“სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც”

62
spot_img

სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც. რაღაც ეტაპზე კი გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე საუბარი იქცეს საქართველოს პოზიციად და რომ ეს პრეზიდენტმა განახორციელოს საქართველოს სახელით, ეს კი ნამდვილად ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არაფერი დაეწუნება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი პრიორიტეტი. ეს რომ საერთო, ეროვნული მიზანი იყო, სწორედ ამის გათვალისწინებით იყო, რომ გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის დაუღალავი შრომით. ძალზედ დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის საერთო ეროვნულ პრიორიტეტთან შედარებით უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ხელისუფლებასთან ქიშპობამ და დაპირისპირებამ. მათი სურვილი და ინტერესია, რომ დააზიანონ ხელისუფლება, თუნდაც ამას შეეწიროს ქვეყნის ეს მეტად მნიშვნელოვანი ინტერესი და ამის გამო დაიწყეს იმ აზრის გავრცელება და დანერგვა, თითქოს და საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არადა გადასარევად იციან, რომ საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა შარშანაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე, საქართველოს არაფერი არ დაეწუნება. იციან ისიც, რომ აბსოლუტურად არათავსებადია ქვეყნის პერსპექტივებთან იმის მტკიცება, რომ დაუმსახურებლად მოხდეს სტატუსის მონიჭება. რა არ მოიფიქრეს საქართველოს წუნდებულობაზე რიტორიკით გამოწვეული ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად – ხან ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა, ხან ფული ხარჯეს სანქციების დაწესებისთვის, ხან ისიც თქვეს, რომ საქართველო კი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მაინც სწორი იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაო. საბედნიეროდ, იმედია, რომ ამად დაშვრნენ. სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე, ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც. რაღაც ეტაპზე კი გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე საუბარი იქცეს საქართველოს პოზიციად და რომ ეს პრეზიდენტმა განახორციელოს საქართველოს სახელით – ეს კი ნამდვილად ვერ მოხდება. საქართველოს ხელისუფლება არ თვლის, რომ საქართველოს რაიმე წუნი აქვს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ პრინციპულია, რომ არავის მიეცეს უფლება, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობისას საქართველოს სახელით დააფიქსიროს პოზიცია ჩვენი ქვეყნის წუნდებულობაზე, საქართველოსთვის სტატუსის დაუმსახურებლობაზე.

მიუხედავად კონსტიტუციის ამ განაწესისა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის სახელით წარმოადგენს საქართველოს, საგარეო ურთიერთობებში – პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მან მაინც დამოუკიდებლად და მთავრობის თანხმობის გარეშე უნდა წარმართოს წარმომადგენლობა. არ არსებობს იდეა, რომელიც გაამართლებდა კონსტიტუციაზე მაღლა დადგომა, ანუ არაფერი გაამართლებს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და საქართველოს სახელით იმის მტკიცებას, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ საქართველოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება კანდიდატობის მოსაპოვებლად“, – განაცხადა სარჯველაძემ.