“მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

91
spot_img

გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია.

„ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებშიც კი ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით იყიდით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარიები“, „ ჯაფარიძის გირჩი“ და სხვები დღეს, ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა კობახიძემ.