აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში. ამის შესახებ ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვართან, ქალაქ ბაუნსვილში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აი, რას ვეტყოდი დონალდ ტრამპს: პოლიტიკის თამაშის ნაცვლად, შემომიერთდით, თორემ მე შემოგიერთდებით და ვეტყვი კონგრესს, მიიღოს ეს კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. რატომ არ ვიკრიბებით და არ ვასრულებთ ამას? ჩვენ შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ”,- აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, სასაზღვრო აგენტებს სჭირდებათ მეტი რესურსი, მეტი თანამშრომელი, მეტი შესაძლებლობები და საიმიგრაციო მოსამართლეები.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, გადახედონ ორპარტიულ კანონპროექტს.
„აშშ-ს სენატმა უნდა გადახედოს ამ კანონპროექტს და იმ სენატორებმა, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, უნდა გადადონ გვერდით პოლიტიკა და დაამტკიცონ ის არსებითად და არა იმის გამო, რომ სარგებელი მოუტანოს რომელიმე მხარეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დროა, სპიკერმა და ზოგიერთმა ჩემმა რესპუბლიკელმა მეგობარმა კონგრესში, რომლებიც ამ კანონპროექტს ბლოკავენ, ცოტა სიმტკიცე გამოაჩინონ”,- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან თითქმის ერთდროულად ჩავიდნენ. ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილში, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, გამოცემის ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება.