“მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა – საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდა”

21
spot_img

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც გვექნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მითუმეტეს როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.