“ზურაბიშვილს თუ სურს, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი სააკაშვილი”- გია ბარამიძე

196
spot_img

სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა სურს, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირი, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი სააკაშვილი. მან ჯერ თავისი საქმე გააკეთოს და შემდეგ იაროს საზღვარგარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კონსულტაციები არ ექნება.

„ქალბატონი ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მაფიოზური და რუსული რეჟიმის ნაწილი – მათი „პრინციპული“ არჩევანი და ეს ყველამ კარგად ვიცით. მათ დასვეს ის ამ თანამდებობაზე არჩევნების გაყალბების გზით და ეს არის მათი შიდა ამბავი. ბუნებრივია, არც ერთი პატრიოტული, ოპოზიციური პარტია არ აპირებს ხელისუფლების შიდა ბინძურ თამაშებში ჩართვას, მით უმეტეს მათი ხუშტურებისა და სურვილების მიხედვით, რომ შური იძიონ ახლა სალომე ზურაბიშვილზე, რადგან გააქტიურდა ევროპულ ფრონტზე და ევროპული მიმართულებით ცდილობს, საქართველოს ადვოკატირება გააკეთოს. ეს არ აწყობს ხელისუფლებას, რადგან მანამდე ძალიან კმაყოფილი იყვნენ მისით. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ივანიშვილთან ერთად, საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, ამ მოღალატეობრივ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან კმაყოფილი იყვნენ და ახლა ევროკავშირში რომ დადის საქართველოს ადვოკატირებისთვის, ეს არ მოსწონთ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან, რომ ხმები არ ეყოფათ, რადგან ამ ბინძურ თამაშში არავინ აპირებს ჩართვას, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც სხვა ნამდვილი ოპოზიციური პარტიები. ჩვენ გვინდა, ქალბატონ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და ვურჩიოთ, რომ ევროპელ მეგობრებთან ერთად სიარული ზოგადად კარგია, მაგრამ პირველ ყოვლისა, მან უნდა გააკეთოს ის, რაც აქ არის გასაკეთებელი და რაც მას შეუძლია, არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება საქართველოს კონსტიტუციით.

თუ მას მართლა აქვს სურვილი, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპულ სტანდარტებს, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი, პუტინის მძევალი უკანონო პატიმრობიდან. ამით შეამციროს პოლარიზაცია, რომლის შემცირებაზეც არის ერთ-ერთი პუნქტი. მან ჯერ თავისი საქმე გააკეთოს და შემდეგ იაროს საზღვარგარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იფიქრებენ, რომ ის არ არის გულწრფელი. არანაირი მოლაპარაკებები იმპიჩმენტის წინ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ქალბატონ ზურაბიშვილთან არ იქნება. გეუბნებით, რა არის მისი გასაკეთებელი და რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართვა, მოთხოვნა ქალბატონი ზურაბიშვილისადმი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტია და მას შეუძლია, თავისი დე ფაქტო უფლებამოსილებები გამოიყენოს. ეს მისი მოვალეობაა კონსტიტუციით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.