“საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის” – რამაზ საყვარელიძე „ჯორჯიან თაიმსთან“

493
spot_img

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, უახლოეს პერიოდში, ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შეფასებას ელის. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ადგენს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ერთი, რომ გვეკუთვნის, მეორე — გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად. ესაა რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა რეზოლუციას – საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ- კენჭი უყარა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “დესტრუქციულ როლს” თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

აღნიშნულმა ფაქტმა მმართველ გუნდში აღშფოთება გამოიწვია.

“ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების – ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა.

ამ ფონზე, როგორია პოლიტიკური ვითარება საქართველოში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჯორჯიან თაიმსი გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

– როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეზოლუციასთან დაკავშირებითმათი მხრიდან რამდენად მისაღები მსგავსი განცხადებების კეთება და იმოქმედებს თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?

 

– ვფიქრობ, ბუნებრივი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ბრალს გვდებენ იმაში, რაშიც ბრალული არ ვართ. ასეთი რეაქცია ჰქონდათ კობახიძესა და ღარიბაშვილსაც. დღეს, უკრაინა ძალიან მკვახედ ესაუბრება დასავლეთს და საკითხავია, გაურთულა მას ასეთმა საუბარმა ურთიერთობა დასავლეთთან?!  „ის ფაქტი, რომ თუ ადამიანს დუყვავებ, ის შენთვის კარგს მოისურვებს და თუ შეეკამათები, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ, – შეიძლება სახიფათო იყოს“,  – ეს არგუმენტი დიდ პოლიტიკაში სწორი არ არის. რადგან პოლიტიკაში ხშირად პატივისცემაც ჩნდება მაშინ, როცა  მეტოქე იგრძნობს, რომ შენს ღირსებას იცავ და ამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ხშირია.

სწორედ ეს რეაქციაა შედეგი კობახიძე – ღარიბაშვილის პასუხებისა. ნახეთ, ზელენსკი და უკრაინელი პოლიტიკოსები, როგორი უხეშები არიან დასავლეთის მიმართ. მათ მართლაც სჭირდებათ შეიარაღება. ისინი ფაქტობრივად მოითხოვენ ამას და ევროპული მენტალიტეტის ათას ხარვეზზე მიუთითებენ, თუკი შეიარაღებამ დაიგვიანა. ამიტომ აწვდის ევროპაც იარაღს. მოდით, შეფასების დროს ამ გამოცდილებითაც ვიხელმძღვანელოთ. შეიძლება არ იყოს გამართლებული ყველაფერზე იმ პოზიციის ჩვენება, რომ კმაყოფილი ხარ, თუკი  რეპლიკა უსამართლოა.

– ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებსრომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთათქვენი აზრით, ეს ასეა?

– საქართველო კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა. ამ შემთხვევაში, განაცხადის გაკეთება უკრაინის ფონზე სიტუაციამ მოიტანა. შესაძლებელია ევროპელები იმ დრომდე დარჩენილი პრობლემების მოგვარებას კიდევ თვლიდნენ საჭიროდ. ამ სამეულში:  უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული – ამბობენ სპეციალისტები. უკრაინა ომის რეჟიმშია და ომში საომარი/სამხედრო ცენზურა შემოდის, იკრძალება პარტიებისა და მედიის თავისუფლება. ამ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოკრატიის სტანდარტები უფრო დაცულია და კორუფციის საკითხიც უკეთესადაა. მსოფლიოს უნდა, რომ ხელი გაუწოდოს უკრაინას, მიუხედავად იმისა, იქ ევროპული სტანდარტები დაცულია თუ არა. საქართველოს საკმარისი პირობები აქვს შესრულებული, რომ მისაღებში შეგვიშვან, სუფრაზე მიგვიწვევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია. ასე მისაღებში ათეული წლებია უკვე თურქეთი დგას.

 „არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად – არც სააკაშვილიარც გვარამია და არც ივანიშვილი“- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადათქვენი აზრითრამდენად მართებულია ქვეყნის პრეზიდენტისგან მსგავსი ტიპის განცხადებები?

– ცოტა ღიმილის მომგვრელი მეჩვენება  და ბევრისგან ისმის ანალოგიური ტიპის მოსაზრებები, თუმცა პრეზიდენტისგან ასეთ განცხადებას სხვა წონა ენიჭება. ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ განცხადების მიღმა სხვა ვარაუდი იმალება.  „ერთ კვირაში/10 დღეში  ევროპული მომავალი წყდება და ვინც ამას ხელს შეუშლის (ჩამონათვალი), ყველა გადასაყრელია, ოღონდ ჩვენ ევროპაში შევაღწიოთო,“-სწორედ ეს თქვა მან. მაგრამ, მეეჭვება რომ რეალობა ასეთი მკაცრი იყოს. ჩვენ ისედაც 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის შეტანას, ამით არ მთავრდება ცხოვრება და ევროპისკენ სწრაფვა. ამიტომ, 10 დღის ფარგლებში ამის სასწორზე დადება, ადამიანების შეურაცხყოფა და იმ დიაგნოზის დასმა, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან ევროპასთან საქართველოს დაახლოებას – სერიოზულ განცხადებად არ მეჩვენება.  „10 დღეში საქართველო თუ ევროპას არ დაუახლოვდა, ე.ი. რუსეთისკენ მივდივართ“ – რატომ მივდივართ?! 30 წელიწადი რუსეთისკენ არ წავსულვართ და ახლა მივდივართ?! მითუმეტეს, როცა დღეს რუსეთის დაშლაზეა საუბარი. პირიქით, რუსი მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში  და ჩვენ რუსეთისკენ რატომ უნდა წავიდეთ?! ეს რეაქცია გაუგებარია.

იმის გამო, რომ რუსეთი ემუქრება უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ევროპას არ უნდა, რომ საკუთარი გავლენის გამო ეს ქვეყნები დაკარგოს. დღესდღეობით ევროპისთვისაც რთული მდგომარეობაა და იქ წინა პლანზე საქართველო ნამდვილად არ არის, ეს ერთ-ერთი წყნარი თემაა. რა შედარებაა უკრაინასთან, რომელსაც შეიარაღება სჭირდება. საქართველოს საკითხი ამჟამად წამყვანი არც ევროპისთვისაა, არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის. ამ დროს კი, ქართველები ერთმანეთს ხოცავენ, ევროპასთან რიგში ჩამდგრები, – ცოტა ღიმილისმომგვრელია.  სინამდვილეში, გაცილებით უფრო რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს, რომ ეს თემა მსოფლიო მასშტაბით რეალური გახდეს.  ეს ჩვენი „პროვინციული ორღობის ჭიდაობა“ არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ გვესმის, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში.

– საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა პრეზიდენტს  ევროპაში და უკრაინაში სამუშაო  ვიზიტით წასვლაზეროგორ ფიქრობთრატომ აკეთებს ამას მთავრობა?

– არის რაღაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა არსებული ფაქტორები. დღეს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, თუმცა იქამდე საპრეზიდენტო ვიყავით. კონსტიტუციაში ბევრი რამ საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდანაა შემონახული. მაგალითად: პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს და არცაა ჩართული აღმასრულებელ სტრუქტურებში. მაგრამ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით პრეზიდენტი მაინც გადის. რატომ გადის, რა შუაშია, რა ანგარიში უნდა ჩააბაროს, როცა არაფერი შეუძლია?! ესეც საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან დარჩა და საგარეო პოლიტიკის დატვირთვებიც. საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკით კი, პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს საგარეო ურთიერთობებში მთლიანი პოლიტიკური ელიტის მოლაპარაკებების შედეგად.  შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდეს უცხოეთში ისე, რომ არ იყოს შეთანხმებული? ასეთი რანგის ფიგურაა პრეზიდენტიც, რომელიც საკუთარი ვიზიტით ხელს შეგვიწყობს, მაგრამ  სტრატეგია ერთობლივად უნდა დაიგეგმოს. პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი იდეით ამის კეთება სახიფათოა. ზურაბიშვილი აპირებდა ჩასვლას უკრაინაში. უკრაინასთან ურთიერთობაში კი, თითოეულ სიტყვას ვწონით. ძალიან დიდი ალბათობით, მოსალოდნელი იყო, რომ  ზელენსკი ეტყოდა რაღაც ისეთს, რაც საქართველოსთვის მომავალში სირთულე გახდებოდა.

ვფიქრობ, ასეთი მწვავე მიმართულებებით  ნაბიჯების გადადგმა მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ქართული მხარის მიმართ უკმაყოფილება იყო, ჩვენმა მთავრობამ არ შეიმჩნია  და უკრაინაში მაინც ჩავიდა. ამის შემდეგ კი, ჩვენს მიმართ უკრაინული მხარისგან საყვედურები და პრეტენზიები მაინც გაგრძელდა.

– 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ აქციაა დაორგანიზებული – „შინ ევროპისკენ“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთდებაროგორ ფიქრობთ, გავა ამ აქციაზე მოსახლეობა?

– ასეთი კითხვები ხშირად ისმის… შეიძლება შევაბრუნოთ კითხვა: რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის განსხვავებულ რეაქციას ველოდოთ? არის ასეთი რეპლიკები – თუკი ევროკავშირის კანდიდატობაზე უარი გვითხრეს, მხოლოდ ჩვენ, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა და ხელისუფლების შეცვლას ძირითადი ოპოზიციური პარტიით მოითხოვს, ანუ „ნაციონალური მოძრაობით“, რომელიც მომხრე იყო იმისა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. ანუ ხალხს უნდა ომში ჩართვა?!

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლობაც საკითხს ამ ლოგიკით მიუდგება. ახლა საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ქუჩაში რომ გავიდეს, მერე ხელში ის ჯგუფი შერჩება, რომელიც ომს წამოიწყებს. როგორ ფიქრობთ, გავა ეს ხალხი აქციაზე? – არა.

მითუმეტეს, კარგად თუ დავუკვირდებით, ევროპისკენ წინსვლა ივნისის ბოლოს არ მთავრდება. ევროპაც იარსებებს, საქართველოც და დაახლოების პროცესი გაგრძელდება.

 

/ ნინო ოთარაშვილი /