Home Blog Page 2266

რა სახის ანგარიშვალდებულება აქვთ აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციებს – თემურ ბასილიას განმარტება

იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ანგარიშვალდებულება აქვთ აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თემურ ბასილია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“აშშ-ში მოქმედებს პრინციპი – ყველა აქციონერული საზოგადოება ანგარიშვალდებულია თავისი აქციონერების წინაშე, ხოლო, ყველა არასამთავრობო (არამომგებიანი, არაკომერციულო) ორგანიზაცია კი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ამიტომაც, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია არა მხოლოდ საგადასახადო სამსახურს მიაწოდოს ფორმა 990, არამედ, საკუთარ ვებ გვერდზე განათავსოს და საჯარო გახადოს საზოგადოების ყველა წევრისთვის იგი. ეს არის საკმაოდ ვრცელი, 12 გვერდიანი ფორმა, რომელშიც ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად უნდა აღწერონ ვისგან მიიღეს დაფინანსება, რა ოდენობით და რა მიზნით, რაში დახარჯეს მიღებული თანხები, რა პროექტები განახორციელეს, ვინ არიან ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები თავიანთი ხელფასების მითითებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაერთვებიან კომერციულ ან პოლიტიკურ საქმიანობაში, ავტომატურად კარგავენ თავიანთ სტატუსს. აქვთ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსგავსი ვალდებულებები?

“შექმნეს ფეისბუქგვერდი ჩემი სახელით, საიდანაც მოუწოდებენ ხალხის დახვრეტას” – გოგა ხაინდრავა

რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვის იცავენ ასე გაშმაგებით ალქაჯები, რა ფული მოედინება ჩვენს სამშობლოში და რისთვის, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„აი, მაგალითი – შექმნეს ფეისბუქგვერდი Goga Xaindrava, საიდანაც მოუწოდებენ ხალხის დახვრეტას. ვაი თქვენს პატრონს! მისს და მისტერ პატრონებო! Great!“ – წერს გოგა ხაინდრავა.

“ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი”

ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.

„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – აღნიშნა ელჩმა.

როგორ იფლანგებოდა საერთაშორისო თანხები ავღანეთში: უკრაინაშიც შეიძლება იგივე მოხდეს

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ იფლანგებოდა საერთაშორისო თანხები ავღანეთში: უკრაინაშიც შეიძლება იგივე მოხდეს“ (ავტორი- პეტერ კარსტენსი). მასალაში გადმოცემული და განხილულია აშშ-ის გენერალური ინსპექტორის ადმინისტრაციაში ავღანეთის რეკონსტრუქციის სამმართველოს (SIGAR) ხელმძღვანელის ჯონ სოპკოს გამოსვლის შინაარსი ბუნდესტაგში, სადაც იგი გერმანელმა დეპუტატებმა მიიწვიეს.

ჯონ სოპკო, რომელიც 2012 წლიდან აშშ-ის გენერალური ინსპექტორის ადმინისტრაციაში ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებს ხელმძღვანელობდა, ჰინდუყუშში (ავღანეთში) დასავლეთის წარუმატებლობის ორ მიზეზს ხედავს: ქედმაღლობას და თავის მოტყუებას. მას შემდეგ, რაც 2001 წელს ამერიკამ „ალ-ქაიდას“ ტერორისტულ ქსელთან და რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ტალიბანთან“ ბრძოლაში სწრაფ წარმატებას მიაღწია, ვაშინგტონმა გაიფიქრა, რომ ასევე სწრაფად შეიძლება ავღანეთის გადაქცევა „პატარა ამერიკად“.

ჯონ სოპკომ გერმანელ დეპუტატებს აცნობა, რომ ავღანეთში სამთავრობო სტრუქტურებში სახელმწიფო მოსამსახურეების 70-80% მხოლოდ „ქაღალდზე არსებობდა“, თუმცა მათი დაფინანსება 100%-ით ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ასევე „ქაღალდზე იყო დაფიქსირებული“ ავღანეთის არმიის 340 ათასი ჯარისკაცი, რომლებსაც აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ხელფასს სრულად და დროულად უხდიდნენ, სინამდვილეში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა მხოლოდ 60 ათასამდე აღწევდა.

„ჯერ კიდევ 2012 წელს მითხრა ავღანეთის მომავალმა პრეზიდენტმა აშრაფ განმა, რომ ამერიკა ხელფასს ხშირად ერთი და იგივე ადამიანებს უხდის, რომლებიც გაფორმებულები არიან ერთდროულად პოლიციელად, მასწავლებლად და ჯარისკაცად. უფრო უარესი – ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში რეალურად საერთოდ არ არსებობენ. კორუფციასთან ბრძოლამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა გამოძიება ავღანეთის უდიდესი კერძო საფინანსო დაწესებულების „ქაბულ-ბანკის“ კრახთან დაკავშირებით, როცა გავიგეთ, რომ ბანკის გაკოტრების მსურველი ფიგურანტები ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის ახლობლები და სანდო პირები ყოფილან.

2021 წლამდე, ანუ აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჯარების გამოყვანამდე, ვაშინგტონი და მისი ევროპელი პარტნიორები ქედმაღლურად იქცეოდნენ და საერთოდ არ ამჟღავნებდნენ ადგილობრივი სპეციფიკის გაცნობიერების სურვილს, არ არსებობდა მოქმედების გრძელვადიანი გეგმები, – განაცხადა ჯონ სპოკომ, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში ავღანეთთან დაკავშირებით შექმნილმა საგამოძიებო-საპარლამენტო კომისიამ მიიწვია (ხელმძღვანელი – რალფ შტეგნერი, სოციალ-დემოკრატი). კომისიის მიზანია იმ მოვლენების გამოკვლევა, რომელიც წინ უძღოდა ქაბულის დაცემას 2021 წლის აგვისტოში.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ტალიბებმა ქაბული სწრაფად და უბრძოლველად დაიკავეს, აშშ-სა და ნატოს წევრი-ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი კი დაჩქარებული ტემპით იქნა ევაკუირებული. „სწორედ ეს არის საკუთარი თავის მოტყუების შედეგი: ხომ გახსოვთ, რომ თითქმის ყველა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი, ყველა გენერალი მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ავღანეთი უდიდეს წარმატებებს აღწევს ნათელი მომავლის მშენებლობაში“, – გაახსენა ახლო წარსული ჯონ სოპკომ გერმანელ დეპუტატებს.

„და ასეთი სცენარი შეიძლება უკრაინაშიც განმეორდეს: არ არის გამორიცხული, რომ იმ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც კიევს მოკლე დროში სწრაფად ვაძლევთ, უბრალოდ, გაქრეს. კორუფცია დღევანდელი უკრაინის დიდი პრობლემაა. საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსური დახმარების გაწევა უკონტროლოდ ხდება, არ არის კოორდინირება. აუცილებელია ზუსტი და ფართო ინფორმაცია გვქონდეს იმ უკრაინელი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ბანკების შესახებ, რომლებიც ამ უზარმაზარი თანხების ხარჯვაზეა პასუხისმგებელი“, – გააფრთხილა ბუნდესტაგის წევრები ჯონ სოპკომ.

“მომდევნო არჩევნების კონტექსტში რას მივიღებთ თქვენი ხელით გამომცხვარი კანონის მეშვეობით?” – არმაზ ახვლედიანი

დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ახალი კამპანია, რაც კანონპროექტშია გამოხატული, მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას.

„ჩვენ, ალბათ, მთავარი კითხვა უნდა დავსვათ – რა მიზანს ემსახურება კანონპროექტი, რა არის მთავარი მიზანი, არის თუ არა ის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან, საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიასთან? თუ ეს ასეა, მაშინ შესაძლოა, კითხვა ნაკლები იყოს, ან საერთოდ აღარ იყოს. დავიწყოთ მთავარი კითხვებით – ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს არის განსაზღვრული და ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ამის შესახებ ვიცით ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გამოხატული აზრი, აღარაფერს ვამბობ ისტორიაზე და მრავალსაუკუნოვან ბრძოლაზე. სამწუხაროდ, 2023 წლის დასაწყისში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა აღმოვაჩინეთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ახალი კამპანია, რაც ახლა გამოხატულია ამ კანონპროექტში, პირდაპირ ისახავს მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მინდა მომხსენებელს ვკითხო, თუ შეგიძლიათ განმარტეთ, რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. ძალიან სიმბოლურია, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვიმყოფებით, ალბათ, კომიტეტის წევრებს, არც სხვას არავის არ სჭირდება შეხსენება, რას ნიშნავს სამართლის უზენაესობა. ყველას მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ევროპა და მასში არსებული უმთავრესი საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო და სხვები, დგანან, არსებობენ, ფუნქციონირებენ 3 უმთავრესი ფუნდამენტური პრინციპის დასაცავად – ეს გახლავთ, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ვკითხავდი ბატონ მომხსენებელს, რას ფიქრობთ თქვენ, თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი, ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს, საითაც ჯერ კიდევ ფორმალურად გაცხადებული გვაქვს, რომ მივდივართ, ეხიდება, ეხმიანება, თუ ეწინააღმდეგება? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თანხვედრაშია, გთხოვთ, ახსნათ, რაში ხედავთ ამ ჰარმონიას. მე შემიძლია თქვენ დაგისაბუთოთ არგუმენტირებულად, რატომ არის ის სრულ დისჰარმონიაში, რატომ ეწინააღმდეგება და კლავს ამ პროცესს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მან გურამ მაჭარაშვილს კიდევ რამდენიმე კითხვით მიმართა.

„იმ პირობებში, როცა თქვენს მიერ ახლა განხილული და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, რაღაც დროში, კანონად ქცეული დოკუმენტი საქართველოში აკრძალავს კრიტიკულ, განსხვავებულ აზრს, დაიწყება განსხვავებული აზრის ტოტალური დევნა, დაპატიმრებები, დახურვა, ჩაწიხვლა, რას ფიქრობთ, ეს იქნება ნორმალური გარემო 2024 წლის არჩევნებისთვის? ზუსტად ვიცი, ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომლის ერთადერთი ამოცანა გახლავთ, 2024 წლისთვის ველი ისე მოსუფთავდეს, აღარავინ იყოს, ვინც გააკრიტიკებს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ვინც შეძლებს დაჩაგრული ადამიანების უფლებების დაცვას. კარგად ვაცნობიერებ, რომ მე თქვენ ახლა გესაუბრებით და გისვამთ ამ შეკითხვებს, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე გაქცეულია საქართველოდან და დარჩენილების უმრავლესობა გადარჩენისთვის იბრძვის. ამის ფონზე, ბატონო მომხსენებელო, კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენს მიერ ინიცირებული პროექტი, ოდნავ მაინც ხელს შეუწყობს დარჩენილების უფლებების დაცვას, როცა მათი უფლებები ასე უხეშად ირღვევა? მაგრამ ჩემ თანამოქალაქეებს უნდა ვუთხრა, ჯერ სად არიან! ყველაზე მთავარი დარღვევები და მათი უფლებების შელახვა წინ არის. შესაბამისად, გთხოვთ, განმარტოთ, ეს პროექტი რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხთან და მომდევნო არჩევნების კონტექსტში რას მივიღებთ თქვენი ხელით გამომცხვარი კანონის მეშვეობით? – აბსოლუტურად მოსუფთავებულ სამართლებრივ, პოლიტიკურ ველს, როცა არჩევნების ჩატარება მთლიანად იქნება დაკისრებული ე.წ. ძალოვან სტრუქტურებზე და ადმინისტრაციული რესურსით ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე თქვენ შეძლებთ, ხელახლა გადაიფორმოთ ძალაუფლება და ასე განაგრძოთ იქამდე, ვიდრე სავარაუდოდ, ქართველი ხალხი, რომელსაც ყელში უკვე ამოუვიდა, კიდევ უფრო მეტად ამოუვა ეს მმართველობა, განაჩენს არ გამოგიტანთ. თუ შეიძლება მიპასუხეთ ბატონო მომხსენებელო, თქვენ, როგორც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, იღებთ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც აღარ უტოვებთ არც ერთ სხვა გზას, საშუალებას, თუ არა, რომ თქვენ და თქვენს მმართველობას ყველა სახის წინააღმდეგობა გაგიწიოთ ჯერ კიდევ დაშვებული კონსტიტუციის მიერ. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეცვლით – თქვენი მმართველობის მომდევნო ნაბიჯი ეს იქნება, როცა კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები გაჩნდება, რაც სრულად აკრძალავს თავისუფალ სიტყვას, კრიტიკას და გაუქმდება საქართველოში არჩევნები“, – განაცხადა ახვლედიანმა.

რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასები სურსათზე თებერვალში – საქსტატის მონაცემები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით.

ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რა ბედი ელის საქართველოს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში და რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს

უკრაინა ომის ზღვარზეა. უკრაინის საზღვართან მობილიზებული 130 000 რუსი ჯარისკაცი შესაძლოა ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში შეიჭრას და საომარი მოქმედებები დაიწყოს. დასავლეთი და ამერიკა უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავენ, რის გამოც სამხედრო დახმარების გამოყოფა დაიწყეს. ამერიკის შეერთებული შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, რომელიც  80 ტონაზე მეტი იარაღს შეადგენს. პარალელურად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ძალების განთავსებას განიხილავს. 

ფაქტია, ვითარება ბრიუსელში კრემლის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ გამწვავდა, სადაც რუსეთის მთავარი ულტიმატუმი იყო ნატო–ს გაფართოებაზე უარი ეთქვა. კრემლმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იურიდიული გარანტიები მოთხოვა, რომ ნატომ უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ასევე მოითხოვა, ნატოს ქვეყნების ჯარები 1997 წლის პოზიციებს დაუბრუნდნენ. რუსეთმა ამერიკისგან აღნიშნულ მოთხოვნაზე იურიდიული გარანტიები ვერ მიიღო და ნატო–ს წარმომადგენლებმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს, რომ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ძალაში რჩება და კრემლს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი გადაუწყვიტოს. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 130 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი რუსეთს მკაცრად აფრთხილებს, არ გაიმეოროს 2014 წლის მსგავსი მოქმედებები, როცა ის ყირიმში შეიჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სერიოზული ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. 

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ეს საქართველოს სამომავლო ბედსაც გადაწყვეტს. შესაბამისად, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების სწორ მოქმედებას, რათა შექმნილმა სიტუაციამ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე “ჯორჯიან თაიმსმა” ინტერვიუ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ – კახა გოგოლაშვილთან ჩაწერა:

– უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, აშშ–ის სამხედრო დახმარების ერთი ნაწილი უკვე უკრაინაშია. ასევე, აშშ სამხედრო ძალების განთავსებას განიხილავს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის საზღვართან 130 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული?

– უკრაინა საომარი მოქმედებების ზღვარზეა მისული, უბრალოდ ამის საბაბი არ არსებობს. ალბათ, რუსეთი ეცდება, რაიმე საბაბი მოძებნოს, რომ შეიჭრას დონბასში. ეჭვი მეპარება, რომ მან კიევს შეუტიოს ბელორუსიიდან.  მგონია, რომ ეს დაშინების და ყურადღების გადატანის მანევრს ჰგავს. რუსეთს უნდა, რომ ნაკლები ძალები იყოს მობილიზებული დონბასის მიმართულებით, იმიტომ რომ ძირითადი დარტყმა მაინც ალბათ დონბასს მიადგება. მაგრამ რუსეთს მოსაძებნი აქვს საბაბი და ამ საბაბს იმით მოძებნის, რომ ის აღიარებს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ შეიძლება რამე პროვოცირება მოახდინოს, რომ უკრაინელები შევიდნენ იქ. მაგრამ, იმედია უკრაინელები პროვოკაციას არ წამოეგებიან, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, როცა საქართველომ შეიყვანა ჯარი სამხრეთ ოსეთში და ამას რუსეთის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ალბათ უკრაინა ასეთ შეცდომას არ დაუშვებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება იქ რაიმე პროვოცირება შექმნას, ამით საბაბი ჰქონდეს და მთელი ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს.  

– დღეს შექმნილი ვითარება შესაძლოა, რომ რუსეთის პასუხი იყოს გასულ კვირაში ბრიუსელში კრემლის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმი გახლდათ, რომ ნატომ უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე და რაზეც მან უარი მიიღო?

რუსეთის ეს ულტიმატუმი შეუსრულებადია. ახლა ვიღაცამ მე რომ მითხრას, ან მილიონი მოგვიტანე, ან მოგკლავთო, რა თქმა უნდა, ამ მილიონს ვერ მივუტან. ასეთი სულელური ულტიმატუმია ისიც, რომ ნატოს ჯარები 1997 წლის მდგომარეობაზე გადაიყვანეთო, ანუ, პრაქტიკულად მოითხოვა, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანეთ ნატოს ჯარებიო. ეს ყველაფერი უფრო დიდი თამაშის ნაწილია. რეალურად, რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ნატო ამ ულტიმატუმს არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებდა. თუმცა, ამას იყენებს უბრალოდ საბაბად და ეს სჭირდებოდათ ამისთვის. 

– რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა აშშ–სგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ეს ხომ არ გახდება რუსეთისთვის დამატებითი საბაბი, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს და ზოგადად, შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა რუსეთის აგრესიას?

ამერიკისგან გადადგმული ნაბიჯი ძალიან სწორია, იმიტომ რომ რუსეთს გადაწყვეტილი, აქვს რაღაც სახით უკრაინაზე იერიში მიიტანოს. რაც უფრო მეტი ფასი ექნება გადასახდელი ამ იერიშის გამო, მით უფრო შემაკავებელი იქნება მისთვის. თუ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან, მაშინ რუსეთი პირდაპირ გაისეირნებს  უკრაინის ტერიტორიაზე და ალბათ წაიღებს მის  ნახევარ ტერიტორიებს (პირველ რიგში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს). აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უკრაინის მომარაგება იარაღით საჭიროა და აუცილებელია, რომ რუსეთს არ ჰქონდეს განცდა იმისი, რომ უკრაინასთან ომი იქნება მარტივი. ეს არის ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და რუსეთმა საბოლოო ჯამში აგრესია ვერ გაბედოს. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ის ეცდება ყველა შესაძლო ხერხით დონბასში შეიჭრას და იქ რეგულარული ძალები შეიყვანოს.

– როგორ ფიქრობთ, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რა საფასურის გადახდა მოუწევს რუსეთს და თავად რა საფასურის გადახდა შეუძლია უკრაინისთვის? 

– ცნობილია და ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს საშინელ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ვეღარ გაყიდის ევროპაში ვეღარანაირ პროდუქტს და შესაძლაო ეს მსოფლიოშიც გაუჭირდეს. ის საერთაშორისო საბანკო სისტემაში გადარიცხვებსაც ვეღარ მოახერხებს და ამ შემთხვევაში რუსეთისთვის იმპორტი და ექსპერტი ძალიან გაჭირდება. ყოველივე ეს კი რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

– მაშინ, როდესაც უკრაინა ომის ზღვარზეა, ამ ვითარებაში რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? არსებობს იმის რისკი, რომ სამომავლოდ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს ანდა რუსეთის შეჩერების მიზნით ნატომ, უკრაინასთან ერთად, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე პოზიცია შეიცვალოს? 

– რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უკრაინაში სერიოზული კონფლიქტი განვითარდება, არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოშიც მოახდინოს პროვოკაცია. მაგალითად, რუსეთმა ჩვენი პორტების ოკუპირება მოახდინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ  დიდი ეკონომიკური დარტყმა მოგვადგება, რადგან პროდუქტებით და ყველაფრით მომარაგება პორტებით ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ რისკის წინაშე. ხოლო, უკრაინის მოვლენების გამო ნატომ უარი თქვას ალიანსი უკრაინასა და საქართველოს სამომავლო გაწევრიანებაზე, ეს გამორიცხულია. 

– და ბოლოს, ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით პასიურობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ უკრაინას გვერდში არ უდგას. ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები, სადაც ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ქართულმა ხელისუფლებამ და შექმნილ ვითარებაში, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო? 

– საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ “ტვიტერზე“ პირველი ოფიციალური განცხადება დღეს გამოქვეყნდა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც პარლამენტს არ მიუღია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან არაა საკმარისი ასეთი მიდგომა. ვეთანხმები, რომ საჭიროა უფრო მეტად დემონსტრირება და სოლიდარობის გამოცხადების გარდა საჭიროა რაღაც კონკრეტულის თქმაც. მაგალითად, გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ თუ უკრაინის გამო რუსეთს დაუწესდება სანქციები, ჩვენც ამ სანქციებს სრულად შევუერთდებით. იმის თქმა კი არა მარტო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, არამედ, უნდა ითქვას, რომ თუ უკრაინაში რუსეთი შეიჭრება, ჩვენ დასავლეთთან ერთად ვიქნებით სრულად სოლიდარულები და ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამას შევუერთდებით. სწორედ ეს ნიშნავს უკრაინისთვის მხარში დგომას.

/თათია შაიშმელაშვილი/ 

 

“საქმე გვაქვს პენსიონერის სამეჯლისო ცეკვებთან“ – გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ისევ გრძელდება. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა კვლავაც აქტუალურია. ამ ფონზე, რამდენიმე დღის წინ, მმართველმა გუნდმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. რა შედეგს მოგვიტანს აღნიშნული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში  და მოსალოდნელია თუ არა ამ  პროცესების გაგრძელება?

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა შეაფასა.

– როგორ შეაფასებთ სამთავრობო ცვლილებებს ?

– არ ვფიქრობ, რომ ეგ თემა მნიშვნელოვანია მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ არ გვაქვს სახელებისა და გვრების პრობლემა. საქმე გვაქვს სისტემურ მანკიერებასთან, რომელშიც სახელებისა და გვარების ცვლა, მიუხედავად მათი პროფესიული სტატუსისა, დიდ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. შესაძლებელია ოდნავ უკეთესი იყოს, ან – უარესი. იმდენად უმნიშვნელო სხვაობაა, რომ სახელმწიფოებრივად ამის შეფასება აზრს მოკლებულია.

– „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სიების აღდგენას ითხოვს, რამდენად სწორი ნაბიჯია ეს მათი მხრიდან?

– პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა საკუთარ გადაწყვეტილებებში. ეს ნაბიჯი გასაგებიცაა,  ერთის მხრივ ობიექტური  რეალობიდან გამომდინარეა, მეორეს მხრივ კი – პარტიის არასერიოზულობასა და მერყეობას აჩვენებს. ამიტომ, ამაში კარგი არაფერი არ არის.

– გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდესო. რამდენადაა შესაძლებელი ეს პროცესი?

– ეს აბსოლუტურად არასერიოზული და არარეალისტურია. მკვდრად შობილი სურვილია და რაც მთავარია, კარგის მომტანი არ არის, – მხოლოდ დამაზიანებელია. არა მგონია, რომ უგულავას ეს არ ესმოდა, როცა ამას ამბობდა. მაინც თქვა და რა მოტივები ჰქონდა ნამდვილად ვერ გეტყვით.

– ეროვნული თანხმობის იდეა როგორ მოგწონთ და არის თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი?

– თეორიულად ეროვნული თანხმობა გჭირდება, მაგრამ ერთია, რომ გვჭირდება და მეორეა – შესაძლებლობა. პრეზიდენტს ამის არც ხედვა აქვს და არც შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აქაც საქმე გვაქვს პენსიონერის სამეჯლისო ცეკვებთან და მეტი არაფერი.

– ზურაბიშვილის ბოლო  განცხადებები  თითქოს ოპოზიციურისკენ იხრება და ხომ არ უპირისპირდება მმართველ გუნდს?

– მას საშუალება აქვს რიტორიკის დონეზე  კრიტიკული იყოს, მაგრამ  ეს გადაწყვეტილებებში არ ჩანს, რომ სერიოზული ოპონირებისთვის მზად არის. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის თემასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთგვარი თამაში და რიტუალური ცეკვაა, რასაც ჩვენ მისი შესრულებით ვუყურებთ. ქალბატონი ერთობა, მარტო სახლში,  როგორც შეუძლია ისე.

– უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო და შესაძლებელია ქართველ სამართალდამცველებს  ბრალი წარუდგინონ. რამდენად რეალურია ეს?

– ასეთი რაღაცებიც ხდება, დრამატიზებას არ დავიწყებ ზედმეტად, თუმცა არასასიამოვნო ინციდენტია.

/ ნინო ოთარაშვილი /

 

“თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ“ – ისტორიკოსი რუსეთ-უკრაინის მოვლენებზე

”რუსეთი მზაკვრულად დაესხა ჩვენს სახელმწიფოს თავს დილით ადრე, ისევე – როგორც ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს” – ვლადიმერ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი).

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ამ დრომდე ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს.

ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. დასავლეთში მოსკოვის აგრესია დაგმეს  და ახალი სანქციები დაუწესეს.

უკრაინის ოფიციალური პირები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება.

უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“გააკეთეთ „მოლოტოვის კოქტეილები”, გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანო მოქალაქეებო – ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან!”- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე გამოეხმაურა.

– როგორ შეადარებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს? იმავე სცენარით მოქმედებს რუსეთი?

– შესადარებელი არაფერია, ვაშლი რომ გაჭრათ შუაზე,  არის რამე შესადარებელი ერთი ნახევრისა და მეორესი?! ისინი ფაქტობრივად იდენტურია. აბსოლუტურად ერთი და იმავე მოვლენასთან  გვაქვს საქმე. იგივე სცენარი იქნა ჩაფიქრებული და განხორციელებული 2008 წელს.  ერთადერთი განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის ის არის, რომ მაშინ საქართველო აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა ამ მოვლენის წინაშე. უბრალოდ, დეპარტამენტის კი არა, სენატის (პარლამენტის) დონეზე მაინც რომ გაკეთებულიყო დასავლეთის ქვეყნების, ან მსოფლიოს სხვა ქვეყნების განცხადებები, – ესეც კი არ იყო მაშინ.  მხოლოდ გაზეთებსა და მედიაში გამოხატული მხარდაჭერები იყო, რომლებიც, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავდა. პირისპირ დავრჩით ამხელა „ვეშაპთან“.

ამ 14 წლის მანძილზე მსოფლიო შედარებით მზად შეხვდა ამ მოვლენას, თუმცა, ცუდ სცენარებზე ვფიქრობ. თუ კარგად დამთავრდა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.

უკრაინისადმი მხარდაჭერა დღეს საკმაოდ ეფექტურია. ქვეყნები იმუქრებიან სანქციებით და აუცილებლად გაატარებენ, მაგრამ ვშიშობ, ბრძოლის ველზე მიმდინარე ამბებს რომ ამან რამე უშველოს. სულაც არ მინდა, რომ საქმეში ნატო ჩაერიოს, ამას მოჰყვება მსოფლიო თუ არა, რეგიონული დაპირისპირება.  ეს მოვლენები მსოფლიოს გადაჩეხვაა სრულიად უცნობ მომავალში. რა უნდა ეშველოს? – ამას ჩვენზე უკეთ  ის ქვეყნები სჯიან, რომლებიც ჩარეულები არიან ამ პროცესში და მათ ამ უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად რამე უნდა მოიფიქრონ.  თუ არ შეუძლიათ რუსეთის აგრესიის შეკავება, მაშინ ცხადი ყოფილა ყველაფერი. დასავლეთის იმედი არავის უნდა ჰქონდეს და აღარც ჩვენ.

– ექსპერტები ამ ომს ახალი ცივი ომის სახელით მოიხსენიებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– ცივი ომი კაცობრიობამ თითქოს დასრულებულად ჩათვალა, მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის გრძელდებოდა. უბრალოდ განცხადება, რომ ცივი ომი დასრულებულია, ოპტიმისტური იყო  – ეს გახლდათ,  ხავსი, რომელსაც კაცობრიობა ეჭიდებოდა.  ხალხს არ უნდოდა ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა. მაგრამ, რასაც ფიქრობდა და ეშინოდა, ის დღეს ცხადად მოხდა. ეს უკვე ცივი ომი აღარ არის, რადგან ის იყო მაშინ, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები, ქვეყნების ჯგუფები, სამხედრო – პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთს სიტყვით ეომებოდნენ. (ცივი იმიტომ ჰქვია, რომ ომი არ არის ბრძოლის ველზე.) უკრაინის ამბავი კი, სამწუხაროდ ცივი ომის მასშტაბს გასცდა. თუ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ცივი ომის მდგომარეობას, ამაზე მადლობა უნდა ვთქვათ.

რუსეთი  უკრაინისგან ითხოვს,  ოკუპირებული ტერიტორიების მისთვის გადაცემას და ნეიტრალიტეტზე ხელის მოწერას.  ნეიტრალიტეტი კი, რუსულად რომ გადავთარგმნოთ, არის ჩუმად ყოფნა და რუსეთის დირექტივების შესრულება. ეს არ არის შვეიცარიული, ან ავსტრიული ნეიტრალიტეტი. მასზე ხელისმოწერა ნიშნავს, რომ უკრაინამ ნატოზე უარი უნდა თქვას.

– როგორ უნდა შეწყდეს კონფლიქტი, რაშია გამოსავალი?

– თუკი დასავლეთი და მისი მხარდამჭერი ძალები მსოფლიოში მტკიცედ შეიკვრებიან, მეტს გაბედავენ და ძალიან მკაცრი სანქციები იქნება და არა –  გაწელილი მოლაპარაკებები, სატელეფონო საუბრები, შესაძლოა რაღაც გამოვიდეს. სანქციებზე საუბარს რამდენიმე თვეა ვისმენთ და ჯერ ვიხილეთ რამდენიმე გაუბედავი სანქცია, რომლისაც არავის ეშინია და მით უმეტეს რუსეთს. ამის რუსეთს ყველაზე ნაკლებად ეშინია, რადგან უზარმაზარი ქვეყანაა და აქვს რესურსები, რომ გაუძლოს. სანქციები უნდა იყოს რუსეთის აბსოლუტური იზოლაცია და არა რამდენიმე ასეული ადამიანის (რომ პარიზში ვერ ჩავიდნენ და ყავა ვერ დალიონ).  რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე ყველა ქვეყანამ უარი უნდა თქვას. ასეთი სანქციები ჭკუაზე მოიყვანს თვით რუსულ საზოგადოებას.  არისტოკრატიას იმდენი ფული აქვს დაგროვილი, ეს სანქციები არაფერს უზამს. ხალხი უნდა შეწუხდეს და გამოვიდეს ქუჩაში. აი, რუსი ხალხის გამოსვლა ქუჩაში კი… ღმერთმა დაიფაროს ყველა ის მთავრობა, რომელსაც რუსი ხალხი გადალეწავს. ეს სტიქიური უბედურებაა. რა მოხდა 1917-ში?! იმ რევოლუციამ წალეკა რუსული მონარქია. რამდენი მილიონი ადამიანი გაიქცა, მხოლოდ მთავრობა და ნიკოლოზ მეორე კი არა, მთელი სოციალური ფენები ამოწყვიტა.

თუ ამ სანქციებში მთელი რუსული საზოგადოება მოექცევა, აეკრძალება ურთიერთობა ევროპასთან, სამეზობლოსთან, ამერიკასთან და მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, აი, მაშინ შეწუხდება მისი უმაღლესობა – რუსეთის მოსახლეობა.

–  როგორია საქართველოს როლი ამ კონფლიქტში? რა უნდა გავაკეთოთ?

– ქართულმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, უნდა გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს უკრაინისადმი მხარდაჭერა. მაგრამ, ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მაინც ფრთხილად იყოს, დაელოდოს მსოფლიოს რეაგირებას. თუ ახლა დასავლეთის რეაგირება ნახევრად იქნება, მაშინ ის ხელებს დაიბანს, თავისთვის შებრუნდება და განაგრძობს მშვიდ ცხოვრებას, მაშინ ჩვენ ისევ რუსეთს პირისპირ დავრჩებით. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე საღია და ამას მივესალმები. უნდა დააკვირდეს,  რა ხდება გარშემო და როცა მსოფლიო რეაგირება ძლიერი იქნება, მაშინ მათთან ერთად უნდა გამოჩნდეს. რამდენიმე დღე და კვირა უნდა მოვითმინოთ.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს“

რუსეთ – უკრაინის ომის 23-ე დღე. უკრაინის ქალაქებში ისევ განუწყვეტლივ ისმის თავდასხმის სიგნალებისა და აფეთქებების ხმა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის მდგომარეობით, უკვე 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

დაბომბვისა და ავია იერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რაიონი კი – 21 (უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაცია).

ეს მონაცემები კი საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილის დათვალიერება ვერ ხდება.  უკრაინიდან კი  სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით მილიონობით ლტოლვილი გავიდა.

ამ ომმა მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა. დასავლეთის დაწესებული სანქციები რუსეთს ვერ აჩერებს. მსოფლიო ლიდერები კი აცხადებენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ელექტროშოკი იყო ნატო-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.

„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი“ უწოდა, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

წავიდა თუ არა მოსკოვი დიდ რისკზე, როდესაც უკრაინასთან ომი დაიწყო? ომის პოლიტიკურ მიმართულებაზე, ჯორჯიან თაიმსს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

– მოსკოვი ძალიან დიდ რისკზე წავიდა. მას აფრთხილებდნენ კიდეც, რომ სანქციები იქნებოდა, თუ  უკრაინის საზღვრებს გადალახავდა. მოსკოვს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უკრაინა, სამამულო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ საბჭოთა კავშირს თითქმის 10 წელი ებრძოდა. ეს ისეთი ფაქტია, რომ სხვას თუ არა, პუტინს მაინც უნდა სცოდნოდა. რუსეთს უნდა განესაზღვრა, რომ უკრაინაში შესვლა არ იქნებოდა „იოლი გასეირნება“. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს შევლა და საომარი მოქმედებების დაწყება. მგონია, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ახლა შედეგებს იმკიან. ჯარები ისევ იმ პოზიციებზეა განლაგებული, რაც ომის დაწყებამდე იყო, როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის მიმართულებით.

– როგორ ფიქრობთეს ცივილიზებული მსოფლიოს მაქსიმუმიარასაც ის  უკრაინაში მშვიდობისთვის აკეთებს?

– დასავლეთმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში რუსეთის მიმართ ძალიან ბევრი შეზღუდვა მიიღო. დღევანდელი დასავლეთი იმ ჩვენ „ნაცნობ დასავლეთს“ ნამდვილად არ ჰგავს. 3 კვირის განმავლობაში ამდენი სანქციის მიღება  და უკრაინის, მოლდოვასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენა, წარმოუდგენელი იყო ომის დაწყებამდე. დასავლეთის ერთიანობაში სუსტი წერტილი აღმოსავლეთისა და რუსეთის მიმართ, გერმანია იყო. თუმცა, მოხდა უპრეცედენტო რამ, დღეს  უკვე გერმანიაც ჩართულია იარაღის მიწოდებაში.

ვფიქრობ, პროცესი ისე მიდის, უნდა იყოს დამატებითი სანქციები და რაღაც ეტაპზე, არ გამოვრიცხავ, რომ ნატო იქნება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები უშუალოდ ჩაერევიან ამ კონფლიქტში.

– როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტიმოლაპარაკებებით ეს შესაძლებელია?

– როგორც ამბობენ, ყველა ომი  მოლაპარაკებებით სრულდება, ოღონდ ეს, ხანდახან კაპიტულაციასაც ნიშნავს. დასავლეთისა და განსაკუთრებით ბაიდენის რიტორიკა იმდენად მკაცრდება პერსონალურად პუტინის მიმართ, რომ მან რომც გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და აღადგინოს უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორიც იყო 2014 წელს, მაინც არ მგონია, რომ სანქციები მოიხსნას. დასავლეთი, როცა ქვეყნის პრეზიდენტს უწოდებს სამხედრო დამნაშავესა და დიქტატორს, მერე მასთან ურთიერთობა ნამდვილად გაჭირდება. ამისთვის, ან ბაიდენის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,  ან  – პუტინის.

– მედიის ინფორმაციით, რუსეთს ნელ-ნელა ხელიდან ეცლება როგორც მატერიალური (საბრძოლო) ასევე, ადამიანური რესურსი. მას ზურგი აქცია მსოფლიომაც, – მათ შორის, დახმარების ნაკლები შანსი აქვს ჩინეთიდანაც. თქვენი აზრით, ხომ არ შეიძლება, რომ  პუტინი მარტო დარჩენილი ვიხილოთ?

– სახელმწიფოები პრაგმატულად უყურებენ ამ მოვლენებს. თუ ჩინეთს და მის  ეკონომიკურ განვითარებას რამე აკლია დღეს, ესაა ნედლეული და თავისუფალი ტერიტორია, რომ საკუთარი მოსახლეობა განათავსოს. ეს კი  რუსეთს გააჩნია. ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა და როგორც ჩანს, ახლაც აქვს რუსეთის მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს. ჩინეთისთვის სუსტი რუსეთი გაცილებით მომგებიანია, ასევე, ნედლეულით სავსე რუსეთიც (რომელმაც აღარ იცის სად წაიღოს ნავთობი და გაზი). არანაირად ხელს არ აძლევს ჩინეთს რუსეთის ფეხზე დადგომა, მითუმეტეს, – „გამარჯვებული რუსეთი“. ასევე არიან დანარჩენი სახელმწიფოები. რუსეთი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში შეიძლება იყოს.

– რამდენად სწორი  პოზიცია აქვს ამ მოვლენებთან მიმართებით საქართველოს?

– საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკურად გაცილებით მეტ ზიანს იღებს, მისი დაუფიქრებელი და უადგილო განცხადებების გამო, ვიდრე ეს რეალურად ეხება იმ სანქციებს, რაზეც საუბარია. ყველაზე დიდი უბედურება, ყველა ხელისუფლების არის ის, რომ იწყებენ გამართლებას. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, რადგან მთლიანად ვართ დამოკიდებული (როგორც უსაფრთხოებით, ასევე ეკონომიკური განვითარებით) დასავლეთზე, ჩვენს პარტნიორებთან უნდა შევათანხმოთ. როდესაც ჟურნალისტი კითხვას სვამს, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, მარტივი პასუხია: „ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს, თუ არ შევუთანხმდებით პარტნიორებს.“ ასე ხმამაღლა  რომ აცხადებ – „რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოვიყენებო“, – რა თქმა უნდა, ეს  ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა ისწავლოს პოლიტიკურად საუბარი, დიალოგი ოპონენტებთან და საზოგადოებასთან. არსებობს კითხვები და საფრთხე. რუსეთმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ვეფეროთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ შემოვიდეს საქართველოში – შემოვა. დასავლეთი უფრო მეტ სანქციებს დაუწესებს, თუ ნატო ჩაებმება საომარ მოქმედებებში?! ამიტომ, მას წინაღობა აღარ აქვს, – შემოვა თუ არა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ღირს კი ასეთი ორჭოფული პოზიციის დაკავება?! ამაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. ვფიქრობ, რომ მათ ანალიზის დეფიციტი აქვთ, ისინი უფრო პრაგმატულები უნდა იყვნენ. 

/ ნინო ოთარაშვილი /

“ათასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარი მინდორში უპატრონოდ ყრია” – რას ჰყვება “ჯორჯიან თაიმსთან” უკრაინაში მცხოვრები ქართველი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს, დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო. მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად  უკრაინის ხელისუფლება დაასახელა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს რუსეთი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს.

მაგრამ… 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრა. დღეს უკვე ომის 27-ე დღეა.  ვითარება კვლავაც დაძაბულია, იბომბება უკრაინის ქალაქები; იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ქვეყნიდან უკვე გასულია 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი.  როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, მტრის მხარესაც დიდი დანაკარგები აქვს. 

როგორ დაიწყო ომი და რა გამოსცადა საკუთარ თავზე უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა, – ალექსანდრე ქურთაულმა, ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

– დონეცკის ოლქში – გორლოვკაში ვცხოვრობდი, როცა  იქ რუსები შემოვიდნენ და სროლა დაიწყო.

ყველაფერი კი, 2013 წლის რევოლუციის შემდეგ, თებერვალში მოხდა. მახსოვს, როგორ შემოვიდნენ რუსი ფორმიანი ჯარისკაცები და პიკეტებაც დაიწყო. ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იდგნენ, რუსული დროშით. უბრალოდ იდგნენ, იარაღიც არ ჰქონდათ. ერთხელ ვკითხე კიდეც, – რამდენს უხდიდნენ – მიპასუხეს, რომ  დღეში 4 დოლარს აძლევდნენ. რამდენიმე კვირაში კი, უკვე შეიარაღებული ხალხიც გამოჩნდა.  ეს მაშინდელი ხელისუფლების დიდი დანაშაული იყო.  მაშინ ძალოვნებმა ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რადგან კიევიდან ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ უნდა ამოეღოთ.

ერთ მშვენიერ/უბედურ დღეს კი, შემოვიდნენ რუსები და ის შეიარაღება, რაც ჰქონდათ,  აიღეს. პოლიციის 60% იმათ მხარეს გადავიდა და დონეცკი ჩააბარეს. შემდეგ, რომ გამოფხიზლდა ხალხი და ხელისუფლება, უკვე ჯარიც აღარ ჰყავდათ.

ასევე, რეფერენდუმიც ჩაატარეს, რომელიც არავის დაუთვლია. ვითომ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთში უნდა შესულიყო. ახლა იქაური მოსახლეობის  90% მაინც წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ მოატყუეს.

დონეცკში, ლუგანსკსა და დონბასში ძირითადად შახტები მუშაობდა, ნახშირს მოიპოვებენ.  ამჟამად ნახშირი მხოლოდ ლუგანსკში მოიპოვება, დანარჩენ ქარხნებში წყალია ჩამდგარი, დაჭრეს რკინა და  ჯართში ჩააბარეს. ახლა მიხვდა ხალხი ამას და უკვე გვიანია. ეშინიათ, თუ ვინმე ხმას ამიღებს, მიჰყავთ, ხვრეტავენ და შახტებში ყრიან.

ინტელიგენცია ვინც იყო, ყველა წამოვიდა. მოსახლეობა მოატყუეს, ყველაფერი დაინგრა…

– თქვენ როდის წამოხვედით იქიდან და რა გზა გაიარეთ დღემდე?

– ჩემს სახლს დღეს მეზობელი უვლის. ქართული ბაღი და ვენახი მქონდა. სახლს არ შეეხნენ,  მაგრამ  საძირკველში 7 მეტრიანი რაკეტა ჩაერჭო, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა. მე შემომთავაზეს თანამდებობა, რადგან, გარკვეული დამსახურება მქონდა, მაგრამ 2014 წელის  მარტში, ოჯახთან ერთად იქიდან წამოვედი.  3 წლის წინ, ქალაქ ელპინში ვიყიდე სახლი, გავარემონტეთ. თუმცა,  უკვე ერთი კვირაა იქიდანაც წამოვედით. ელპინი 10 დღე ინტენსიურად იბომბებოდა თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით, რომ წამოვედით, მაშინაც გვესროდნენ.

სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა წამოვსულიყავით. ჩავსვი მანქანაში ოჯახი და იმ იმედით, რომ გადავრჩებოდით, წამოვედით. რომ მოვდიოდით, ჩემს უკან მანქანა აფეთქდა და ყველა დაიღუპა. ხოცავენ ბავშვებს, ქალებს, არავის ინდობენ…

ახლა ჩეხეთში ვარ. ველოდებით, რომ სიტუაცია დაწყნარდეს და დავბრუნდეთ. ჩემი სახლი დანგრეულია და უნდა დავიწყო თავიდან აშენება. აქ არ მინდა დარჩენა.

 როგორი სიტუაცია იყო თქვენს ქალაქშიროცა რუსეთმა  ომი დაიწყო?

– პირველ დღეს რომ შემოვიდნენ ირპენი, ბუჩა რომ გამოიარეს, ხიდები უკვე აფეთქებული იყო. იმდენად უჭკუოები არიან რუსები, რომ დადგნენ იქ და ჩვენებმაც არ დააყოვნეს, – დაუშინეს და გაანადგურეს.  ორი დღის შემდეგ წამოვიდა ასე 118 ბრონირებული ტექნიკა და ჩვენს ქალაქამდე შემოვიდნენ. ჩვენებმა ტექნიკის მეოთხედი ნაწილი  ქუჩაში ააფეთქეს, დანარჩენი კი – ჩვენს ქალაქში. ზუსტად ნახევარ საათში ეს ტექნიკა აღარ იყო უკვე.  ხალხმაც  გააჩერა კოლონა და  მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, დაახლოებით 1 000 კაცი, იქვე ჩახოცეს და რამდენი ხანია ასე  ყრიან გარდაცვლილები. ეს მოხდა 27 თებერვალს.

უკრაინა ეუბნება, – წაიღეთ ეს თქვენი მიცვალებულებიო, რაზეც, არავინ რეაგირებს. შეაგროვეს უკრაინელებმა, ვაგონ-მაცივრები და დაახლოებუთ 10 000 კაცი იმაში უყრიათ. ჯამში დაახლოებით 30 000 სამხედროა მოკლული, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან და წარმოიდგინეთ, ასე მინდორში ყრია ცხედრები…

ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ სულ შეკრიბოთ და გაამრავლოთ 10-ზე. აი, ამხელა მსხვერპლია. ფეხით ხომ მოდიან, ტანკში 3 კაცი ზის, ბრონირებულ ტექნიკაში 10-12, დიდ მანქანებშიც ჯარისკაცები სხედან. რუსი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი სპეცოპერაციაზე გამოუშვეს. სახლებს რომ ანგრევ, ხალხს რომ ესვრი პირდაპირ, რა სპეცოპერაციაა?!  ძალიან დიდი მსხვერპლია მტრის ჯარში.

ჩვენთანაც დიდი მსხვერპლია, თუმცა, უკრაინა ამაზე არ საუბრობს. მარიუპოლი განადგურებულია. ნანგრევებში შიმდენი ხალხია დარჩენილი, რომ მათი გამოყვანაც შეუძლებელია, რადგან, არც გზაა და თან მუდმივად ისვრიან. ხარკოვშიც ასეა.

–  რა მოლოდინები გაქვთროგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი?

– უკრაინამ პრაქტიკულად უკვე მოუგო ომი რუსეთს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელში ჩაუბარდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გეგმა. პუტინი კი გაგიჟებულია. უკრაინა ახლა კიდევ ერთ შეტევას ელოდება და მაგით მორჩება ყველაფერი, თუ, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი არ გამოიყენეს.

ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ამ სიტუაციაში ძალიან სწორ პოზიციას იკავებს, რადგან 2008-ში დავინახეთ, თუ რისი თავი გვქონდა. ეს ყველაფერი რომ მორჩება, რუსები თვითონვე გავლენ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. რუსეთის დაშლის პროცესი უკვე დაიწყო. კურდღლებივით არიან რუსი სამხედროები, ამერიკული იარაღი – ჯაველინი ძალიან დაეხმარა უკრაინას. ერთადერთი, ცა დარჩა და ეს თუ დაკეტეს, – კარგი იქნება. შეიძლება ბევრი ტანკი აქვს რუსეთს, მაგრამ არ მუშაობს, ტექნიკა ძალიან ძველია. ახლა ცოტა ბელარუსია საშიში, ჯარის 60%-მა კი განაცხადა ომში ჩართვაზე უარი, მაგრამ, მაინც ჩართულები არიან, რადგან  თვითმფრინავები იქიდან მოდის.

კიევის აღების შანსი არ არსებობს. დედაქალაქში  3 კი არა, 7 მილიონი ცხოვრობს. ახლა ჩაწერები აღარ კეთდება და შესაბამისად, ბევრია მოსახლეობაც, თან  ძალიან მაგრადაა შეიარაღებული.  ხალხი გამწარებულია, ქალია თუ ბავშვი, ყველა იბრძვის. ამ ომმა ერი გააერთიანა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით კი, საქართველოსაც ეშველება და მსოფლიოსაც!

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მშვიდობას და გამარჯვებულ ქვეყანაში მალე დაბრუნება გისურვებთ!

 

“საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის” – რამაზ საყვარელიძე „ჯორჯიან თაიმსთან“

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, უახლოეს პერიოდში, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებას ელის. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ადგენს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ერთი, რომ გვეკუთვნის, მეორე — გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ესაა რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა რეზოლუციას – საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ- კენჭი უყარა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “დესტრუქციულ როლს” თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

აღნიშნულმა ფაქტმა მმართველ გუნდში აღშფოთება გამოიწვია.

“ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების – ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა.

ამ ფონზე, როგორია პოლიტიკური ვითარება საქართველოში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჯორჯიან თაიმსი გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

– როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეზოლუციასთან დაკავშირებითმათი მხრიდან რამდენად მისაღები მსგავსი განცხადებების კეთება და იმოქმედებს თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

 

– ვფიქრობ, ბუნებრივი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ბრალს გვდებენ იმაში, რაშიც ბრალული არ ვართ. ასეთი რეაქცია ჰქონდათ კობახიძესა და ღარიბაშვილსაც. დღეს, უკრაინა ძალიან მკვახედ ესაუბრება დასავლეთს და საკითხავია, გაურთულა მას ასეთმა საუბარმა ურთიერთობა დასავლეთთან?!  „ის ფაქტი, რომ თუ ადამიანს დუყვავებ, ის შენთვის კარგს მოისურვებს და თუ შეეკამათები, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ, – შეიძლება სახიფათო იყოს“,  – ეს არგუმენტი დიდ პოლიტიკაში სწორი არ არის. რადგან პოლიტიკაში ხშირად პატივისცემაც ჩნდება მაშინ, როცა  მეტოქე იგრძნობს, რომ შენს ღირსებას იცავ და ამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ხშირია.

სწორედ ეს რეაქციაა შედეგი კობახიძე – ღარიბაშვილის პასუხებისა. ნახეთ, ზელენსკი და უკრაინელი პოლიტიკოსები, როგორი უხეშები არიან დასავლეთის მიმართ. მათ მართლაც სჭირდებათ შეიარაღება. ისინი ფაქტობრივად მოითხოვენ ამას და ევროპული მენტალიტეტის ათას ხარვეზზე მიუთითებენ, თუკი შეიარაღებამ დაიგვიანა. ამიტომ აწვდის ევროპაც იარაღს. მოდით, შეფასების დროს ამ გამოცდილებითაც ვიხელმძღვანელოთ. შეიძლება არ იყოს გამართლებული ყველაფერზე იმ პოზიციის ჩვენება, რომ კმაყოფილი ხარ, თუკი  რეპლიკა უსამართლოა.

– ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებსრომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთათქვენი აზრით, ეს ასეა?

– საქართველო კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა. ამ შემთხვევაში, განაცხადის გაკეთება უკრაინის ფონზე სიტუაციამ მოიტანა. შესაძლებელია ევროპელები იმ დრომდე დარჩენილი პრობლემების მოგვარებას კიდევ თვლიდნენ საჭიროდ. ამ სამეულში:  უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული – ამბობენ სპეციალისტები. უკრაინა ომის რეჟიმშია და ომში საომარი/სამხედრო ცენზურა შემოდის, იკრძალება პარტიებისა და მედიის თავისუფლება. ამ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოკრატიის სტანდარტები უფრო დაცულია და კორუფციის საკითხიც უკეთესადაა. მსოფლიოს უნდა, რომ ხელი გაუწოდოს უკრაინას, მიუხედავად იმისა, იქ ევროპული სტანდარტები დაცულია თუ არა. საქართველოს საკმარისი პირობები აქვს შესრულებული, რომ მისაღებში შეგვიშვან, სუფრაზე მიგვიწვევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია. ასე მისაღებში ათეული წლებია უკვე თურქეთი დგას.

 „არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად – არც სააკაშვილიარც გვარამია და არც ივანიშვილი“- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადათქვენი აზრითრამდენად მართებულია ქვეყნის პრეზიდენტისგან მსგავსი ტიპის განცხადებები?

– ცოტა ღიმილის მომგვრელი მეჩვენება  და ბევრისგან ისმის ანალოგიური ტიპის მოსაზრებები, თუმცა პრეზიდენტისგან ასეთ განცხადებას სხვა წონა ენიჭება. ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ განცხადების მიღმა სხვა ვარაუდი იმალება.  „ერთ კვირაში/10 დღეში  ევროპული მომავალი წყდება და ვინც ამას ხელს შეუშლის (ჩამონათვალი), ყველა გადასაყრელია, ოღონდ ჩვენ ევროპაში შევაღწიოთო,“-სწორედ ეს თქვა მან. მაგრამ, მეეჭვება რომ რეალობა ასეთი მკაცრი იყოს. ჩვენ ისედაც 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის შეტანას, ამით არ მთავრდება ცხოვრება და ევროპისკენ სწრაფვა. ამიტომ, 10 დღის ფარგლებში ამის სასწორზე დადება, ადამიანების შეურაცხყოფა და იმ დიაგნოზის დასმა, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან ევროპასთან საქართველოს დაახლოებას – სერიოზულ განცხადებად არ მეჩვენება.  „10 დღეში საქართველო თუ ევროპას არ დაუახლოვდა, ე.ი. რუსეთისკენ მივდივართ“ – რატომ მივდივართ?! 30 წელიწადი რუსეთისკენ არ წავსულვართ და ახლა მივდივართ?! მითუმეტეს, როცა დღეს რუსეთის დაშლაზეა საუბარი. პირიქით, რუსი მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში  და ჩვენ რუსეთისკენ რატომ უნდა წავიდეთ?! ეს რეაქცია გაუგებარია.

იმის გამო, რომ რუსეთი ემუქრება უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ევროპას არ უნდა, რომ საკუთარი გავლენის გამო ეს ქვეყნები დაკარგოს. დღესდღეობით ევროპისთვისაც რთული მდგომარეობაა და იქ წინა პლანზე საქართველო ნამდვილად არ არის, ეს ერთ-ერთი წყნარი თემაა. რა შედარებაა უკრაინასთან, რომელსაც შეიარაღება სჭირდება. საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის. ამ დროს კი, ქართველები ერთმანეთს ხოცავენ, ევროპასთან რიგში ჩამდგრები, – ცოტა ღიმილისმომგვრელია.  სინამდვილეში, გაცილებით უფრო რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს, რომ ეს თემა მსოფლიო მასშტაბით რეალური გახდეს.  ეს ჩვენი „პროვინციული ორღობის ჭიდაობა“ არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ გვესმის, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში.

– საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა პრეზიდენტს  ევროპაში და უკრაინაში სამუშაო  ვიზიტით წასვლაზეროგორ ფიქრობთრატომ აკეთებს ამას მთავრობა?

– არის რაღაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა არსებული ფაქტორები. დღეს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, თუმცა იქამდე საპრეზიდენტო ვიყავით. კონსტიტუციაში ბევრი რამ საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდანაა შემონახული. მაგალითად: პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს და არცაა ჩართული აღმასრულებელ სტრუქტურებში. მაგრამ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით პრეზიდენტი მაინც გადის. რატომ გადის, რა შუაშია, რა ანგარიში უნდა ჩააბაროს, როცა არაფერი შეუძლია?! ესეც საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან დარჩა და საგარეო პოლიტიკის დატვირთვებიც. საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკით კი, პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს საგარეო ურთიერთობებში მთლიანი პოლიტიკური ელიტის მოლაპარაკებების შედეგად.  შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდეს უცხოეთში ისე, რომ არ იყოს შეთანხმებული? ასეთი რანგის ფიგურაა პრეზიდენტიც, რომელიც საკუთარი ვიზიტით ხელს შეგვიწყობს, მაგრამ  სტრატეგია ერთობლივად უნდა დაიგეგმოს. პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი იდეით ამის კეთება სახიფათოა. ზურაბიშვილი აპირებდა ჩასვლას უკრაინაში. უკრაინასთან ურთიერთობაში კი, თითოეულ სიტყვას ვწონით. ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელი იყო, რომ  ზელენსკი ეტყოდა რაღაც ისეთს, რაც საქართველოსთვის მომავალში სირთულე გახდებოდა.

ვფიქრობ, ასეთი მწვავე მიმართულებებით  ნაბიჯების გადადგმა მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ქართული მხარის მიმართ უკმაყოფილება იყო, ჩვენმა მთავრობამ არ შეიმჩნია  და უკრაინაში მაინც ჩავიდა. ამის შემდეგ კი, ჩვენს მიმართ უკრაინული მხარისგან საყვედურები და პრეტენზიები მაინც გაგრძელდა.

– 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ აქციაა დაორგანიზებული – „შინ ევროპისკენ“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთდებაროგორ ფიქრობთ, გავა ამ აქციაზე მოსახლეობა?

– ასეთი კითხვები ხშირად ისმის… შეიძლება შევაბრუნოთ კითხვა: რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის განსხვავებულ რეაქციას ველოდოთ? არის ასეთი რეპლიკები – თუკი ევროკავშირის კანდიდატობაზე უარი გვითხრეს, მხოლოდ ჩვენ, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლების შეცვლას ძირითადი ოპოზიციური პარტიით მოითხოვს, ანუ „ნაციონალური მოძრაობით“, რომელიც მომხრე იყო იმისა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. ანუ ხალხს უნდა ომში ჩართვა?!

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლობაც საკითხს ამ ლოგიკით მიუდგება. ახლა საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ქუჩაში რომ გავიდეს, მერე ხელში ის ჯგუფი შერჩება, რომელიც ომს წამოიწყებს. როგორ ფიქრობთ, გავა ეს ხალხი აქციაზე? – არა.

მითუმეტეს, კარგად თუ დავუკვირდებით, ევროპისკენ წინსვლა ივნისის ბოლოს არ მთავრდება. ევროპაც იარსებებს, საქართველოც და დაახლოების პროცესი გაგრძელდება.

 

/ ნინო ოთარაშვილი /