მაღაროში ნაპოვნი ბეწვის გორგალი გამყინვარების ხანის ციყვის სხეული აღმოჩნდა (ფოტოები)

39
spot_img

ერთი შეხედვით, ბეწვისა და კლანჭების ყავისფერი გორგალი რაღაც გაურკვეველს წააგავს.

თუმცა, რენტგენული სხივებით სკანირებამ ცხადყო, რომ გრეიფრუტის ზომის ბურთი სინამდვილეში 30 000 წლის წინანდელი, გამყინვარების პერიოდის მუმიფიცირებული მიწის ციყვის სხეულია.

უცნაური ბეწვის გორგალი 2018 წელს ოქროს მაღაროელმა იპოვა კანადის ქალაქ დოუსონის სიახლოვეს, ერთ-ერთ მაღაროში.

„თავიდან ვერ მიხვდები, რა არის, ვიდრე პატარა თათებსა და კლანჭებს არ დაინახავ, შემდეგ დაინახავ პატარა კუდსა და ყურებსაც“, — ამბობს კანადის იუკონის ტერიტორიის მთავრობის პალეონტოლოგი გრანტ ზაზულა.

იუკონში მდებარე კლონდაიკის ოქროს მინდვრები გამყინვარების ხანის შემდეგ გაყინული ნიადაგით არის დაფარული. შესაბამისად, ამ ზონაში ბრწყინვალედ არის შემონახული იმ პერიოდის გაყინული ცხოველები.

ოქროს მომპოვებლებს იქ ასევე ნაპოვნი აქვთ მუმიფიცირებული მგლის ლეკვი და საოცრად კარგად შემონახული ჩვილი მამონტის სხეული

იმის გამო, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურა იზრდება, გაყინული ნიადაგები დნება და ასეთი აღმოჩენები მომავალში ალბათ უფრო გახშირდება. სამწუხაროდ, ამ პროცესში გარემოში თავისუფლდება უძველესი ვირუსები და მიკრობებიც.

აღმოჩენილი ციყვი ეკუთვნის არქტიკული მიწის ციყვის სახეობას, რომელიც იუკონში დღემდე ბინადრობს. ისინი უფრო ტყის ვირზაზუნებს ჰგვანან, ვიდრე ხის ციყვებს.

ეს არსებები ზამთრის ძილისთვის სოროებს მიწაში თხრიან. იუკონში დღემდე შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის მრავალი ასეთი სორო.