“თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ” – რას წერს „გოლოს არმენიი“

295
spot_img

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში (Голос Армении) დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ“ (ავტორი – სონია მელოიანი), რომელშიც განხილული და გადმოცემულია თბილისში მდებარე სომხური მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულების – პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობა.

„ოდესღაც სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული თეატრის შენობა ააგო, ახლა კი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აშენებს თბილისში სომხურ თეატრს. ყველაფერი სწორია – ვალს გადახდა უნდა“, – ამბობდა დიდი თეატრალური რეჟისორი და შ.რუსთაველის სახელობის ეროვნული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

დიახ, ყველაფერი სწორია: 1898-1901 წლებში ცნობილმა თბილისელმა ვაჭარმა და მეცენატმა, სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში თეატრის მდიდრული შენობა ააშენა, რომელიც 1,5 მილიონი ოქროს რუბლი დაჯდა. სხვათა შორის, მშენებლობაში ფული ჩადო აგრეთვე ცნობილმა ნავთობმრეწველმა, სომხური წარმომავლობის მქონე ფილანტროპმა ალექსანდრე მანთაშევმაც. რამდენი თანხაა დახარჯული ქართველი ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის სომხური თეატრის ახალი შენობის აგებისათვის, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის. თეატრის გახსნამდე უკვე სულ ცოტაღა დარჩა, შენობა მთლიანად აგებულია, რჩება მხოლოდ მცირეოდენი შიდა სამუშაოები, ტექნიკური აღჭურვილობა… როგორც თეატრის ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი აცხადებს, მთელ საქართველოში თეატრის ასეთი დიდებული შენობა მეორე არსად არ არის. იგი მართალს ამბობს“, – წერს სტატიის ავტორი.

ძველი შენობისაგან დიდებული ისტორიის მქონე თეატრს მხოლოდ პორტიკი და ცენტრალური შესასვლელის სვეტები შემორჩა. დახეთქილი და ბათქაშაცვენილი კედლების, გაცვეთილი კიბეების, დაზიანებული სახურავის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მარმარილოს კიბეებს, დიდ თანამედროვე სცენას, დიდებულ დარბაზს, რომელშიც მაყურებლისთვის 120 სავარძელი უნდა დაიდგას…. შენობას აქვს ღი დიდი ბალუსტრადიანი ბალკონი, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.
„ჩვენს თეატრში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. დასში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც მშობლიური თეატრის სცენაზე ჯერ არც გასულან. საბედნიეროდ, ეს პერიოდი უკვე მთავრდება. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა, არამედ მთელი საქართველოსი, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იჩენს სომხური თეატრის მიმართ“, – ამბობს არმენ ბაიანდურიანი „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

სტატიაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული თეატრის ისტორია, შემოქმედებითი მიღწევები, საქართველოში მცხოვრები სომხური საზოგადოების ძალისხმევა კულტურის ამ მნიშვნელოვანი კერის განვითარების მიზნით – როგორც წარსულში, მე-20 საუკუნეში, ისე დღევანდელ პირობებში.

„სომხური თეატრის ადმინისტრაცია უკვე გადავიდა ახალ შენობაში. კიდევ ცოტაც და დასი მუშაობას დაიწყებს… ჩვენ იმედით ველოდებით შემოსდგომას, რათათბილისში ისევ გავემგზავროთ და მონაწილეობა მივიღოთ სომხური თეატრის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში, რომელიც საქართველოში უნიკალური და განუმეორებელია. ეს არა მარტო სიხარულს გვანიჭებს, არამედ გლობალურ ოპტიმიზმს გვისახავს – ჩვენს ახლოს არის ქვეყანა, სადაც თეატრები კი არ იხურება, არამედ იხსნება…“, – წერს ავტორი.

წყარო