Home Blog Page 1966

“სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა”

მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია და არაფორმალურ მმართველობას ნაჩვევი „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებს, მათი გადასაწყვეტია და საერთოდ არაა საინტერესო, გულწრფელად რომ გითხრათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„თუ პირს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ, თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს. შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა,“ – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

„ეს ადამიანი არის პატიმარი და შესაბამისად, როდესაც შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება [გადაყვანილი]. აქ არაფერი გასაკვირი არ არის,“ – განაცხადა მინისტრმა.

“ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში”

ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება. რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან, არავითარი კავშირი არ არის”, – განაცხადა პრემიერმა.

თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.

„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია – მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატება. მოგეხსენებათ, ეს შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო საცხოვრებლად ვარგისი, არამედ შევინარჩუნოთ, მეტიც, გავზარდოთ მისი ისტორიულ-კულტურული თუ მატერიალური ღირებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის „თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად ბიზნესსექტორის ჩართვაც იგეგმება.

„დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართულობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს, რომელსაც პარალელურად სხვა უბანში ექნება მშენებლობა, კოეფიციენტის გადამეტების საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც სააკაშვილს მფარველობდა და მას ხელს ართმევდა” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მიხეილ სააკაშვილს მფარველობდა, ვინც მას ხელს ართმევდა, თანამდებობაზე ნიშნავდა და ვინც დამნაშავესთან ერთად კონფერენციებზე იდგა – რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის დროული და პროფესიული რეაგირება, რომელმაც სააკაშვილი დროულად დააკავა, არავინ იცის საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი იდგებოდა, – ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველო არეულობისათვის გასწირა ყველამ, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა და ერთადერთი, ვინც ქვეყანა გადაარჩინა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

“მიხეილ სააკაშვილი წლები ქართულ პოლიტიკას არ ეშვებოდა. მათ შორის საზღვარგარეთიდან ის პირდაპირ იყო ჩართული რადიკალიზმის გაღვივებაში. სამწუხაროდ, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, დადიოდა ბრიუსელში სხვადასხვა კორიდორებში. მიუღებელია, როცა ხელს სისხლის სამართლის დამნაშავეს ართმევენ და სხვადასხვა ღონისძიებაზე პატიჟებენ. ამ დაუდევრობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ აზრამდე მივიდა, რომ საქართველოში ჩუმად შემოპარულიყო და სიტუაცია აეყირავებინა.

ყველამ იმ ადამიანმა, ქართველმა თუ უცხოელმა, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდა მაშინ, როცა ის დამნაშავედ იყო ცნობილი, ქართველი ხალხი არეულობისათვის გასწირა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიოლონჩელო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტია, მიშამ ეს იცოდა და 12 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა -სანდრა რულოვსი

ვიოლონჩელო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტია, მიშამ ეს იცოდა და 12 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.

„მშვიდობის ხიდზე გადაღებული კლიპის მომზადებაში მეხმარებოდნენ ერთგული მეგობრები ზურა და ზვიო (ვიდეო), დათო და გიორგი (აუდიო) და ჩემი ვიოლონჩელოს პედაგოგი გიორგი (აკომპანემენტი ცალკე აუდიო ჩანაწერში).

ვიოლონჩელო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტია. მიშამ ეს იცოდა და 12 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა. მართალი გითხრათ, ხემის ყიდვა დაავიწყდა, მაგრამ მერე გამოასწორა 😊 მაშინვე დავიწყე მეცადინეობა (ქალბატონ მერისთან) მაგრამ მარცხენა ხელის ტკივილის გამო მალევე დავანებე თავი…

შარშან ისევ დავიწყე, ცოტა ხნით თორნიკე მასწავლებელთან, ხოლო დღეს ჩემი პედაგოგი გიორგია და არ მეგონა, რომ 10 გაკვეთილის მერე დავუკრავდი საქართველოს ჰიმნს! იმედია ხარვეზები მეპატიება. აწი უკეთ და უკეთ გამომივა!“- წერს სანდრა რულოვსი.

“მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ლგბტ პროპაგანდა” – პრემიერი

დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის პროპაგანდა, რაც „მაკდონალდსის“ ქსელში მიმდინარეობდა, ამორალური და მიუღებელი კამპანიაა.

„განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ 22% ახალგაზრდების აცხადებს თავს „ელგებეტედ“, რაც ვფიქრობ საგანგაშო ტენდენციაა. რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი უფლება როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ მეორე მხრივ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს ეს ჩვენთან არ მოხდება. ჩვენ ამას დავიცავთ. დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამის პროპაგანდა. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში, რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სარესტორნო ქსელ „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ის, რომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ, ასე არ მოხდება და ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ვნახეთ ყველამ, რომ არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა – ეს ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი იყო” -პრემიერი სააკაშვილზე

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, შეგახსენებთ, იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარსდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მგონი მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს.

„სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში და მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა, ამის შემდეგ რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელწმიფოს და ჩვენს საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია და სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი საზოგადოების არცერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ერთი პასუხი მინდა ვთქვა. ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ყოფილი წარმომადგენლები და ლობისტები და ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რომ ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამებთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია”- თაზო დათუნაშვილი

ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ბაზა სტრატეგიული სამხედრო ობიექტია, რომელიც იცავს და ამაგრებს უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ხაზს.

„ღალატი და მტრის საქმის კეთება – ასე შეიძლება შეფასდეს პროექტი, რომელიც პრემიერად წოდებულმა ღარიბაშვილმა, ერთ-ერთ ბოლო მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

ის, რასაც ოკუპანტი სახელმწიფო ათწლეულებია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ხელით ხორციელდება.

ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია და მეტი არაფერი. ეს არის სტრატეგიული სამხედრო ობიექტი, რომელიც იცავს და ამაგრებს უმნიშვნელოვანეს თავდაცვით ხაზს და როგორც აღმოსავლეთ საქართველოსთვის, ასევე თბილისისთვის.

ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის განთავსება, როგორც ეს პრემიერმა წარმოადგინა, დაცლილია ყველანაირი ეკონომიკური შინაარსისგან, ამ პროექტში ბიზნეს სარგებელი ნულოვანია.

უკვე ბევრი წელია რაც, ვაზიანის, როგორც სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტის სამხედრო დანიშნულების მოშლას, რუსეთის ფედერაცია, სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენგან ითხოვდა. მაგალითად საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის მომენტში; ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას. არც ერთ ხელისუფლებას ეს სტრატეგიული ობიექტი არ დაუთმია მტრისთვის, დღეს კი, უკვე რუსების კომფორტული რეჟიმის პირობებში, ამ სამშობლოს ღალატის განხორციელება შესაძლებელი გახდა.

საქმე მარტივად აღსაქმელია: ვაზიანის სამხედრო ბაზა არის, სახმელეთო ძალების, მეოთხე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი. მეოთხე ბრიგადა ჩვენი შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება. მეოთხე ბრიგადამ სახელი საერთაშორისოდ გაითქვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით და უდიდესი გმირობით 2008 წლის ომში. მისი დისლოკაციის ადგილის ცვლილება ან ბრიგადის დაშლას და გადანაწილებას ნიშნავს, ან მის ახალ სივრცეში განთავსებას. ორივე შემთხვევაში ბრძოლისუნარიანობა დაიკლებს და ყველას კარგად ესმის, რომ ეს ბრიგადისთვის სერიოზული პრობლემაა“- განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ამის გარდა, ვაზიანის პოლიგონი ნატო-ს სარდლობისათვის სტრატეგიული სამხედრო საწვრთნელი ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საერთაშორისო წვრთნებისათვის გამოიყენებოდა.

„ამ ბაზის სამხედრო შინაარსისაგან დაცლა, პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ რუსეთის სტრატეგიული სამხედრო მიზნების განხორციელებად საქართველოში. რომელიც არა საოკუპაციო ჯარით, არამედ “ნამესნიკი” ღარიბაშვილის და მისი პირადი პაჟი ჯუანშერის ხელით განხორციელდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადიდან აგვისტოს ომში, რუსებთან ბრძოლებში 41 მებრძოლი დაიღუპა და 16 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათი სისხლი და გმირობა არ დაგვავიწყდება არასდროს. აი, ჯუანშერის და ღარიბაშვილის სახელები კი სამუდამოდ დარჩება, როგორც სხვა მოღალატეების სახელები ჩვენი მდიდარი ისტორიის მანძილზე“, -განაცხადა დათუნაშვილმა.

“გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი” – პრემიერი

ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერ საკითხზე ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში.

„მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. თქვენ კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მე მგონი არაეთკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერ საკითხზე, გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით. ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია

თბილისის მერიის  აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

„მიმდინარე წლის 15 მაისიდან გაეშვა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, დააფიქსირონ კონკრეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც ხდება. მაგალითად, დაზიანებული სივრცის თუ დეტალის აღდგენა. სამწუხაროდ, ბევრია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეების აქტივობა მნიშვნელოვანია. 15 მაისიდან დღემდე, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეების მხრიდან სულ დაფიქსირებულია 3 386 საკითხი. მათგან 1 880 – საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 – გარე განათების დაზიანებას, 282 – მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანებას, 952 – საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საანგარიშო პერიოდში დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, რაც ამავე კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურა – 414; გარე განათების დაზიანება – 41; მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანება – 59; საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება – 107. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 1 652 საკითხზე, რაც კატეგორიების მიხედვით არის  გადანაწილებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნულ აპლიკაციაზე საუბრის დროს განმარტა სტატუსის – „დაყოვნებული“ მნიშვნელობა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ კონკრეტულ  საკითხებს ენიჭება.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ მხოლოდ აპლიკაციაში არსებული კატეგორიების შესაბამისი საკითხები, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.

„სისტემაში, მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დაყოვნებული“, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება. ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის“ სტატუსი აქვს 529 საკითხს, რაც კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული. „ფიქს თბილისში“ განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება 584 გაუქმებული საკითხი, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას და მოქალაქეების მხრიდან აპლიკაციაში მათი შეყვანა არასწორად მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აპლიკაციაში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარკვეული დროის შემდეგ, შევძლებთ კატეგორიების დამატებას. შეიძლება ხარვეზებიც იყოს და ამასაც ვასწორებთ ეტაპობრივად. როდესაც პრობლემას ვაფიქსირებთ, უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიებს, რომელიც აპლიკაციაშია მოცემული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გვეხმარება, რომ ჩვენს ქალაქზე ერთად ვიზრუნოთ.  ეს აპლიკაცია არის სწრაფი შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“დარწმუნებული ვარ, შუალედური ანგარიში სათანადოდ ასახავს, რამდენად წინ არის საქართველო რეკომენდაციების შესრულების მხრივ” -შალვა პაპუაშვილი

ფაქტია, რომ პარლამენტმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. დაახლოებით ასი კანონი მივიღეთ, კარგია, რომ შუალედური შეფასებები იქნება. ვნახოთ რა დეტალებს გაგვიზიარებენ, რომ ოქტომბრისთვის შესაბამისად მოვემზადოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ყველა შეხვედრაზე თუ ვიზიტების დროს, საქართველოს აქვს მხარდაჭერა, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ხშირად გვესმის, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა. იმედია, ეს ხარვეზი იქნება აღმოფხვრილი. საქართველო, როგორც შარშან, ასევე ახლაც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მოველით, რომ ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ვნახოთ, რა იქნება შუალედური დასკვნა. ოქტომბერში იქნება საბოლოო შეფასება. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს. საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას. დარწმუნებული ვარ, ევროკომისიის შუალედური ანგარიში ამას სათანადოდ ასახავს, რამდენად წინ არის საქართველო რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომელიმე სისხლის სამართლის საქმის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირება, სწორი არ არის.

„სისხლის სამართლის საქმის ევროკავშირთან დაკავშირება არ მგონია, სწორი იყოს. თუ ვინმე უკავშირებს, არ მგონია, სწორი იყოს. ეს აკნინებს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელობას, ისე ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის მნიშვნელობას. ვნახოთ რა იქნება შეფასებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს – არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს”- კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის არსებული სანქციები შეახსენა.

მისი თქმით, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და იგი 50 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია.

„დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.