Home Blog Page 2266

მაღაროში ნაპოვნი ბეწვის გორგალი გამყინვარების ხანის ციყვის სხეული აღმოჩნდა (ფოტოები)

ერთი შეხედვით, ბეწვისა და კლანჭების ყავისფერი გორგალი რაღაც გაურკვეველს წააგავს.

თუმცა, რენტგენული სხივებით სკანირებამ ცხადყო, რომ გრეიფრუტის ზომის ბურთი სინამდვილეში 30 000 წლის წინანდელი, გამყინვარების პერიოდის მუმიფიცირებული მიწის ციყვის სხეულია.

უცნაური ბეწვის გორგალი 2018 წელს ოქროს მაღაროელმა იპოვა კანადის ქალაქ დოუსონის სიახლოვეს, ერთ-ერთ მაღაროში.

„თავიდან ვერ მიხვდები, რა არის, ვიდრე პატარა თათებსა და კლანჭებს არ დაინახავ, შემდეგ დაინახავ პატარა კუდსა და ყურებსაც“, — ამბობს კანადის იუკონის ტერიტორიის მთავრობის პალეონტოლოგი გრანტ ზაზულა.

იუკონში მდებარე კლონდაიკის ოქროს მინდვრები გამყინვარების ხანის შემდეგ გაყინული ნიადაგით არის დაფარული. შესაბამისად, ამ ზონაში ბრწყინვალედ არის შემონახული იმ პერიოდის გაყინული ცხოველები.

ოქროს მომპოვებლებს იქ ასევე ნაპოვნი აქვთ მუმიფიცირებული მგლის ლეკვი და საოცრად კარგად შემონახული ჩვილი მამონტის სხეული

იმის გამო, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურა იზრდება, გაყინული ნიადაგები დნება და ასეთი აღმოჩენები მომავალში ალბათ უფრო გახშირდება. სამწუხაროდ, ამ პროცესში გარემოში თავისუფლდება უძველესი ვირუსები და მიკრობებიც.

აღმოჩენილი ციყვი ეკუთვნის არქტიკული მიწის ციყვის სახეობას, რომელიც იუკონში დღემდე ბინადრობს. ისინი უფრო ტყის ვირზაზუნებს ჰგვანან, ვიდრე ხის ციყვებს.

ეს არსებები ზამთრის ძილისთვის სოროებს მიწაში თხრიან. იუკონში დღემდე შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის მრავალი ასეთი სორო.

მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – ანი წითლიძე

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, რომ სამშაბათს, 18 აპრილს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შექმნას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება, რასაც გამოეხმაურა ანი წითლიძე და თქვა, რომ მიესალმება ამ ინიციატივას და ახლა დაპირისპირების ნაცვლად, მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს სამშაბათის სესიაზე და შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, – აღნიშნა ანი წითლიძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ეღირება, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1374 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ღირდა, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1461 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აპრილს ამოქმედდება.

“თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ” – რას წერს „გოლოს არმენიი“

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში (Голос Армении) დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ“ (ავტორი – სონია მელოიანი), რომელშიც განხილული და გადმოცემულია თბილისში მდებარე სომხური მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულების – პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობა.

„ოდესღაც სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული თეატრის შენობა ააგო, ახლა კი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აშენებს თბილისში სომხურ თეატრს. ყველაფერი სწორია – ვალს გადახდა უნდა“, – ამბობდა დიდი თეატრალური რეჟისორი და შ.რუსთაველის სახელობის ეროვნული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

დიახ, ყველაფერი სწორია: 1898-1901 წლებში ცნობილმა თბილისელმა ვაჭარმა და მეცენატმა, სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში თეატრის მდიდრული შენობა ააშენა, რომელიც 1,5 მილიონი ოქროს რუბლი დაჯდა. სხვათა შორის, მშენებლობაში ფული ჩადო აგრეთვე ცნობილმა ნავთობმრეწველმა, სომხური წარმომავლობის მქონე ფილანტროპმა ალექსანდრე მანთაშევმაც. რამდენი თანხაა დახარჯული ქართველი ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის სომხური თეატრის ახალი შენობის აგებისათვის, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის. თეატრის გახსნამდე უკვე სულ ცოტაღა დარჩა, შენობა მთლიანად აგებულია, რჩება მხოლოდ მცირეოდენი შიდა სამუშაოები, ტექნიკური აღჭურვილობა… როგორც თეატრის ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი აცხადებს, მთელ საქართველოში თეატრის ასეთი დიდებული შენობა მეორე არსად არ არის. იგი მართალს ამბობს“, – წერს სტატიის ავტორი.

ძველი შენობისაგან დიდებული ისტორიის მქონე თეატრს მხოლოდ პორტიკი და ცენტრალური შესასვლელის სვეტები შემორჩა. დახეთქილი და ბათქაშაცვენილი კედლების, გაცვეთილი კიბეების, დაზიანებული სახურავის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მარმარილოს კიბეებს, დიდ თანამედროვე სცენას, დიდებულ დარბაზს, რომელშიც მაყურებლისთვის 120 სავარძელი უნდა დაიდგას…. შენობას აქვს ღი დიდი ბალუსტრადიანი ბალკონი, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.
„ჩვენს თეატრში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. დასში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც მშობლიური თეატრის სცენაზე ჯერ არც გასულან. საბედნიეროდ, ეს პერიოდი უკვე მთავრდება. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა, არამედ მთელი საქართველოსი, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იჩენს სომხური თეატრის მიმართ“, – ამბობს არმენ ბაიანდურიანი „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

სტატიაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული თეატრის ისტორია, შემოქმედებითი მიღწევები, საქართველოში მცხოვრები სომხური საზოგადოების ძალისხმევა კულტურის ამ მნიშვნელოვანი კერის განვითარების მიზნით – როგორც წარსულში, მე-20 საუკუნეში, ისე დღევანდელ პირობებში.

„სომხური თეატრის ადმინისტრაცია უკვე გადავიდა ახალ შენობაში. კიდევ ცოტაც და დასი მუშაობას დაიწყებს… ჩვენ იმედით ველოდებით შემოსდგომას, რათათბილისში ისევ გავემგზავროთ და მონაწილეობა მივიღოთ სომხური თეატრის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში, რომელიც საქართველოში უნიკალური და განუმეორებელია. ეს არა მარტო სიხარულს გვანიჭებს, არამედ გლობალურ ოპტიმიზმს გვისახავს – ჩვენს ახლოს არის ქვეყანა, სადაც თეატრები კი არ იხურება, არამედ იხსნება…“, – წერს ავტორი.

წყარო

” BBC-თან მაქვს ბევრი შეკითხვა”- დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა.

როგორც კეზერაშვილი აცხადებს, არ აქვს და არც არასდროს ჰქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება”, – ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში.

“ჩასატარებელია დამატებითი კვლევები” – რატომ დაიწყო ქვათა ცვენა რიკოთზე

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი თქმით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათა ცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამ გამოიწვია აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათა ცვენა და შეიძლება ველოდეთ კიდევ მსგავს ფაქტებს?

ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთი, ყველაზე რთული მონაკვეთია, ახლად მშენებარე ავტობანის გასწვრივ და შესაბამისად საკმაოდ რთული კვლევები იყო ჩატარებული.

„ნაწილობრივ ვიცნობ ამ კვლევებს. უნდა გითხრათ, რომ იმ კვლევების თანახმად, პრინციპში, სწორი სტრატეგია იყო არჩეული, რომელიც გულისხმობდა გარკვეული რაოდენობის სტანდარტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ამა თუ იმ სირთულის მონაკვეთებისათვის. მაგრამ ეს არ გამორიცხავს გარკვეულ მოულოდნელობებს. შესაძლებელია იყოს ისეთი რამ, რაც ამ კვლევებში ბოლომდე გათვალისწინებული არ არის. ასეთ შემთხვევაში ჩასატარებელია დამატებითი კვლევები და იმ კონკრეტული მონაკვეთისთვის უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები.

როგორც ჩანს, რაღაც მონაკვეთებისთვის, რიკოთის შემთხვევაში, კვლევა ბოლომდე კარგად არ არის გაკეთებული, ან რაღაც სხვა მიზეზია. ფაქტი სახეზეა, რომ გაუთვალისწინებელ ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს; მაგალითად, მოვლენების გაუთვალისწინებლობა, ან მასალების ხარისხის შეუსაბამობა და ა.შ. ერთი რამ ცხადია, რომ ეს ძალიან რთული მონაკვეთია, რომელსაც სერიოზული კვლევები სჭირდება, მშენებლობის პროცესში კი აუცილებალია მონიტორინგი,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში გეოლოგი.

როგორც ის განმარტავს, მსგავს მეწყრულ პროცესებს გაზაფხულის პერიოდში წვიმები და თოვლის დნობა იწვევს.

„კარგი იქნებოდა, რომ ეს გათვალისწინებული და წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. არსებობს წინასწარ დაგეგმილი მეთოდოლოგია, ვთქვათ, სპეციალურად იწვევ ქვათა ცვენას, ან – ააქტიურებენ მეწყერს. ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვფიქრობ, გარკვეული ფაქტორები ბოლომდე არ იყო გათვალისწინებული.

ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეული ხარჯების მომატებას, რისი გათვალისწინებაც მომავალში აუცილებელია.

ნებისმიერი, მითუმეტეს ასეთი სახის ნაგებობები, გვირაბები, კაშხლები და ა.შ. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ყოველთვის უნდა ხდებოდეს შემოწმება, ბზარების დადგენა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ღონისძიებების გატარება პროექტში ჩადებულია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მაგისტრალი მთელი საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ჩემი აზრით, მისდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება,“- აღნიშნავს არჩილ მაღალაშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ახლა მაინც დაიჭირონ კეზერაშვილი” – ალეკო ელისაშვილი

კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონრების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ. „ბიბისი“ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „დავით კეზერაშვილი არის იშვიათი გარეწარი“.

„ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, მოიპარა ფული და შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ თვალი დახუჭა და მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ასე იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა.

იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონრების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ. „ბიბისი“ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ის ოპოზიცია, რომელიც კურტუმოგაბზეკილი დადიოდა და აქეთ ჭკუას გვარიგებდა“.

„კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ. მით უმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და გაყიდის კურტუმოგაბზეკილ ოპოზიციას. დადგნენ და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონრების ქურდისგან ფულს რომ იღებენ? „ბიბისი“ არ არის არც „ფორმულა“, არც „ტვ პირველი“ და არც „იმედი“, „პოსტივი“. „ქართული ოცნება“ კეზერაშვილს თავზე ხელს 11 წელი რატომ უსვამდა? ვიდრე ევროპარლამენტს ვედავებით, კეზერაშვილი ასე და ისე რატომ არის მოხსენიებული, ხელისუფლება რას აკეთებდა? კეზერაშვილი 18-მილიონიან ბინაში რომ ცხოვრობს, არ იცოდნენ? თარგამაძემ ინტერვიუ თუ ჩაწერა, „ქართული ოცნების“ დაგეშილმა პროკურატურამ ვერ იპოვა? მათთან მაქვს პრეტენზია, თავზე ხელს რატომ უსვამდნენ. ადრე თუ რეზოლუციებში კეზერაშვილი მედიამაგნატი ეგონათ, ახლა ნახავენ, რომ პენსიონრების ქურდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მაჭახელი – იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბიოსფერული ნაკრძალი

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაჭახელი – იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბიოსფერული ნაკრძალი“, რომელშიც საუბარია საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის ართვინის პროვინციაში არსებულ ბუნებრივ ეკოსისტემაზე და მის ისტორიულ წარსულზე, რომელიც 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული.
გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბიოსფერული რეზერვატები წარმოადგენენ ტერიტორიებს ხმელეთის ან სანაპირო ეკოსისტემებით, სადაც დამყარებულია ეკოლოგიურად, ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად დაბალანსებული და მდგრადი ურთიერთობები ადამიანსა და ბუნებას შორის. 2021 წლის მონაცემებით, იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში არის 714 ბიოსფერული რეზერვი 129 ქვეყნიდან. თურქეთის პირველი და ერთადერთი ბიოსფერული ნაკრძალი არის ართვინის პროვინციის ბორჩხას რაიონის საზღვრებში მდებარე „ჯამილი“, რომელიც უფრო ცნობილია სახელით „მაჭახელი“. ამ რეგიონს აქვს მომხიბლავი სილამაზე თავისი ბუნებრივი ძველი ტყეებით, ენდემური მცენარეებით, ისტორიული მეჩეთებით, სუფთა კავკასიური ფუტკრით და თავისი უნიკალური კულტურით და ხელუხლებელი პლატოებით.

ქარჩალის მთების კალთებზე, რომლის სიმაღლეც 3450 მეტრს აღწევს, საქართველოს საზღვარზე 3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე იალაღი, რთული სატრანსპორტო პირობების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია ფოტოგრაფებისა და ბუნების მოყვარულთათვის.

რეგიონმა დღევანდელი ფორმა მიიღო 1921 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის სასაზღვრო შეთანხმებით. ხელშეკრულების თანახმად, ხეობის 18 სოფლიდან 12 საქართველოს საზღვრებში, 6 თურქეთის საზღვრებში დარჩა. საქართველოს საზღვარი სოფელ ჯამილის ქვემოთ გადის. ზამთარში და გაზაფხულზე მაჭახელის სოფლებში თურქულ დასახლებამდე მისვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან 4-6 თვე თოვლითაა ჩაკეტილი გზები. ზამთრის ამ მკაცრი პირობების გამო, სოფლებში საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი მოსახლეობა ბორჩხას ან ართვინის ნაცვლად საქართველოში გადადის. სატრანსპორტო მოძრაობის სირთულემ ასევე დიდი უპირატესობა შეუქმნა რეგიონს; ამ გზით მაჭახელმა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვით შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ბუნება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

2006 წელს იუნესკოს მიერ „მსოფლიო ბიოსფერული ნაკრძალის ზონად“ გამოცხადებულ მაჭახელში მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება ადგილობრივების ყველაზე მნიშვნელოვანი საარსებო წყაროა. სიმაღლის სხვაობის გამო წარმოქმნილი მდიდარი მცენარეული საფარი “სუფთა კავკასიურ ფუტკარს” მასპინძლობს. ყოველწლიურად, აგვისტოს შუა რიცხვებში, მაჭახელში იმართება „თაფლის ფესტივალი“. რეგიონის მოსახლეობა საკმარისად გამოცდილია, რათა საერთაშორისო პლატფორმებზე გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა მეფუტკრეობის სფეროში.

წყარო

“თურქეთ-საქართველოს ვაჭრობა რეკორდულ 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა” – რას წერს „დეილი საბაჰი“

თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთ-საქართველოს ვაჭრობა რეკორდულ 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა“ (ავტორი – დილარა ასლან ოზერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას საუბარი თურქ ჟურნალისტთან, ორი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ.

„დეილი საბაჰისადმი“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველმა დიპლომატმა გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ 2022 წლის შედეგებით, თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო – სტატისტიკის მიხედვით, საქონელბრუნვამ 2,81 მილიარდი დოლარი შეადგინა“. ამრიგად, მოცულობა რეკორდულს მიუახლოვდა
ელჩის თქმით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე 2023 წლის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება – „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქართული ბაზარი მთლიანად გაიხსნა GMP-ის სტანდარტული, მაღალხარისხიანი თურქული წამლებისათვის“, – ხაზს უსვამს ელჩი ინტერვიუში და ორი ქვეყნის ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემებს ასახელებს. პოზიტიურია აგრეთვე თურქული ინვესტიციების დაბანდების პროცესიც ქართულ ეკონომიკაში. როგორც ცნობილია, საქართველო თურქი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით გამოირჩევა.

სტატიაში საუბარია აგრეთვე იმ ენერგეტიკულ კომუნიკაციებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპისაკენ გადაზიდვას ემსახურება (გაზ- და ნავთობსადენებზე). ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პოტენციალზე – 2022 წელს ამ რკინიგზით 435 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადატანილი
ქართველი დიპლომატი ყურადღებას უთმობს აგრეთვე ტურიზმის გაფართოების მნიშვნელობას საქართველოსა და თურქეთისათვის. როგორც ცნობილია, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. „2022 წლის შედეგებით, საქართველოში შემოსული თურქი ტურისტების რაოდენობით, თურქეთმა მეორე ადგილი დაიკავა. თურქული ავიაკომპანიები „თურქიშ ეირლაინზი“, „ანადოლუჯეტი“ და „პეგასუსი“ (Turkish Airlines -THY, Anadolujet, Pegasus) ყოველკვირეულად 72 რეისს ასრულებენ ანკარიდან, სტამბოლიდან და ანტალიიდან თბილისსა და ბათუმში“, – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

ბოლო ათწლეულში საქართველომ და თურქეთმა დიდი ნაბიჯები გადადგეს ორმხრივი კავშირების განმტკიცებისათვის, რომელიც განსაკუთრებით გაფართოვდა მას შემდეგ, რაც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბდა.

თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს. ანკარა ასევე მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას და ხელს უწყობს მისი ასეთი გეგმების რეალიზებას. ორი მეგობარი ქვეყნის დინამიური პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას განაპირობებს ორმხრივი მაღალი დონის კონტაქტები და ვიზიტები, მრავალი წლის განმავლობაში.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთს ეწვია და განაცხადა, რომ მზად არის ყოველგვარი აუცილებელი დახმარების გაწევისათვის. მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებში 200 ქართველი მაშველი მონაწილეობდა, ქალაქ ადამიანში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. როტაციის შემდეგ ქართველებმა სამაშველო სამუშაოები ჰატაის პროვინციის ქალაქ ანტაკიაშიც გააგრძელეს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წყარო

მსოფლიო ვერ უგულებელყოფს, თუ როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები – ზელენსკი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის კადრებს და ამბობს, რომ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაგირება.  „არის რაღაც, რასაც მსოფლიო ვერ უგულებელყოფს: როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს მკვლელობა… მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, როგორიც ის არის. მათთვის არ არსებობენ ადამიანები, შვილი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…“

ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ეპიზოდი არ არის, ასე იყო ადრეც, ასე იყო ბუჩაში. ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, რომ დრო გავა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არაფერს დაივიწყებს და მკვლელებს არ აპატიებს.

“ყველაფრისთვის კანონიერი პასუხისმგებლობა დადგება. ტერორი უნდა დამარცხდეს. ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერებს რეაგირება არ ექნებათ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ! ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ფრონტზე. მაქსიმალურად დავეხმაროთ. გავდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი- გამარჯვების მოპოვებაა. მთავარი მიზანი – უკრაინას სჭირდება სიძლიერე, რომ გაიმარჯვოს. ოკუპანტების განადგურება, მკვლელების დასჯა, ბოროტი სახელმწიფის ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

11 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროები დანით თავს კვეთენ უკრაინელ ჯარისკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ჯერ კიდევ ცოცხალია, როდესაც ოკუპანტებმა მისთვის თავის მოჭრა დაიწყეს.

 

“მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება” – ნიკა მელია

ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმაურება.

როგორც მელია აცხადებს, გამარჯვებას სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.

„ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს “გამოსავალს”, “ახსნასა” და “განმარტებას” ეძებენ… შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში, არამედ არსშია.

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც “გამოსავალსა” და “ახსნას” ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა “დავალებიდან” გამომდინარე.

თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა “მოსახერხებელი” პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან, ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ, ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, – წერს ნიკა მელია.

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის” – ვახტანგ ცინცაძე

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2023 – 2028 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული. აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთის მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, – აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა.

„ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.