თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთ-საქართველოს ვაჭრობა რეკორდულ 3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა“ (ავტორი – დილარა ასლან ოზერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას საუბარი თურქ ჟურნალისტთან, ორი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ.
„დეილი საბაჰისადმი“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველმა დიპლომატმა გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ 2022 წლის შედეგებით, თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო – სტატისტიკის მიხედვით, საქონელბრუნვამ 2,81 მილიარდი დოლარი შეადგინა“. ამრიგად, მოცულობა რეკორდულს მიუახლოვდა
ელჩის თქმით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე 2023 წლის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება – „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქართული ბაზარი მთლიანად გაიხსნა GMP-ის სტანდარტული, მაღალხარისხიანი თურქული წამლებისათვის“, – ხაზს უსვამს ელჩი ინტერვიუში და ორი ქვეყნის ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემებს ასახელებს. პოზიტიურია აგრეთვე თურქული ინვესტიციების დაბანდების პროცესიც ქართულ ეკონომიკაში. როგორც ცნობილია, საქართველო თურქი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით გამოირჩევა.
სტატიაში საუბარია აგრეთვე იმ ენერგეტიკულ კომუნიკაციებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპისაკენ გადაზიდვას ემსახურება (გაზ- და ნავთობსადენებზე). ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პოტენციალზე – 2022 წელს ამ რკინიგზით 435 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადატანილი
ქართველი დიპლომატი ყურადღებას უთმობს აგრეთვე ტურიზმის გაფართოების მნიშვნელობას საქართველოსა და თურქეთისათვის. როგორც ცნობილია, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. „2022 წლის შედეგებით, საქართველოში შემოსული თურქი ტურისტების რაოდენობით, თურქეთმა მეორე ადგილი დაიკავა. თურქული ავიაკომპანიები „თურქიშ ეირლაინზი“, „ანადოლუჯეტი“ და „პეგასუსი“ (Turkish Airlines -THY, Anadolujet, Pegasus) ყოველკვირეულად 72 რეისს ასრულებენ ანკარიდან, სტამბოლიდან და ანტალიიდან თბილისსა და ბათუმში“, – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.
ბოლო ათწლეულში საქართველომ და თურქეთმა დიდი ნაბიჯები გადადგეს ორმხრივი კავშირების განმტკიცებისათვის, რომელიც განსაკუთრებით გაფართოვდა მას შემდეგ, რაც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბდა.
თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს. ანკარა ასევე მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას და ხელს უწყობს მისი ასეთი გეგმების რეალიზებას. ორი მეგობარი ქვეყნის დინამიური პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას განაპირობებს ორმხრივი მაღალი დონის კონტაქტები და ვიზიტები, მრავალი წლის განმავლობაში.
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთს ეწვია და განაცხადა, რომ მზად არის ყოველგვარი აუცილებელი დახმარების გაწევისათვის. მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებში 200 ქართველი მაშველი მონაწილეობდა, ქალაქ ადამიანში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. როტაციის შემდეგ ქართველებმა სამაშველო სამუშაოები ჰატაის პროვინციის ქალაქ ანტაკიაშიც გააგრძელეს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.