“კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას” – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე

262
spot_img

კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება ნიკა გვარამიაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

კობახიძის თქმით, „მთავარი არხის“დირექტორი ნიკა გვარამია სასჯელს დანაშაულისთვის იხდის.

ამ კონტექსტში საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე საუბარს არ აპირებს.

„არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარების გაკეთებას. ეს არის ჩვეულებრივად კეზერაშვილის სიზმრები, რაც მას აწყობს, რაც მას აინტერესებს იმას აწერინებს, სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა. ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის.

რაც შეეხება გვარამიას საქმეს, ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით და შესაბამისად, თავს ვიკავებთ შეფასებებისგან, სამწუხაროდ, აშშ-ს საელჩოსგან განსხვავებით. ჩვენ ვიცავთ სტანდარტს და სტანდარტი არის ის, რომ როდესაც სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილება გამოაქვს, პოლიტიკური კომენტარები ზედმეტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის.

„ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არ არის, არსად არაფერი წერია. ლოგიკურად ვერავითარ კავშირში ვერ იქნება გვარამიას გათავისუფლება და კანდიდატის სტატუსის მიღება. გვარამია სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის, მან კერძო ტელეკომპანიას, თავისუფალ მედიას 7 მლნ ლარი მოჰპარა, რადგან იცოდა, რომ ეს კომპანია გადასაცემი ჰქონდა კანონიერ მფლობელზე. მე მახსოვს თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა ამ თემაზე აშშ-ს განცხადება მაშინაც გავრცელდა და მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ის, რომ აშშ-ს საელჩოს მაშინდელი განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო იყო, ამას კიდევ ერთხელ აკეთებენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა. ჩვენ, თავის დროზე, რაღაცნაირად თვალი დავხუჭეთ აბსოლუტურად უკანონო ქმედებაზე, რომელიც უკავშირდებოდა ზეწოლას მოსამართლე ჩხიკვაძეზე. ესეც იყო დამოუკიდებლობის ხელყოფა. ალბათ, არ უნდა დაგვეხუჭა ასე თვალი იმიტომ, რომ ამას გაგრძელება მოჰყვა და კიდევ ერთხელ ვხედავთ სასამართლოში ჩარევის აბსოლუტურად გაუგონარ მცდელობას. ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის, მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება. დაუშვებელი და მიუღებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა“, – აცხადებს კობახიძე.