Home Blog Page 278

“არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა”

ნიკა გვარამიამ ღიად აღიარა, რომ მათი მმართველობის პირობებში და განსაკუთრებით 2008 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტი იყო მთლიანად ჩაკეტილი ოპოზიციისთვის, მედიასივრცეში არავითარი ადგილი არ ჰქონდა განსხვავებულ აზრს და მით უმეტეს ოპოზიციურ განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, გვარამიას პირობებში სასამართლო იყო მთლიანად დაქვემდებარებული პარტიისადმი და „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი.

„ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ნიკა გვარამია, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის უკვე კანონის საფუძველზე ცნობილი, დღეს ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება კარგი აზრია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“. ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახით ცდილობს ჩვენი ამომრჩევლების ზოგიერთი წარმომადგენლის მორიგჯერ შეცდომაში შეყვანას, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრაგედიები მათი მმართველობის პირობებში, რომ ალბათ ასეთ შეცდომას ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაუშვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

ინდივიდუალური გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

თუ აქამდე კომპანიები მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, ახალი პროგრამა მათ საშუალებას მისცემს, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა სასურველ საერთაშორისო გამოფენაში და ამისთვის სააგენტოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ეს შესაძლებლობა დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას.

“ჯანდაცვის სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს ონკოპაციენტების საჭიროებებს” – თამარ გაბუნია

სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს ონკოპაციენტების საჭიროებებს, რათა მათი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ონკოპაციენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას.

„ვესაუბრეთ ონკოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებს და იმ ადამიანებს, ვინც მათ უჭერს მხარს. საუბრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და მედიკამენტების სრულად დაფარვას.

მინდა დავადასტურო, რომ სამინისტროსთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. მიდის მუშაობა, რომ პაციენტების ყველა საჭიროება მოცული იყოს. შევთანხმდით, რომ 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რაც მათ დააყენეს კიდევ ერთხელ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი, რათა პრობლემები და ბარიერები, რაც ხვდებათ მკურნალობის ხელმისაწვდომობის და გამოკვლევების ჩატარების პროცესში, ამოწურული იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და მკურნალობის კურსი დასრულდეს. იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვის თუ რეფერალური დახმარების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო გაცხადებული. სამინისტრო ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს პაციენტების საჭიროებებს, რათა მათი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ონკოპაციენტებს და „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრებს შეხვდნენ, რომლებიც მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვდნენ.

ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

“მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არის ხუთიანი და ის პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. ამის შესახებ ალასანიამ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “დასავლეთის ვექტორი“ და ukraina.ge-მ „საქართველო-გზა ევროპისკენ“ პროექტის ფარგლებში გამართეს.

„დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მაისური მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი მიშა სააკაშვილის გვერდით არიან. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი, ეს ყველამ იცოდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ნიკა მელია იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად? გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ“.

„ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ ყველამ კარგად იცოდეს, ჩემი შვილი ამ პოზიციაზე ძალიან მყარად იქნება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

მელია-გვარამიას „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, ეს არის „ახალი“ – ეს არის „ნაცმოძრაობის“ 1-2-3%-იანი წარმონაქმნი -მათიკაშვილი

ამ „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, უპირველესად არის „ახალი“ – ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” 1-2-3%-იანი წარმონაქმნი, მათი ელექტორალური ხარისხი ნულთან გათანაბრებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გვარამია-მელიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ცალ-ცალკე “ნაცები” არიან და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირება მოხდა.

“ამ “ნაცურ” გაერთიანებას თუ რამე არ შეეფერება სახელწოდებას შორის, ალბათ, უპირველესად, ეს არის სახელწოდება “ახალი”, რადგან აქ ახალი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ეს არის “ნაცი” სახეები. ცალ-ცალკე “ნაცები” არიან და როგორ დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობისგან”, ამ ოდიოზური ფიგურების დისტანცირება მოხდა? არ არის ჩვენი საზოგადოება გამოუცდელი. არ არის მიამიტი. ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი, იგივე გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ეს არის ტყუილი, საზოგადოების თვალის სხვების მცდელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევებზე. ეს არის 1-2-3%-იანი ახალი წარმონაქმნები, რომლებიც არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შემადგენლობაში და მათი ნდობის ხარისხი ელექტორალური არის ძალზედ დაბალი, ნულთან გათანაბრებული,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში” – მდინარაძე

რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ევროკომისიის 9 დათქმის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ გამოცხადდნენ.

„დაგვიბარეს და არ მივედით. რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე. ამიტომ, სადაც ამაზე რეალური მუშაობა მიდის, იქ მობრძანდნენ და იმუშაონ, თუკი რამე უნდათ და აქ წარმოადგინონ წინადადებები. „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში. შესაბამისად, ამ „ნაცურ“ შეკრებას შემთხვევით არ ვამბობ. აბა, მოიძიეთ, ამ NGO-ს წარმომადგენელი, ამავდროულად, ახლად შექმნილი და გამოჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხომ არ არის?! მოიძიეთ კარგად და ფოტოსურათებიდან დასკვნას გააკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე სექტორთან ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. „ჰეზბოლას“ ცნობით, რაკეტების სამიზნეს გოლანის მაღლობებზე მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების ორი სამხედრო ბაზა წარმოადგენდა.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო შეტევით ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ბაალბეკზე განხორციელებულ დარტყმებს უპასუხეს.

ბაალბეკის გუბერნატორის ბაშირ ხადერის ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

არახამიას არავინ ეკითხება, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს – მამუკა მდინარაძე

„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს და იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას იმ განცხადების შესახებ, სადაც არახამია საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და სანქციებისგან თავის არიდებას სთხოვს.

მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ფაქტს, რომ თითქოს საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, ძალიან ბინძური ტყუილია ის, რომ საქართველო [სანქციების] გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება. ეს ტყუილი დაიწყო საქართველოში, საქართველოს პარლამენტში და გაგრძელდა მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დავით არახამია ამ ტყუილის თანამონაწილეა. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ“-აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, დავით არახამიას გადასაწყვეტი არ არის საქართველო შეწყვეტს თუ არა ფრენებს რუსეთის ფედერაციასთან.

მისივე თქმით, დავით არახამიამ ასევე მოითხოვა უსასტიკესი კრიმინალის, მისი მასწავლებლის სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ ქვეყანას უნდა ელაპარაკო.

„არახამიას არავინ ეკითხება საქართველო შეწყვეტს თუ არა ფრენებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოითხოვა გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციაში. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად მან მოითხოვა, ეს ადამიანები ისე ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან როგორც მაშინ აკეთებდნენ, სანამ ფრენები აღდგებოდა. ძალიან კარგია რომ ფრენები არის იმიტომ, რომ ეს ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება და ასევე, ტურისტების ჩამოსვლას ეხმარება. მათ რომ სანქციების დაწესება, ავიამიმოსვლის შეჩერება და საქართველოს ეკონომიკის განადგურება უნდათ, ეს ახალი არ არის.
და მესამე, მან პირველ რიგში უსასტიკესი სისტემის შემქმნელი კრიმინალი სააკაშვილის, მისი მასწავლებლის და მისი იდეური მოძღვრის გათავისუფლება მოითხოვა და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკო. მათ თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. ამას ბევრჯერ გავიმეორებ, მათი ინფორმაცია იყო, რომ ის თითქოს რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ტრუსკავეცში, სასტუმროს ნომერში. ჩვენ არ მოგვიფიქრებია და არ მოგვჩვენებია ეს ამბავი და ამ დროს, მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთი მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე მოთხოვნა ეხება საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას და მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც კი არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის 7 რეგიონზე დრონების მასშტაბური თავდასხმა მოხდა

რუსეთის 7 რეგიონზე დრონების მასშტაბური თავდასხმა მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 25 უკრაინული დრონი გაანადგურეს. მათი სამიზნე მოსკოვის, პეტერბურგის, კურსკის, ტულისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ენერგოობიექტები იყო.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბელგოროდის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უკრაინული რაკეტების შეტევაც მოიგერიეს. ორლოვსკისა და ნიჟეგოროდის ოლქებში, დრონების იერიშის გამო, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.

“რომელია ახალი – მელია თუ გვარამია? ცხრა წელი ქვეყანაში რა უბედურებაც ხდებოდა, ყველაფრის თანამონაწილე ისინი იყვნენ” – კახა კალაძე

„თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს – ეს მელიასაც და გვარამიასაც გაკეთებული აქვთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალიზმით სავსე ყველა პოლიტიკურ ძალას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

„როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა ის ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ არჩევნებზე ხმების 1-2% მიიღონ? ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა.

დღეს, შეიძლება აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით და ოდიოზურობით. თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს – ეს ორივეს გაკეთებული აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. შესაბამისად, რადიკალიზმისა და ბოროტების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას აღიარებაზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რომ „მაშინდელი ოპოზიციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემისა და ტელევიზიებისთვის ჟანგბადი გადაკეტილი იყო.“

კახა კალაძის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში რაც ქვეყანაში უბედურება ხდებოდა, ნიკა გვარამია ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო.

„გვარამია ამას უბრალოდ არ იტყოდა. ამის თქმა დასჭირდა იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, თითქოს როგორი გულწრფელია. თითქოს, მაშინ ყველაფერი ერთი კაცის „ხუშტურებზე“ იყო დამოკიდებული, მხოლოდ ერთი ადამიანი მართავდა სასამართლოსა და პროკურატურას. სინამდვილეში, გვარამიაც თანამონაწილე იყო. წარსული ხომ არ გამქრალა და არავის ავიწყდება. თუკი ცხრა წლის განმავლობაში, ქვეყანაში რამე უბედურება ხდებოდა, ისინი იყვნენ ამის მთავარი შემოქმედი პირები. დღეს, რა ფერი იცვალეს? ყველაფერი გვახსოვს. ამიტომ ძალიან რთულია ამ ადამიანებმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში”- თეა წულუკიანი

ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოვითხოვთ უფრო საფუძვლიან განმარტებას რატომ ხდება ეს. გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის [სააკაშვილის] სადმე წასვლაზე, ან გადაცემაზე. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ზურაბ ადეიშვილი როგორც კრიმინალი, თავისუფლად დასეირნობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოვითხოვთ უფრო საფუძვლიან განმარტებას რატომ ხდება ეს. გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია – ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით -კახა კალაძე

ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერონ და ჰკითხონ, რა არის მისი ოცნება, ყველა იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღეს ოკუპირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ უპასუხა კითხვას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ის ამ ადამიანს არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ აღნიშნულ პიროვნებას, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთთან ფრენების აღდგენას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა და კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა ის, რომ ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ეხება იგივე სანქციების მიერთება-არმიერთების საკითხს, იგივე ფრენების აღდგენა-არაღდგენას და ა.შ.” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად ეფექტური იყო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის ურთიერთობის ფორმატი და რა უნდა გააკეთოს ახლა ქაჯაიამ ისეთი, რაც ვერ გააკეთა მისმა წინამორბედმა აბაშიძემ, კალაძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

„ვერ გეტყვით, ეს ძალიან რთული პროცესია. იცით, რომ რუსეთთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ტერიტორიების გარკვეული ნაწილი მათ მიერ ოკუპირებულია. თუმცა, ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ ხელისუფლების, ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერონ და ჰკითხონ, რა არის მისი ოცნება, ყველა იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღეს ოკუპირებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.