რა ბედი ელის საქართველოს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში და რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს

552
spot_img

უკრაინა ომის ზღვარზეა. უკრაინის საზღვართან მობილიზებული 130 000 რუსი ჯარისკაცი შესაძლოა ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში შეიჭრას და საომარი მოქმედებები დაიწყოს. დასავლეთი და ამერიკა უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავენ, რის გამოც სამხედრო დახმარების გამოყოფა დაიწყეს. ამერიკის შეერთებული შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, რომელიც  80 ტონაზე მეტი იარაღს შეადგენს. პარალელურად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ძალების განთავსებას განიხილავს. 

ფაქტია, ვითარება ბრიუსელში კრემლის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ გამწვავდა, სადაც რუსეთის მთავარი ულტიმატუმი იყო ნატო–ს გაფართოებაზე უარი ეთქვა. კრემლმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იურიდიული გარანტიები მოთხოვა, რომ ნატომ უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ასევე მოითხოვა, ნატოს ქვეყნების ჯარები 1997 წლის პოზიციებს დაუბრუნდნენ. რუსეთმა ამერიკისგან აღნიშნულ მოთხოვნაზე იურიდიული გარანტიები ვერ მიიღო და ნატო–ს წარმომადგენლებმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს, რომ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ძალაში რჩება და კრემლს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი გადაუწყვიტოს. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 130 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი რუსეთს მკაცრად აფრთხილებს, არ გაიმეოროს 2014 წლის მსგავსი მოქმედებები, როცა ის ყირიმში შეიჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სერიოზული ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. 

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ეს საქართველოს სამომავლო ბედსაც გადაწყვეტს. შესაბამისად, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების სწორ მოქმედებას, რათა შექმნილმა სიტუაციამ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე “ჯორჯიან თაიმსმა” ინტერვიუ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ – კახა გოგოლაშვილთან ჩაწერა:

– უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, აშშ–ის სამხედრო დახმარების ერთი ნაწილი უკვე უკრაინაშია. ასევე, აშშ სამხედრო ძალების განთავსებას განიხილავს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის საზღვართან 130 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული?

– უკრაინა საომარი მოქმედებების ზღვარზეა მისული, უბრალოდ ამის საბაბი არ არსებობს. ალბათ, რუსეთი ეცდება, რაიმე საბაბი მოძებნოს, რომ შეიჭრას დონბასში. ეჭვი მეპარება, რომ მან კიევს შეუტიოს ბელორუსიიდან.  მგონია, რომ ეს დაშინების და ყურადღების გადატანის მანევრს ჰგავს. რუსეთს უნდა, რომ ნაკლები ძალები იყოს მობილიზებული დონბასის მიმართულებით, იმიტომ რომ ძირითადი დარტყმა მაინც ალბათ დონბასს მიადგება. მაგრამ რუსეთს მოსაძებნი აქვს საბაბი და ამ საბაბს იმით მოძებნის, რომ ის აღიარებს დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ შეიძლება რამე პროვოცირება მოახდინოს, რომ უკრაინელები შევიდნენ იქ. მაგრამ, იმედია უკრაინელები პროვოკაციას არ წამოეგებიან, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, როცა საქართველომ შეიყვანა ჯარი სამხრეთ ოსეთში და ამას რუსეთის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ალბათ უკრაინა ასეთ შეცდომას არ დაუშვებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება იქ რაიმე პროვოცირება შექმნას, ამით საბაბი ჰქონდეს და მთელი ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს.  

– დღეს შექმნილი ვითარება შესაძლოა, რომ რუსეთის პასუხი იყოს გასულ კვირაში ბრიუსელში კრემლის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმი გახლდათ, რომ ნატომ უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე და რაზეც მან უარი მიიღო?

რუსეთის ეს ულტიმატუმი შეუსრულებადია. ახლა ვიღაცამ მე რომ მითხრას, ან მილიონი მოგვიტანე, ან მოგკლავთო, რა თქმა უნდა, ამ მილიონს ვერ მივუტან. ასეთი სულელური ულტიმატუმია ისიც, რომ ნატოს ჯარები 1997 წლის მდგომარეობაზე გადაიყვანეთო, ანუ, პრაქტიკულად მოითხოვა, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანეთ ნატოს ჯარებიო. ეს ყველაფერი უფრო დიდი თამაშის ნაწილია. რეალურად, რუსეთში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ნატო ამ ულტიმატუმს არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებდა. თუმცა, ამას იყენებს უბრალოდ საბაბად და ეს სჭირდებოდათ ამისთვის. 

– რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა აშშ–სგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ეს ხომ არ გახდება რუსეთისთვის დამატებითი საბაბი, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს და ზოგადად, შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა რუსეთის აგრესიას?

ამერიკისგან გადადგმული ნაბიჯი ძალიან სწორია, იმიტომ რომ რუსეთს გადაწყვეტილი, აქვს რაღაც სახით უკრაინაზე იერიში მიიტანოს. რაც უფრო მეტი ფასი ექნება გადასახდელი ამ იერიშის გამო, მით უფრო შემაკავებელი იქნება მისთვის. თუ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან, მაშინ რუსეთი პირდაპირ გაისეირნებს  უკრაინის ტერიტორიაზე და ალბათ წაიღებს მის  ნახევარ ტერიტორიებს (პირველ რიგში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს). აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უკრაინის მომარაგება იარაღით საჭიროა და აუცილებელია, რომ რუსეთს არ ჰქონდეს განცდა იმისი, რომ უკრაინასთან ომი იქნება მარტივი. ეს არის ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და რუსეთმა საბოლოო ჯამში აგრესია ვერ გაბედოს. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ის ეცდება ყველა შესაძლო ხერხით დონბასში შეიჭრას და იქ რეგულარული ძალები შეიყვანოს.

– როგორ ფიქრობთ, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რა საფასურის გადახდა მოუწევს რუსეთს და თავად რა საფასურის გადახდა შეუძლია უკრაინისთვის? 

– ცნობილია და ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს საშინელ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ვეღარ გაყიდის ევროპაში ვეღარანაირ პროდუქტს და შესაძლაო ეს მსოფლიოშიც გაუჭირდეს. ის საერთაშორისო საბანკო სისტემაში გადარიცხვებსაც ვეღარ მოახერხებს და ამ შემთხვევაში რუსეთისთვის იმპორტი და ექსპერტი ძალიან გაჭირდება. ყოველივე ეს კი რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

– მაშინ, როდესაც უკრაინა ომის ზღვარზეა, ამ ვითარებაში რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? არსებობს იმის რისკი, რომ სამომავლოდ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს ანდა რუსეთის შეჩერების მიზნით ნატომ, უკრაინასთან ერთად, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე პოზიცია შეიცვალოს? 

– რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უკრაინაში სერიოზული კონფლიქტი განვითარდება, არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოშიც მოახდინოს პროვოკაცია. მაგალითად, რუსეთმა ჩვენი პორტების ოკუპირება მოახდინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ  დიდი ეკონომიკური დარტყმა მოგვადგება, რადგან პროდუქტებით და ყველაფრით მომარაგება პორტებით ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ რისკის წინაშე. ხოლო, უკრაინის მოვლენების გამო ნატომ უარი თქვას ალიანსი უკრაინასა და საქართველოს სამომავლო გაწევრიანებაზე, ეს გამორიცხულია. 

– და ბოლოს, ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებით პასიურობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ უკრაინას გვერდში არ უდგას. ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები, სადაც ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ქართულმა ხელისუფლებამ და შექმნილ ვითარებაში, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო? 

– საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ “ტვიტერზე“ პირველი ოფიციალური განცხადება დღეს გამოქვეყნდა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც პარლამენტს არ მიუღია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან არაა საკმარისი ასეთი მიდგომა. ვეთანხმები, რომ საჭიროა უფრო მეტად დემონსტრირება და სოლიდარობის გამოცხადების გარდა საჭიროა რაღაც კონკრეტულის თქმაც. მაგალითად, გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ თუ უკრაინის გამო რუსეთს დაუწესდება სანქციები, ჩვენც ამ სანქციებს სრულად შევუერთდებით. იმის თქმა კი არა მარტო, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, არამედ, უნდა ითქვას, რომ თუ უკრაინაში რუსეთი შეიჭრება, ჩვენ დასავლეთთან ერთად ვიქნებით სრულად სოლიდარულები და ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამას შევუერთდებით. სწორედ ეს ნიშნავს უკრაინისთვის მხარში დგომას.

/თათია შაიშმელაშვილი/