Home Blog Page 1769

“ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს” – გურამ მაჭარაშვილი

პირველ რიგში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, დღეს გლოვის დღეა და ყველა ჭირისუფალი უნდა ვიყოთ, ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. პირველივე წუთებიდან ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ისე ბევრი სამინისტრო, პირველი პირების ჩართვით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს იმ ადამიანების ძებნა, ვისაც ვერ დაუკავშირდნენ და კონტაქტი არ არსებობდა.

„ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს. სოციალურ ქსელებში, მათ შორის, კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან, პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მოსაძებნია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს, ადგილზე არიან ოჯახის წევრები და ხედავენ, რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანები, ვინც ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან. ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება. დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში  შოვში გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქო რაჭაში, კერძოდ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი იქნება გადახდილი.

„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

შოვში მომხდარიდან პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

„პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს. დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.

„ამ დროისთვის მოწყობილია ორი მიმართულებით გზები. ე.წ. კალცის წყლების მიმდებარედ შუადღემდე უკვე ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი. უკვე შემდგომ აქაც აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვეცდები, რომ სპეკულაციის საშუალება არ დავტოვო. პირველივე წუთიდან უმოკლეს ვადაში, რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. ჩვენ როცა ჩამოვფრინდით, დავიწყეთ ევაკუაცია, დარჩენილმა მოსახლეობამ ღამე გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე. ეს იყო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება თვითონ ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება – ბადრი ჯაფარიძე

2008 წლის 7 აგვისტოდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სრული დეოკუპაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

„გრძელდება ოკუპაცია, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ყოველდღიური დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელიც უნდა დასრულდეს საერთაშორისო საზოგადოების და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ძალისხმევის შედეგად.

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მათ, რომლებიც განდევნეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მიეცეთ თავისუფლად ცხოვრებისა და განვითარების საშუალება. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ირანის საელჩომ საქართველოში მეწყერით დაზარალებულთა პატივსაცემად დროშა დაუშვა

დღეს, ირანის საელჩომ თბილისში დასავლეთ საქართველოში, კურორტ შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ირანის დროშა დაუშვა.

ჩვენი ფიქრები, ამ ტრაგედიის და გლოვის დროს ქართველ ხალხთანაა.

ირანის საელჩომ პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

პარასკევს, ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

“რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას” – აშშ-ის საელჩო

რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

“ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად, სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდში დგომა”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების გამხნევება.

მისი თქმით, გლოვის დღეს არ ღირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

„დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა  ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით.

ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

„იმედის“ ინფორმაციით, „ქრონიკამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეოკადრები.

„საუბარია, სასტუმრო „სანსეტ შოვის“​ კამერების ჩანაწერებზე. მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს, 3 აგვისტო – 14:08 საათზე. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ“, – ნათქვამია „იმედის“ ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით შვილები სტიქიის ზონიდან გამოიყვანა. მისივე თქმით, დიდი სიბოროტეა, როდესაც ცრუ ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.

„ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე. გაქვთ ამის მცდელობა და რა თქმა უნდა, აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემ მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ. ზუსტად ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუე და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება. დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ.

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა ნებართვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია და მათაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება ანგრევს და აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ხვალინდელ დღეს. დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ“, – აღნიშნა კალაძემ.

“ერდოღანს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, პუტინს შუამავლობა შესთავაზოს” – რუსული მედია

ერდოღანს სურს, პუტინს შუამავლობა შესთავაზოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, – ამის შესახებ რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

„ბატონი პრეზიდენტი შესთავაზებს თავის შუამავლობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში, გაიმეორებს თეზისს, რომ ომში არ იქნება გამარჯვებული და სამშვიდობო პროცესში არ იქნება დამარცხებული“, – აცხადებს თურქული წყარო.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ანკარა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

როგორც წყარო აღნიშნავს, ერდოღანი „ერთადერთი მსოფლიო ლიდერია“, რომელიც სარგებლობს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის „გულწრფელი ნდობით“, ინარჩუნებს მათთან კონტაქტს და „ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო კვირაში გაიმართება.

“ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით”

ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს.

“ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მთავრობის წევრებმა რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მთავრობის წევრებმა 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს, გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობს.

„არ ვიცი ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი, იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც მაგალითად ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან სხვების დასახმარებლად შებრუნდა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჯარისკაცებს, მოხალისეებს, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით. მზად ვართ, ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდით დავუდგეთ, როცა ამის აუცილებლობა იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება” – ანა ბუჩკური

გლოვის დღეა, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა, მაგრამ მალე მოვა დრო, რომ ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი გაეცეს – ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რა იყო სიმართლე, ვინ დამალა და რა დამალა. ეს კითხვები აუცილებლად დაისმება. დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მხოლოდ მწუხარებით შემოვიფარგლები, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.