„ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ახორციელებდა პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას” – არჩილ თალაკვაძე

45
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა” თვეების განმავლობაში ახორციელებდა პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ თავის მოკავშირეების გამოყენებით, არავის გაუკვირდება, თუ ამას გააგრძელებენ მომავალშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ელოდება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა, იმპიჩმენტის საკითხით ივაჭროს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი, „მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა დემოკრატიის თვალსაზრისით“.

„მაგალითად აშშ -ში იყო უახლოეს წარსულში გამოყენებული, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ბუნებრივია, საქართველოც როგორც დემოკრატიული სახელმწიფო კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაზე რეაგირებს ისე, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს შეეფერება.

„ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური ვაჭრობის პარტიად გადაიქცა, ტრაგედიებით დაწყებული დამთავრებული პოლიტიკური მოვლენებით, ყოველთვის ვაჭრობაშია ჩართული და აქ გასაკვირი არაფერია. ისინი თვეების განმავლობაში ახორციელებდნენ პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ, თავის მოკავშირეების გამოყენებით და არავის გაუკვირდება თუ ამას გააგრძელებენ მომავალშიც. ეს არის უთავმოყვარეო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს უკანონოდ არჩეულად მოიხსენიებდა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა და ამბობდა, რომ არასდროს აღიარებდა, თუმცა, რამდენიმე თვეში ნახეთ, რომ ეხვეწებოდნენ შეწყალების გამოცემას და ახლა ევროპული კურსის საუკეთესო დამცველადაც მოიხსენიებენ. ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო არის “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ თავდაღმართში და თუ რა შედეგებს მიიღებენ ისინი, ყველა ერთად დავინახავთ,”- განაცხადა თალაკვაძემ.