იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა.
“როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, სააკაშვილის მომხრე ტელეარხები გვიმტკიცებდნენ,- რუსეთის აგენტი ხდება საქართველოს პრეზიდენტიო. ვფიქრობ, ეს ყველას გვახსოვს. ორი თვის წინ, სააკაშვილის შეწყალების თემა მორიგჯერ დატრიალდა და სააკაშვილის მომხრე ტელევიზიებმა სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისა” და რუსი ოლიგარქის აგენტი ეძახეს. ესეც კარგად გვახსოვს. 20 წელია სააკაშვილები ცდილობენ, რომ ეკლესიაც ჩააბან ბინძური იარლიყების მიწებების პროცესში და ახლა ამ საქმეში, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო.
ქალბატონმა პრეზიდენტმა ლონდონში განაცხადა, რომ თურმე, იმედი აქვს, მომავალი პატრიარქი პრორუსი არ იქნება. იძულებული ვარ, ქალბატონ სალომეს ავუხსნა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტეს სხეული ვერ იქნება ვერც პრორუსული და ვერც პროფრანგული. ქრისტეს სხეულში ყველა თანასწორია: ქალიც, მამაკაციც, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ქართველიც და ფრანგიც. ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რა არის ეკლესია და რა არის მართლმადიდებლობა, თორემ ამგვარ აბსურდს არ და ვერ იტყოდა, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტი პოლიტიკურ იარლიყს აწებებს ეკლესიასაც და ზოგადად, მართლმადიდებლობასაც, იძულებული ვარ, შევახსენო მას: პატრიარქი ზრუნავს ერზე და ბერზე, ეკლესიაზე და მამულზე, ის არასდროს არაა და ვერ იქნება პრორუსული ან პროფრანგული… თუმცა, არა მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტი შეძლებს ამ ყველაფრის გააზრებას, “- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას.
“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.
ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.