Home Blog Page 279

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.

ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია, რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა შეძლონ წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

„2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს) როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს  www.naec.ge.

საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

“სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება, ეს სურვილია”

სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება. ეს სურვილია, უფრო სადღეგრძელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

მანჯგალაძის თქმით, პატრიარქის არჩევის საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

„პატრიარქი რომ მხცოვანია და ასაკშია, ყველამ ვიცით. საპატრიარქოს თავისი მართლგამგეობის შესახებ დამტკიცებული აქვს წესი და ყველაფერი იმის მიხედვით უნდა მოხდეს. კარგი არის ის, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში და არც საპატრიარქო ერევა საერო საქმეებში. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანიზაციამ, საპატრიარქომ, ვინც ირჩევს პატრიარქს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა „სუსტში“, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„ალბათ მხცოვანი უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა და არა – სუსტი. ეს მისი პოზიციაა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ოპოზიციონერის პრესმდივნის კირა იარმიშს ინფორმაციით, ნავალნის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება.

სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

“მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა – საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდა”

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც გვექნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მითუმეტეს როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართლებრივი დაახლოების თემაზე გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა ზაგრებში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კონკრეტულად 23-ე თავით (მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების გზები და პროგრესი; ასევე:

პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას ავალდებულებს, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მიიღოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის კანონპროექტთან შესაბამისობის შესახებ;

სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს, დაგეგმავს და შეაფასებს სამართლებრივი დაახლოების პროცესს;

შემუშავდა „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზამკვლევი“;

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

“მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დღეიდან მხოლოდ ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.

დღეიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა ვალდებულებები სხვა მიმართულებითაც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. ჯარიმის ზედა ზღვარი 20 000 ლარია.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში. ამის შესახებ ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვართან, ქალაქ ბაუნსვილში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აი, რას ვეტყოდი დონალდ ტრამპს: პოლიტიკის თამაშის ნაცვლად, შემომიერთდით, თორემ მე შემოგიერთდებით და ვეტყვი კონგრესს, მიიღოს ეს კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. რატომ არ ვიკრიბებით და არ ვასრულებთ ამას? ჩვენ შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ”,- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, სასაზღვრო აგენტებს სჭირდებათ მეტი რესურსი, მეტი თანამშრომელი, მეტი შესაძლებლობები და საიმიგრაციო მოსამართლეები.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, გადახედონ ორპარტიულ კანონპროექტს.

„აშშ-ს სენატმა უნდა გადახედოს ამ კანონპროექტს და იმ სენატორებმა, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, უნდა გადადონ გვერდით პოლიტიკა და დაამტკიცონ ის არსებითად და არა იმის გამო, რომ სარგებელი მოუტანოს რომელიმე მხარეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დროა, სპიკერმა და ზოგიერთმა ჩემმა რესპუბლიკელმა მეგობარმა კონგრესში, რომლებიც ამ კანონპროექტს ბლოკავენ, ცოტა სიმტკიცე გამოაჩინონ”,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან თითქმის ერთდროულად ჩავიდნენ. ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილში, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, გამოცემის ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება.

პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ მოერგოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იწყება. თუ ემოციურ დისკომფორტს ან გაღიზიანებას გრძნობთ, ყველაფერი გვერდით გადადეთ და სასიამოვნო საქმით დაკავდით. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მალე სანანებელი გაგიხდეთ.

კურო

დილიდან შინაგან მოუსვენრობას გრძნობთ და მუშაობასა თუ ურთიერთობებში სიცხადის, სტაბილურობისა და თავდაჯერების მიღწევას ცდილობთ. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადოთ და თავი იმით გაინებივროთ, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნიდათ.

ტყუპები

დილიდან აქტიური მუშაობისთვის და ინიციატივის აღებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, შეძლებთ დაწყებული საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. ყველაზე მეტად კამათს უნდა მოერიდოთ და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა სცადოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

კირჩხიბი

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს დააკვირდთ და ეცადეთ, ყურადღებიდან უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. ის, რაც დღეს უმნიშვნელო ხარვეზად მიგაჩნიათ, ხვალ შეიძლება მტკივნეულ პრობლემად იქცეს, რომლის მოგვარება გაგიჭირდებათ. საღამოს მხიარულ და კეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ.

ლომი

რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, იუმორის გრძნობა და პლანეტების კეთილგანწყობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. უსიამოვნო ამბისგან ტრაგედიას ნუ შექმნით, მით უმეტეს, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება. მარტოხელა ლომებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

ქალწული

პირველ მარტს რთული ამოცანების შესრულებისთვის უნდა მოემზადოთ. ნუ შეშინდებით, იღბალი თქვენს მხარეზეა. ეცადეთ ახალ გარემოებებს, მოერგოთ და შესაძლებლობით ისარგებლოთ. სავარაუდოდ, თქვენს მონდომებას მენეჯმენტი შენიშნავს და ფინანსური წახალისება ან დაწინაურება მიიღოთ. თუ რაღაცის შეცვლა გსურთ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით – მოთმინება.

სასწორი

გამუდმებით კამათის და საკუთარი სიმართლის მტკიცების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და განწყობა გაგიფუჭოთ. დაპირისპირების ნაცვლად, ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და კომპრომისები ეძებოთ. ამ დღეს გამოცდილი პროფესიონალების რჩევა ძალიან გამოგადგებათ. თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი მოვალეობების აღებას მოერიდოთ და ყურადღება თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. ამ დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ამიტომ შრომატევად საქმეებს უნდა მოერიდოთ და მეტი დაისვენოთ. თავი შეიკავეთ საყვარელ ადამიანებთან კამათისგან და ეცადეთ, საუბარი ნეიტრალურ თემებზე გადაიტანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი, მიზანდასახული და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რის კეთებასაც უნდა მოერიდოთ, შემოქმედებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ. ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ. ურთიერთობებში უკიდურესად ფრთხილად უნდა მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობა და კონფლიქტი გელით. ემოციური სტრესის მოხსნას საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრით შეძლებთ.

მერწყული

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით, თუმცა რჩევასა და დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით მათ, ვინც ამას ითხოვს. მზად იყავით, რომ ზოგი სიახლე არ მოგეწონებათ და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით.

თევზები

ამ დღეს უპირატესობა სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გირჩევთ, დამატებით მოვალეობებზე უარი თქვათ – მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს მიეცით.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი” – ედიშერ გვენეტაძე

„ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

ექსპერტის თქმით, ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია და ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე.

„ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს. ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია. ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

“სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და მართლმადიდებლობა” – ირმა ინაშვილი

იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა.

“როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, სააკაშვილის მომხრე ტელეარხები გვიმტკიცებდნენ,- რუსეთის აგენტი ხდება საქართველოს პრეზიდენტიო. ვფიქრობ, ეს ყველას გვახსოვს. ორი თვის წინ, სააკაშვილის შეწყალების თემა მორიგჯერ დატრიალდა და სააკაშვილის მომხრე ტელევიზიებმა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისა” და რუსი ოლიგარქის აგენტი ეძახეს. ესეც კარგად გვახსოვს. 20 წელია სააკაშვილები ცდილობენ, რომ ეკლესიაც ჩააბან ბინძური იარლიყების მიწებების პროცესში და ახლა ამ საქმეში, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ლონდონში განაცხადა, რომ თურმე, იმედი აქვს, მომავალი პატრიარქი პრორუსი არ იქნება. იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული. ქრისტეს სხეულში ყველა თანასწორია: ქალიც, მამაკაციც, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ქართველიც და ფრანგიც. ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა, თორემ ამგვარ აბსურდს არ და ვერ იტყოდა, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტი პოლიტიკურ იარლიყს აწებებს ეკლესიასაც და ზოგადად, მართლმადიდებლობასაც, იძულებული ვარ, შევახსენო მას: პატრიარქი ზრუნავს ერზე და ბერზე, ეკლესიაზე და მამულზე, ის არასდროს არაა და ვერ იქნება პრორუსული ან პროფრანგული… თუმცა, არა მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეძლებს ამ ყველაფრის გააზრებას, “- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?”

იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა? კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა, მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს, რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ასევე, მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს, რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.

მისივე თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!

„საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, დღეს პოლიტიკური გონორით გვესაუბრება.

ისევ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით,

ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაპარულმა,

დღეს მოხუცი პატრიარქი პრორუსად შეგვირაცხა და მისი დროულად ჩანაცვლებაც შემოგვთავაზა.

შორიდან ანტიმართლმადიდებლური და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები თამამად გამოგვიგზავნა, მაგრამ რას იზამს აქ ჩამოსული?! როგორ შეხვდება ქართველ ხალხს?! – ამაზე მას არ უფიქრია.

ეს იქეთ იყოს და მასზე

ერთი საინტერესო რამ გამახსენდა- იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?

კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს,

რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა.

ასევე მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს.

რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.

როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!

ქართული სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის დასრულებულია ეს ქალი, აქ მისი დასაწყისიც მარცხი იყო და ბოლოც დიდი სირცხვილია სხვა რაა?“-წერს თამთა მეგრელიშვილი.