Home Blog Page 2363

სარფში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განმარტავენ, სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604 მამაკაცია და 2566 ქალი. მათივე ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4985 პაციენტს განუვითარდა, 2156 პაციენტი გარდაიცვალა.

„31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139, 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ვლადიმერ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სამხედრო სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა”

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სამხედრო სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს სამხედრო ელემენტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს, პუტინის ბრძანების გარეშე პრიგოჟინის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიეღოთ, – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, არის საჯარო მცდელობა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რაც მან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივნისს “ვაგნერის” ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო განიცადეს.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის სუსტი ლიდერი, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა.

“მე ყველაზე მეტად ღვინო რომ მიართვა ვიღაცამ თვითმფრინავში და ბომბი რომ ყოფილა ყუთში დამალული, ის ვერსია მომწონს”- რომან გოცირიძე

რაც არ უნდა მომხდარიყო, ვისაც არ უნდა აეფეთქებინა – პუტინს, უკრაინას, ამერიკას, თავად რუსებს მოუვიდათ შეცდომა და დიდი დრონი ეგონათ ეს პატარა თვითმფრინავი (ამათგან არც ეს უნდა გაგვიკვირდეს), ეს ამბავი მაინც პუტინს დაბრალდება და სამუდამოდ დაირტყამს პრიგოჟინის მკვლელის იარლიყს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

“მისთვის ამას უმძიმესი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. თუ მანამდე არ გააგორეს, პენსიონერის მშვიდი ცხოვრება ნამდვილად ვერ ექნება სადმე “პადმასკოვიეს” აგარაკზე.

შეთქმულების თეორიები რა თქმა უნდა, აგორდება და ამ ადამიანებს ვერასდროს გადაარწმუნებ, რომ პუტინმა აფრიკაში გადამალა, ჰიტლერისა და ბრაზილიის ჯუნგლებისა არ იყოს. პლასტიკურ ოპერაციასაც გაიკეთებს და იქნება თავისთვის მშვიდად ამ სიბერეში. სიკვდილს ასე ცხოვრება ხომ სჯობია. წესით, აჯანყების მომწყობი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ კარგი კაცია პუტინი, არ გაწირა ბოლომდე.

მე ყველაზე მეტად ღვინო რომ მიართვა ვიღაცამ თვითმფრინავში და ბომბი რომ ყოფილა ყუთში დამალული, ის ვერსია მომწონს, ოღონდ ეს ღვინო ქართული მარკის უნდა იყოს. “პრიგოჟინს ხვანჭკარა უყვარდა” – რა მაგარი რეკლამა იქნება, არა?

მოკლედ, ისეთი რამ მოხდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდი პუტინის დასასუსტებლად. რაც მოხდა, საიდუმლოდ რომ არ დარჩება, ესეც ფაქტია, იმდენად ნათელი სურათია.

რადგან ღვინის რეკლამაც გვინდა რომ გამოვიდეს, მოდით იმ ღვინით, თვითმფრინავში დალევა რომ ვერ მოასწრეს, ჯოჯოხეთისკენ გზა “დავულოცოთ” უდანაშაულო ადამიანების სისხლში გასვრილი კაცს და მის თანამზრახველებს. კობზონის კონცერტზე წინა რიგში რომ დასვამენ, ამდენი კი დაიმსახურა. ერთი ადგილი პუტინისთვისაც ექნებათ გადანახული. იმედია, კონცერტის პირველ ნაწილს თუ არა, მეორეს მაინც არ გააცდენს”, – წერს გოცირიძე.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული.

1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. 1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.
ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული.

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას პირველი სექტემბრიდან, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. აღნიშნული კითხვები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტეს, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

შეგახსენებთ, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

ენტონი ბლინკენი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა ბრძოლაში გაიმარჯვებს და რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

“24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ჩვენება, უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. ეს ასევე არის უკრაინული მემკვიდრეობისა და კულტურის აღნიშვნის დღე. დღეს ასევე გავიდა წელიწადნახევარი მას შემდეგ, რაც კრემლმა დაიწყო მისი სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – 18 თვიანი აზრს მოკლებული აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელს უკრაინაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ საფასურს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები განაგრძობს თქვენ გვერდით დგომას და მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღდგენისთვისა და აყვავებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტიტუციის დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად!

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.

ეს დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

“პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს”

“მაგნიტსკის აქტის” ავტორისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, ბილ ბროუდერის შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან პუტინი დგას.

“ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ“, – განაცხადა ბროუდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის “ლიდერის”, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი – 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი – დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

კანადამ 29 რუსულ იურიდიულ და ოთხ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 29 რუსული იურიდიული და ოთხი ფიზიკური პირისგან შემდგარი სია, რომელთაც სანქციები დაუწესდათ.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა სერგეი მუჩკაევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური.

კანადამ ასევე დააწესა სანქციები ოთხ რუსულ ბანკზე, ესენია: Uralsib-ი, Zenit-ი, Rosbank-ი და რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი. სიაში მოხვდა სხვადასხვა რუსული მსხვილი ორგანიზაციაც.

მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტზე მონაწილეების წინაშე გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.