მსოფლიო ვერ უგულებელყოფს, თუ როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები – ზელენსკი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაზე

61
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის კადრებს და ამბობს, რომ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაგირება.  „არის რაღაც, რასაც მსოფლიო ვერ უგულებელყოფს: როგორ მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო… უკრაინელი სამხედროს მკვლელობა… მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, როგორიც ის არის. მათთვის არ არსებობენ ადამიანები, შვილი, ძმა, ქმარი.. ვიღაცის შვილი…“

ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ეპიზოდი არ არის, ასე იყო ადრეც, ასე იყო ბუჩაში. ათასჯერ. ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, ყველა ლიდერს. არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ეს დავიწყებას მიეცემა, რომ დრო გავა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არაფერს დაივიწყებს და მკვლელებს არ აპატიებს.

“ყველაფრისთვის კანონიერი პასუხისმგებლობა დადგება. ტერორი უნდა დამარცხდეს. ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერებს რეაგირება არ ექნებათ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ! ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ფრონტზე. მაქსიმალურად დავეხმაროთ. გავდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი- გამარჯვების მოპოვებაა. მთავარი მიზანი – უკრაინას სჭირდება სიძლიერე, რომ გაიმარჯვოს. ოკუპანტების განადგურება, მკვლელების დასჯა, ბოროტი სახელმწიფის ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

11 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი სამხედროები დანით თავს კვეთენ უკრაინელ ჯარისკაცს. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ჯერ კიდევ ცოცხალია, როდესაც ოკუპანტებმა მისთვის თავის მოჭრა დაიწყეს.