Home Blog Page 1769

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6412 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6412 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6360 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8271 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8131 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა და მას შემდეგ პროკურატურის საქმიანობასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია -პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2013 წელს დატოვა და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელი შეუშალონ ამ უწყების ნორმალურ საქმიანობას.

ბოლო დღეებში, აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მსგავს ტყუილებს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი უწყების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მათ მოეთხოვათ შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროება ანდა მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების შეწყვეტა, მათ მიერ არასდროს არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მათი განცხადებების დასასაბუთებლად. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ პერმანენტული ტყუილებით პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობებს.

პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია.

როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

გვინდა საზოგადოება დავარწმუნოთ, ეს მსგავსი მცდელობები ჩვენს საქმიანობაზე ვერ იმოქმედებს. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და პროკურატურის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით, დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოების გამო 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის
ქუჩების გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

„ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს იმსახურებდა”

როდესაც კითხულობენ, საქართველო იმსახურებდა თუ არა და ახლაც იმსახურებს თუ არა ევროკავშირის სტატუსს, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა სტატუსსაც იმსახურებდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს შეკითხვა რელევანტურიც კი არ არის და ოპოზიციაში არ არსებობს არავინ, ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

„აქ მოვისმინე, თითქოს ოპოზიცია ხელისშემშლელია ამ პროცესის. ისიც მოვისმინე, რომ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სტატუსის საკითხს. თითქმის ყველაფერი შესრულდაო, ესეც მოვისმინე. ძალიან კარგად იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან სამი პუნქტია მხოლოდ შესრულებული და დიახ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ის თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ევროპისკენ თუ მიისწრაფვით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს, ამაზე უმრავლესობას ადეკვატური რეაგირება უნდა გქონდეთ. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი, რაც პირდაპირ ქვეყნის ღალატია, მთელი უმრავლესობა ამას კი არ უნდა გადაეფაროს და უსაფრთხოების სამსახური იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, როგორ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი უმრავლესობამ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა.

პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდარავამ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს.

ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსთვის თავდადებული”, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრება სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

“ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში სტატუსი მივიღოთ” – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან არ დაუხევია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ წელს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ქართველი ხალხის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ.

„ბატონი მიშელი გამოეხმაურა ჩვენს ნაბიჯებს. მთლიანობაში, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი ბრიფინგიც ამის დასტურია. ჩვენ ვუპასუხეთ აბსოლუტურად ყველა პუნქტს, რომელიც ჩამოგვითვალეს ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შეხვედრებზე. ყველა პუნქტს ვასრულებთ 100 პროცენტით, თავიდან ბოლომდე. არცერთ პუნქტთან დაკავშირებით არ დაგვიხევია უკან და არ გადაგვიდგამს რაიმე განსხვავებული ნაბიჯი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. დანარჩენი ევროპული საბჭოს მიერ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები. ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, სამართლიანი ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება კანდიდატის სტატუსზე მუშაობის გამო, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი თქვენი მხრიდან – ანა ნაცვლიშვილი

„აქ მოვისმინე ბრალდებები, რომ თურმე ოპოზიცია უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება კანდიდატის სტატუსზე მუშაობის გამო, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი თქვენი მხრიდან“, -ამის შესახებ  „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ხელისუფლებას და  ოპოზიციას, რომ ეს შეხვედრები ევროპის დედაქალაქებში ერთობლივად ეწარმოებინათ. რაზეც ოპოზიცია დათანხმდა, ხოლო ხელისუფლების გუნდი არა.

„თუ სტატუსი გინდათ, თუ ერთად მუშაობა და კონსენსუსი გინდათ, რატომ არ გინდოდათ რომ ერთად შემდგარიყო ეს ვიზიტები? იმიტომ, რომ თქვენ არ გინდათ სტატუსის  მიღება.

რაც შეეხება ოპოზიციის როლს და მის მუშაობას, სად არის „ლელოს“ კანონპროექტების განხილვა მაინც, სასამართლოსთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, და ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 12 რეკომენდაციაშია. ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ და წარმოგიდგინეთ კონკრეტული ხედვები, რომლის ირგვლივაც არის ფართო კონსენსუსი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ასევე ექსპერტების წრეებში. თქვენ ხელოვნურად ბლოკავთ ამ კანონპროექტების განხილვის დაწყებასაც კი. კარგი იქნება ბიუროს წევრებმა ამაზე განმარტებები გააკეთოთ, რატომ იყენებთ საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ წევრმა  ანა ნაცვლიშვილმა.

“პრეზიდენტს აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს”

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი – 2018 წელს მას რადიკალები ჯაშუშს ეძახდნენ, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება?- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მობილიზების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს პროცესი ლუსტრაციისთვის კარგი იქნება.

„მას უნდა ჰკითხოთ, რატომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი დასკვნები და არამხოლოდ დასკვნები, ინფორმაციები მიღებული, რატომაც გავიდა ჩარჩოებიდან. რეალურად, საერთო დღის წესრიგი აქვთ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რისკები ამ ქალბატონთან არის დაკავშირებული და ეს ახალი ამბავი არ არის. პირველად ეს რისკები გამომჟღავნდა თუ არ ვცდები 2019 წელი იყო, როცა მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რამაც სახელმწიფოს უხერხულობები შეუქმნა. იმპიჩმენტი გამოცხადდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად. მას აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს მის იმპიჩმენტს არ დაუჭერს, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ორივე ერთად არის გასული, ორივეს ერთად აქვს რადიკალური დღის წესრიგი. ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 100 ხმა იქნება მობილიზებული, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურა ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმით, რომ ალიანსისა ლუსტრაცია მოხდება, რაც არის ზურაბიშვილსა და რადიკალებს შორის. 2018 წელს ეს რადიკალები მას მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს, რეზიდენტს, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება? თუ ერთხელ უკვე ხარ აგენტი და ჯაშუში, აგრძელებ ამ საქმიანობას და წარმოიდგინეთ იგივე ადამიანები, ვინც უწოდებდნენ მას აგენტს, ჯაშუშს, აცხადებენ დღეს, რომ ჯაშუში უნდა დარჩეს თანამდებობაზე. რა გამოდის, ან 2018 წელს ატყუებდნენ საზოგადოებას ან დღეს მოსწონთ ჯაშუშთან ერთად მუშაობა. სხვა ლოგიკა აქ არ არის, ეს არის მარტივი ლუსტრაცია და ამ კუთხითაც კარგია იმპიჩმენტის პროცედურა,“ – განაცხადა კობახიძემ.

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტანკები უკრაინაში მალე შევლენ”- ლოიდ ოსტინი

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე შევლენ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოუწოდა კიევის პარტნიორებს დაეხმარონ მას სხვა მნიშვნელოვანი იარაღის სისტემების მიწოდებაშიც, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა და საარტილერიო საბრძოლო მასალა.

„ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით დიდხანს ვიდგებით“, – აღნიშნა ოსტინმა.

“ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა” – სააკაშვილი

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო.

„ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს – თუნდაც ეს ფაქტი არ არის ამ ე.წ საქმეების უკანონობის დასამტკიცებლად საკმარისი და რომ ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის ნაწილი?

ასევე, საქართველოს ყველა ხელისუფლებას პუტინი სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც ჩემგან უარი მიიღო“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, ახმეტაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგ, მე-13-ე უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: ახმეტის კულტურის ცენტრის შენობა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1317 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 1812 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს” – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება „ხალხის ძალის“ განცხადებას, მე აქ სიღრმეში ვერ და არ შევალ – უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, რისკები და გეგმები არსებობს , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება გაიზარდოს. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.