მაჭახელი – იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბიოსფერული ნაკრძალი

93
spot_img

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაჭახელი – იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ბიოსფერული ნაკრძალი“, რომელშიც საუბარია საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის ართვინის პროვინციაში არსებულ ბუნებრივ ეკოსისტემაზე და მის ისტორიულ წარსულზე, რომელიც 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული.
გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბიოსფერული რეზერვატები წარმოადგენენ ტერიტორიებს ხმელეთის ან სანაპირო ეკოსისტემებით, სადაც დამყარებულია ეკოლოგიურად, ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად დაბალანსებული და მდგრადი ურთიერთობები ადამიანსა და ბუნებას შორის. 2021 წლის მონაცემებით, იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში არის 714 ბიოსფერული რეზერვი 129 ქვეყნიდან. თურქეთის პირველი და ერთადერთი ბიოსფერული ნაკრძალი არის ართვინის პროვინციის ბორჩხას რაიონის საზღვრებში მდებარე „ჯამილი“, რომელიც უფრო ცნობილია სახელით „მაჭახელი“. ამ რეგიონს აქვს მომხიბლავი სილამაზე თავისი ბუნებრივი ძველი ტყეებით, ენდემური მცენარეებით, ისტორიული მეჩეთებით, სუფთა კავკასიური ფუტკრით და თავისი უნიკალური კულტურით და ხელუხლებელი პლატოებით.

ქარჩალის მთების კალთებზე, რომლის სიმაღლეც 3450 მეტრს აღწევს, საქართველოს საზღვარზე 3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე იალაღი, რთული სატრანსპორტო პირობების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია ფოტოგრაფებისა და ბუნების მოყვარულთათვის.

რეგიონმა დღევანდელი ფორმა მიიღო 1921 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის სასაზღვრო შეთანხმებით. ხელშეკრულების თანახმად, ხეობის 18 სოფლიდან 12 საქართველოს საზღვრებში, 6 თურქეთის საზღვრებში დარჩა. საქართველოს საზღვარი სოფელ ჯამილის ქვემოთ გადის. ზამთარში და გაზაფხულზე მაჭახელის სოფლებში თურქულ დასახლებამდე მისვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან 4-6 თვე თოვლითაა ჩაკეტილი გზები. ზამთრის ამ მკაცრი პირობების გამო, სოფლებში საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი მოსახლეობა ბორჩხას ან ართვინის ნაცვლად საქართველოში გადადის. სატრანსპორტო მოძრაობის სირთულემ ასევე დიდი უპირატესობა შეუქმნა რეგიონს; ამ გზით მაჭახელმა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვით შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ბუნება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

2006 წელს იუნესკოს მიერ „მსოფლიო ბიოსფერული ნაკრძალის ზონად“ გამოცხადებულ მაჭახელში მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება ადგილობრივების ყველაზე მნიშვნელოვანი საარსებო წყაროა. სიმაღლის სხვაობის გამო წარმოქმნილი მდიდარი მცენარეული საფარი “სუფთა კავკასიურ ფუტკარს” მასპინძლობს. ყოველწლიურად, აგვისტოს შუა რიცხვებში, მაჭახელში იმართება „თაფლის ფესტივალი“. რეგიონის მოსახლეობა საკმარისად გამოცდილია, რათა საერთაშორისო პლატფორმებზე გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა მეფუტკრეობის სფეროში.

წყარო