“სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება, ეს სურვილია”

49
spot_img

სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება. ეს სურვილია, უფრო სადღეგრძელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

მანჯგალაძის თქმით, პატრიარქის არჩევის საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

„პატრიარქი რომ მხცოვანია და ასაკშია, ყველამ ვიცით. საპატრიარქოს თავისი მართლგამგეობის შესახებ დამტკიცებული აქვს წესი და ყველაფერი იმის მიხედვით უნდა მოხდეს. კარგი არის ის, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში და არც საპატრიარქო ერევა საერო საქმეებში. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანიზაციამ, საპატრიარქომ, ვინც ირჩევს პატრიარქს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა „სუსტში“, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„ალბათ მხცოვანი უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა და არა – სუსტი. ეს მისი პოზიციაა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.