რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე? – უცხოური პრესა

113
spot_img

 „როცა რაიმე მნიშვნელოვანი მზადდება, ვთქვათ, პრინციპული გეოპოლიტიკური ცვლილება, ის, როგორც წესი, მოულოდნელად და უეცრად არ ხდება. პოლიტიკოსები არასდროს არ აჟღერებენ პირველები ასეთ განცხადებებს – ისინი ჯერ პრესას „აძლევენ“ ამგვარ დავალებას, ანუ მასმედია უშვებს სასინჯ ინფორმაციას („გაჟონილი“ სახით), შემდეგ კი საინფორმაციო სივრცეს განსაზღვრული შინაარსის მქონე მასალებით ავსებენ. სწორედ ასე ხდება დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც“, – ნათქვამია ხორვატულ გამოცემა „ედვენსის“ (Advance) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე?“ (ავტორი – დ. მარიანოვიჩი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო ხანს ამერიკლ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, კერძოდ, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“, ასევე ჟურნალების „ფორინ პოლისისა“ და „ნიუ-იორკერის’ პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები – ცნობილი ჟურნალისტების და ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავენ, აანალიზებენ უკრაინის კონტრშეტევას, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალ Foreign Affairs-ის აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი მასალა სათაურით „ომი, რომელშიც დასავლეთი ვერ გაიმარჯვებს: რატომ უნდა გამოვიდეს ვაშინგტონი უკრაინიდან“.

როგორც დ.მარიანოვიჩი აღნიშნავს, ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად პატური სიტუაცია არის ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, უკრაინული და დასავლური მასმედიის ბევრი წარმომადგენელი კონტრშეტევას აქებს და ადიდებს, მას გარდატეხვად თვლის („აი, გაირღვა უკვე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი!“), თუმცა სინამდვილეში უკრაინის არმიის წარმატება ძალზე მოკრძალებულია. კაცმა რომ თქვას, კიევის დასავლელი მოკავშირეების უმრავლესობა ომის პირველივე დღიდანვე ხვდებოდა იმას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინისადმი თავიანთი დახმარებით ომში რუსეთი გამოიფიტება, მისი ეკონომიკა სანქციებით დაინგრევა, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაუარესდება, დაიწყება მოსახლეობის უკმაყოფილება, ქვეყნის შიგნით უწესრიგობები, კრემლი დასუსტდება და მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.

მაგრამ დასავლეთისა და უკრაინის საწყენად, რუსეთის ეკონომიკამ სანქციების ცხრა პაკეტს გაუძლო და ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაორიენტირდა, პირველეს ყოვლისა, ჩინეთზე და ინდოეთზე. უფრო მეტიც, სერიოზული პრობლემები უგროვდება ანტირუსული სანქციების შემომღებ მხარეს – ევროკავშირს. ბევრ კითხვას იწვევს გერმანიის მდგომარეობა, რომელიც, ტრადიციული გერმანული შრომისმოყვარეობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიუხედავად, საკმაოდ იყო დამოკიდებული იაფ რუსულ გაზზე და იაფ მუშახელზე, რომლებსაც ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა. ბერლინი მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ ნეგატიური შედეგების გამოსწორებას დიდი დრო ჭირდება. გერმანია თანდათან თმობს ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის როლს.

ატლანტის ოკეანის გადაღმაც შეშფოთებულები არიან გერმანიისა და საერთოდ, ევროკავშირის რთული ეკონომიკური მდგომარეობით, რომლის შედეგად მემეარჯვენეები უფრო პოპულარულები ხდებიან. ამერიკელი ხალხი, თავის მხრივ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს თავის მიერ გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილის მიცემას უკრაინისადმი იმ დროს, როცა ცხოვრების დონე თვითონაც უმცირდება და სერიოზული პრობლემები ექმნება. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მოსახლეობის განწყობა წინასაარჩევნო კამპანიაზე და უშუალოდ ხმის მიცემაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. გარდა ამისა, ამერიკული ელიტის ნაწილს სურს, რომ ევროკავშირს უკრაინის ომისაგან რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს – მათ მოსწონთ, რომ ომი ფიტავს არამარტო რუსეთს, არამედ გერმანიასაც, საფრანგეთსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკისადმი ლიალურად განწყობილ დიდ ბრიტანეთსაც.

როგორც სტატიის ავტორი ასკვნის, „რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდება, ქვეყანაში სამხედრო ეკონომიკა ძლიერდება. ამიტომაც, სანამ დასავლეთისათვის უფრო უარესი არ მომხდარა, მანამ ის რუსეთის შეკავებას უნდა შეეცადოს… უკრაინის ომის დასრულების გზით, რაც აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. დასავლეთს, ერთი მხრივ ჩინეთის პოლიტიკა აშფოთებს (ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენის სახით), მეორე მხრივ კი რუსეთის კურსი (სამხედრო და გეოპოლიტიკური სახით). არსებობს აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო უმჯობესია ვოლოდიმირ ზელენსკის ბედის ანაბარად გაშვება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისის მომხრეები სულ უფრო მეტნი ხდებიან“.

წყარო