“ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს“

485
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 23-ე დღე. უკრაინის ქალაქებში ისევ განუწყვეტლივ ისმის თავდასხმის სიგნალებისა და აფეთქებების ხმა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის მდგომარეობით, უკვე 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

დაბომბვისა და ავია იერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რაიონი კი – 21 (უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაცია).

ეს მონაცემები კი საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილის დათვალიერება ვერ ხდება.  უკრაინიდან კი  სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით მილიონობით ლტოლვილი გავიდა.

ამ ომმა მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა. დასავლეთის დაწესებული სანქციები რუსეთს ვერ აჩერებს. მსოფლიო ლიდერები კი აცხადებენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ელექტროშოკი იყო ნატო-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.

„მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი“ უწოდა, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

წავიდა თუ არა მოსკოვი დიდ რისკზე, როდესაც უკრაინასთან ომი დაიწყო? ომის პოლიტიკურ მიმართულებაზე, ჯორჯიან თაიმსს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

– მოსკოვი ძალიან დიდ რისკზე წავიდა. მას აფრთხილებდნენ კიდეც, რომ სანქციები იქნებოდა, თუ  უკრაინის საზღვრებს გადალახავდა. მოსკოვს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უკრაინა, სამამულო ომის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ საბჭოთა კავშირს თითქმის 10 წელი ებრძოდა. ეს ისეთი ფაქტია, რომ სხვას თუ არა, პუტინს მაინც უნდა სცოდნოდა. რუსეთს უნდა განესაზღვრა, რომ უკრაინაში შესვლა არ იქნებოდა „იოლი გასეირნება“. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს შევლა და საომარი მოქმედებების დაწყება. მგონია, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ახლა შედეგებს იმკიან. ჯარები ისევ იმ პოზიციებზეა განლაგებული, რაც ომის დაწყებამდე იყო, როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის მიმართულებით.

– როგორ ფიქრობთეს ცივილიზებული მსოფლიოს მაქსიმუმიარასაც ის  უკრაინაში მშვიდობისთვის აკეთებს?

– დასავლეთმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში რუსეთის მიმართ ძალიან ბევრი შეზღუდვა მიიღო. დღევანდელი დასავლეთი იმ ჩვენ „ნაცნობ დასავლეთს“ ნამდვილად არ ჰგავს. 3 კვირის განმავლობაში ამდენი სანქციის მიღება  და უკრაინის, მოლდოვასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენა, წარმოუდგენელი იყო ომის დაწყებამდე. დასავლეთის ერთიანობაში სუსტი წერტილი აღმოსავლეთისა და რუსეთის მიმართ, გერმანია იყო. თუმცა, მოხდა უპრეცედენტო რამ, დღეს  უკვე გერმანიაც ჩართულია იარაღის მიწოდებაში.

ვფიქრობ, პროცესი ისე მიდის, უნდა იყოს დამატებითი სანქციები და რაღაც ეტაპზე, არ გამოვრიცხავ, რომ ნატო იქნება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები უშუალოდ ჩაერევიან ამ კონფლიქტში.

– როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტიმოლაპარაკებებით ეს შესაძლებელია?

– როგორც ამბობენ, ყველა ომი  მოლაპარაკებებით სრულდება, ოღონდ ეს, ხანდახან კაპიტულაციასაც ნიშნავს. დასავლეთისა და განსაკუთრებით ბაიდენის რიტორიკა იმდენად მკაცრდება პერსონალურად პუტინის მიმართ, რომ მან რომც გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და აღადგინოს უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორიც იყო 2014 წელს, მაინც არ მგონია, რომ სანქციები მოიხსნას. დასავლეთი, როცა ქვეყნის პრეზიდენტს უწოდებს სამხედრო დამნაშავესა და დიქტატორს, მერე მასთან ურთიერთობა ნამდვილად გაჭირდება. ამისთვის, ან ბაიდენის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს,  ან  – პუტინის.

– მედიის ინფორმაციით, რუსეთს ნელ-ნელა ხელიდან ეცლება როგორც მატერიალური (საბრძოლო) ასევე, ადამიანური რესურსი. მას ზურგი აქცია მსოფლიომაც, – მათ შორის, დახმარების ნაკლები შანსი აქვს ჩინეთიდანაც. თქვენი აზრით, ხომ არ შეიძლება, რომ  პუტინი მარტო დარჩენილი ვიხილოთ?

– სახელმწიფოები პრაგმატულად უყურებენ ამ მოვლენებს. თუ ჩინეთს და მის  ეკონომიკურ განვითარებას რამე აკლია დღეს, ესაა ნედლეული და თავისუფალი ტერიტორია, რომ საკუთარი მოსახლეობა განათავსოს. ეს კი  რუსეთს გააჩნია. ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა და როგორც ჩანს, ახლაც აქვს რუსეთის მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, რომ დასუსტებული რუსეთი ჩინეთის სამიზნე გახდეს. ჩინეთისთვის სუსტი რუსეთი გაცილებით მომგებიანია, ასევე, ნედლეულით სავსე რუსეთიც (რომელმაც აღარ იცის სად წაიღოს ნავთობი და გაზი). არანაირად ხელს არ აძლევს ჩინეთს რუსეთის ფეხზე დადგომა, მითუმეტეს, – „გამარჯვებული რუსეთი“. ასევე არიან დანარჩენი სახელმწიფოები. რუსეთი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში შეიძლება იყოს.

– რამდენად სწორი  პოზიცია აქვს ამ მოვლენებთან მიმართებით საქართველოს?

– საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკურად გაცილებით მეტ ზიანს იღებს, მისი დაუფიქრებელი და უადგილო განცხადებების გამო, ვიდრე ეს რეალურად ეხება იმ სანქციებს, რაზეც საუბარია. ყველაზე დიდი უბედურება, ყველა ხელისუფლების არის ის, რომ იწყებენ გამართლებას. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, რადგან მთლიანად ვართ დამოკიდებული (როგორც უსაფრთხოებით, ასევე ეკონომიკური განვითარებით) დასავლეთზე, ჩვენს პარტნიორებთან უნდა შევათანხმოთ. როდესაც ჟურნალისტი კითხვას სვამს, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, მარტივი პასუხია: „ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს, თუ არ შევუთანხმდებით პარტნიორებს.“ ასე ხმამაღლა  რომ აცხადებ – „რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოვიყენებო“, – რა თქმა უნდა, ეს  ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა ისწავლოს პოლიტიკურად საუბარი, დიალოგი ოპონენტებთან და საზოგადოებასთან. არსებობს კითხვები და საფრთხე. რუსეთმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა ვეფეროთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ შემოვიდეს საქართველოში – შემოვა. დასავლეთი უფრო მეტ სანქციებს დაუწესებს, თუ ნატო ჩაებმება საომარ მოქმედებებში?! ამიტომ, მას წინაღობა აღარ აქვს, – შემოვა თუ არა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ღირს კი ასეთი ორჭოფული პოზიციის დაკავება?! ამაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. ვფიქრობ, რომ მათ ანალიზის დეფიციტი აქვთ, ისინი უფრო პრაგმატულები უნდა იყვნენ. 

/ ნინო ოთარაშვილი /