს უწყობს  უკვე არსებული გაღიზიანების, ქავილისა და შეშუპების სწრაფ შეჩერებას. უსაფრთხო ფორმულა, რომელიც არ შეიცავს პარაფინებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს, თამამად გამოყენების საშუალებას იძლევა ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც. დამატებით, ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს.

განსაკუთრებით სიცხისა და ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის ფონზე, ხშირად ვაწყდებით ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და სისხლის მიმოქცევის შეფერხების პრობლემებს. მაღალი ტემპერატურა აუარესებს ვენურ ცირკულაციას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდხანს დგას ან ზის.

ცირკულაციის სპრეი ამ შემთხვევაში იდეალურ გადაწყვეტას გთავაზობთ გამაგრილებელი ეფექტით, რაც სწრაფად ამცირებს   დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში და იდეალურია მოგზაურობისას, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.

ამასთან პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს როგორც რესპირატორულ, კუნთებისა და სახსრების, სტრესისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო პროდუქტებს, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ და გამწმენდ-სადეზინფექციო  მრავალეფროვან პროდუქციას.

„სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის კომბინაციაა – “Pur” – სუფთა, რაც ასახავს  კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ და “Essentiel” – აუცილებელი, ეთერზეთები, რაც კომპანიის პროდუქციის საფუძველია.

კომპანიას დაფუძნებულია სამ ძირითად ღირებულებაზე „NATURAL, COMMITMENT, PERFORMANCE“  – „ბუნებრივი წარმოშობის, პასუხისმგებლობით შექმნილი და ეფექტური შედეგისთვის ორიენტირებული პროდუქცია.“  კომპანია დაარსდა 2005 წელს იზაბელ და მარკო პაკიონების მიერ პარიზში. ფურესენშელის დაარსებით მათ შექმნეს პირველი არომათერაპიის ლაბორატორია, ადამიანისა და ბუნების სრული პატივისცემით. კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთების და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობის და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

პროდუქციის ორგანულობა, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დადასტურებულია  კლინიკური კვლევებით და   ბრენდს  აქვს არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატით.

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია გაეცნოს ეთერზეთების ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ძალას მსოფლიოს წამყვანი და ევროპის N1 არომათერაპიის ბრენდისგან“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ექვს შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება.

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.

ამასთან, მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა.

„მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

ეროვნულ მუზეუმთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს „შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს „შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • სიახლეების კატეგორია – ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
  • ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალიახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
  • სახელფასო პროექტში ჩართვა ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი  დაემატება.

(R)

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამბიციები მოთოკეთ, თორემ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ხელსაყრელი დღეა შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, თორემ შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. დიდი დატვირთვის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ნუ გაჯიუტდებით, რადგან ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოგიტანოთ.

კურო

ამ დღეს საოცრად მიმზიდველი ხართ და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას იქცევთ, რაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თუმცა, ურთიერთობებში ერიდეთ მოზღვავებულ ვნებას და უკონტროლო გრძნობებს. თუ მეუღლე ან შეყვარებული გყავთ, ეცადეთ, რომანტიკული განწყობა გამოაცოცხლოთ — ეს თქვენს ურთიერთობას უფრო გააძლიერებს.

ტყუპები

გირჩევთ სასიცოცხლო ენერგია უსარგებლოდ არ დახარჯოთ. ამ კვირას ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, განსაკუთრებული წარმატება მოგზაურობისა და ბიზნესის მიმართულებით გელით. სასურველია, რომ გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და ასეთი შენიშვნების გაკეთებას თავადაც მოერიდოთ. ეს დღე გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ კოლეგების მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოთ.

კირჩხიბი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. უკვე ხვდებით, რომ ბევრ საქმეზე პასუხისმგებლობა არ უნდა აგეღოთ. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც ტკივილს და დისკომფორტს განიჭებთ. წარმატების მისაღწევად გირჩევთ, გავლენიან მეგობრებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ. თუ დიდი ხანია მგზავრობას გეგმავდით, დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია. მოგზაურობის დროს შეიძლება თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემდეგ შეიძლება წარმატებით განახორციელოთ.

ლომი

თქვენი მომავალი გარკვეული კარმული ამოცანების გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება და თავმდაბლობა გამოიჩინოთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს კი პატივისცემით და მზრუნველობით მოექცეთ. ამ დღეს შეიძლება საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელება მოგინდეთ. თამამად იმოქმედეთ — ვარსკვლავები მხარს გიჭერენ.

ქალწული

ამ დღემ შეიძლება თქვენს სიმტკიცეს და გამძლეობას გამოცდა მოუწყოს. გირჩევთ, ცვლილებებისთვის მოემზადოთ და ცვალებად გარემოებებთან შეგუება ისწავლოთ. მზად ხართ, მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომოთ, ამიტომ მცირე დაბრკოლებები ან უსიამოვნებები ვერ შეგაჩერებთ. სასურველია საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო ადგილზე გაატაროთ და დაუვიწყარი ემოციებით აივსოთ.

სასწორი

საკმაოდ დამღლელი დღეა. ურთიერთობების შესანარჩუნებლად თქვენი მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. მოერიდეთ დაპირებების მიცემას, განსაკუთრებით – ემოციურ ფონზე, რადგან შესრულება გაგიჭირდებათ. დროა მნიშვნელოვანი სიახლეებისთვის მოემზადოთ. შესაფერისი დროა ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა კვალიფიკაციის ამაღლება და იურიდიული საკითხების მოგვარება.

მორიელი

ამ დღეს პირველად იმუშავებთ არა შედეგისა და მოგების, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის და თქვენ შრომა ღირსეულად დაფასდება. თუმცა მომდევნო დღეებში ეცადეთ, არ გარისკოთ, თორემ შეიძლება თქვენს ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს. ჯერჯერობით უარი თქვით გართობაზე და სერიოზულ საკითხებზე იმუშავეთ. თუ არ იზარმაცებთ და საქმისთვის მაქსიმუმს გაიღებთ, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ დილას გადაიღალეთ საღამოს შეიძლება დაღლილობამ და სისუსტემ შეგაწუხოთ. მოსალოდნელია თავის ტკივილი და კუჭის პრობლემები. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას მოერიდოთ. უმჯობესია, მოდუნდეთ და საღამო მეგობრებთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ.

თხის რქა

რთული და პრობლემებით სავსე დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის საჭიროა, რომ მოთმინება და შინაგანი სიმტკიცე გამოიჩინოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, უსიამოვნო ენერგიას ატარებენ, ამიტომ უმჯობესია ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. თუ პრობლემები გაჩნდა, არ ინერვიულოთ — ძველი მეგობრების დახმარებით, ყველაფერი მალე მოგვარდება. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შესაძლოა, შეძენილმა ნივთმა იმედები მალე გაგიცრუოთ.

მერწყული

ამ დღეს იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ, მთავარია ხელსაყრელი შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. ყურადღება არ მოადუნოთ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს, რადგან შეცდომებისა და ფინანსური დანაკარგების ალბათობა არსებობს. დროა უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს გიქმნიან და ახლობლებთან ურთიერთობას გიფუჭებენ.

თევზები

ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, მომხიბვლელი შეთავაზებების მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები გაქვთ. ეცადეთ, პროგრესულად და გააზრებულად იმოქმედოთ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში ეს არც ისე ადვილია.