როგორ იფლანგებოდა საერთაშორისო თანხები ავღანეთში: უკრაინაშიც შეიძლება იგივე მოხდეს

132
spot_img

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ იფლანგებოდა საერთაშორისო თანხები ავღანეთში: უკრაინაშიც შეიძლება იგივე მოხდეს“ (ავტორი- პეტერ კარსტენსი). მასალაში გადმოცემული და განხილულია აშშ-ის გენერალური ინსპექტორის ადმინისტრაციაში ავღანეთის რეკონსტრუქციის სამმართველოს (SIGAR) ხელმძღვანელის ჯონ სოპკოს გამოსვლის შინაარსი ბუნდესტაგში, სადაც იგი გერმანელმა დეპუტატებმა მიიწვიეს.

ჯონ სოპკო, რომელიც 2012 წლიდან აშშ-ის გენერალური ინსპექტორის ადმინისტრაციაში ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებს ხელმძღვანელობდა, ჰინდუყუშში (ავღანეთში) დასავლეთის წარუმატებლობის ორ მიზეზს ხედავს: ქედმაღლობას და თავის მოტყუებას. მას შემდეგ, რაც 2001 წელს ამერიკამ „ალ-ქაიდას“ ტერორისტულ ქსელთან და რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ტალიბანთან“ ბრძოლაში სწრაფ წარმატებას მიაღწია, ვაშინგტონმა გაიფიქრა, რომ ასევე სწრაფად შეიძლება ავღანეთის გადაქცევა „პატარა ამერიკად“.

ჯონ სოპკომ გერმანელ დეპუტატებს აცნობა, რომ ავღანეთში სამთავრობო სტრუქტურებში სახელმწიფო მოსამსახურეების 70-80% მხოლოდ „ქაღალდზე არსებობდა“, თუმცა მათი დაფინანსება 100%-ით ხორციელდებოდა. გარდა ამისა, ასევე „ქაღალდზე იყო დაფიქსირებული“ ავღანეთის არმიის 340 ათასი ჯარისკაცი, რომლებსაც აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ხელფასს სრულად და დროულად უხდიდნენ, სინამდვილეში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა მხოლოდ 60 ათასამდე აღწევდა.

„ჯერ კიდევ 2012 წელს მითხრა ავღანეთის მომავალმა პრეზიდენტმა აშრაფ განმა, რომ ამერიკა ხელფასს ხშირად ერთი და იგივე ადამიანებს უხდის, რომლებიც გაფორმებულები არიან ერთდროულად პოლიციელად, მასწავლებლად და ჯარისკაცად. უფრო უარესი – ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში რეალურად საერთოდ არ არსებობენ. კორუფციასთან ბრძოლამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა გამოძიება ავღანეთის უდიდესი კერძო საფინანსო დაწესებულების „ქაბულ-ბანკის“ კრახთან დაკავშირებით, როცა გავიგეთ, რომ ბანკის გაკოტრების მსურველი ფიგურანტები ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის ახლობლები და სანდო პირები ყოფილან.

2021 წლამდე, ანუ აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჯარების გამოყვანამდე, ვაშინგტონი და მისი ევროპელი პარტნიორები ქედმაღლურად იქცეოდნენ და საერთოდ არ ამჟღავნებდნენ ადგილობრივი სპეციფიკის გაცნობიერების სურვილს, არ არსებობდა მოქმედების გრძელვადიანი გეგმები, – განაცხადა ჯონ სპოკომ, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში ავღანეთთან დაკავშირებით შექმნილმა საგამოძიებო-საპარლამენტო კომისიამ მიიწვია (ხელმძღვანელი – რალფ შტეგნერი, სოციალ-დემოკრატი). კომისიის მიზანია იმ მოვლენების გამოკვლევა, რომელიც წინ უძღოდა ქაბულის დაცემას 2021 წლის აგვისტოში.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ტალიბებმა ქაბული სწრაფად და უბრძოლველად დაიკავეს, აშშ-სა და ნატოს წევრი-ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი კი დაჩქარებული ტემპით იქნა ევაკუირებული. „სწორედ ეს არის საკუთარი თავის მოტყუების შედეგი: ხომ გახსოვთ, რომ თითქმის ყველა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი, ყველა გენერალი მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ავღანეთი უდიდეს წარმატებებს აღწევს ნათელი მომავლის მშენებლობაში“, – გაახსენა ახლო წარსული ჯონ სოპკომ გერმანელ დეპუტატებს.

„და ასეთი სცენარი შეიძლება უკრაინაშიც განმეორდეს: არ არის გამორიცხული, რომ იმ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც კიევს მოკლე დროში სწრაფად ვაძლევთ, უბრალოდ, გაქრეს. კორუფცია დღევანდელი უკრაინის დიდი პრობლემაა. საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსური დახმარების გაწევა უკონტროლოდ ხდება, არ არის კოორდინირება. აუცილებელია ზუსტი და ფართო ინფორმაცია გვქონდეს იმ უკრაინელი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ბანკების შესახებ, რომლებიც ამ უზარმაზარი თანხების ხარჯვაზეა პასუხისმგებელი“, – გააფრთხილა ბუნდესტაგის წევრები ჯონ სოპკომ.