Home Blog Page 2257

ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

„TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, გენერალ -მაიორ კობა კობალაძესთან ერთად, ბონი ქეროლმა და „TAPS” -ის წარმომადგენელმა, ფატმა მეგრაჰმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. ირაკლი ბერაიამ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება და აღნიშნა მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელ სტუმარს, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, შევხვედროდით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა გვესაუბრა ჩვენი მისიის შესახებ და კიდევ ერთხელ დაგვერწმუნებინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ და ძლიერად დგას ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მთავრობის გვერდით. ამ ძალიან რთული დროის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვართ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში”,-განაცხადა ბონი ქეროლმა.

შეხვედრის შემდეგ, კობა კობალაძემ, სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. შემდეგ წმ.სამების ლავრაში, ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მეომრის, მიხეილ მაზანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

დღის ბოლოს, კობა კობალაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა: ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი(გერმანული კონცერნის „ოტტო ბოკი”-ის პარტნიორი საქართველოში).

„ამაღელვებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰოსპიტლისთვის გაწეული თანადგომა, რომელიც მან გაწია დაჭრილი და დაშავებული მეომრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში. ჩვენ ამ მხარდაჭერით გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც იმსახურა და მსხვერპლი გაიღო მშვიდობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას; გავუზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში ჩვენს ხელმძღვანელობას, კონგრესს და ვეტერანთა საქმეების დეპარტრამენტს, თუ რამდენს ნიშნავს საქართველოსთვის ეს თანადგომა;- აღნიშნა ბონი ქეროლმა.

ვეტერანთა ჰოსპიტალში, იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების დროს დაჭრილ დაშავებული მებრძოლები, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, პირადად გაცნობოდნენ ბონი ქეროლს. ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, “ახალგაზრდული მედია-კავშირის” თავმჯდომარე, ხატია გავაშელი, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის წარმომადგენელი, ლიკა მეტრეველი.

 

https://www.youtube.com/watch?v=rRSFD3tDFxo

 

“არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს”- ლევან ბერძენიშვილი კეზერაშვილზე

არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც BBC-ის რეპორტაჟში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება.

როგორც ბერძენიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ის დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.

„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი – არ დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მილიონერი არ უნდა მართავდეს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, თუ რა გზით აქვს ფული ნაშოვნი.

„მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები და მილიონერები. ეს ყველას ეხება, კარგ, კეთილ მილიონერს, კარგად ვინც იშოვა, ცუდად ვინც იშოვა, თუ გინდა, ფეხბურთელი კალაძე იყოს, მე არ მინდა მილიონერი პოლიტიკაში და ანტიოლიგარქიული კანონი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ფულიანი ხალხი პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.

შედეგად, გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს.

“პარტიას უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე ჰყავს”- “ნაციონალური მოძრაობა”

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს. მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ყველა, ვინც საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მიიჩნევს, პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა იმუშავოს.

„„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უმაღლესი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე და არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მმართველობითი ორგანოები ჰყავს.

ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში.

მათ შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა, თუმცა ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ „იმედის”, „პოსტივის“ და “ქართული ოცნების” რიტორიკით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენს პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს რუსული ოცნების მტრული პროპაგანდის განმტკიცებას.

გაუგონარია, თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას.

პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ.

სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ყველამ, ვინც საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ.

„ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა არ ემსახურება არც პარტიის და არც სახელმწიფოს ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=775512903934553&set=a.476366023849244&type=3

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

BFMTV-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ სადავო საპენსიო რეფორმა დამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა.

რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.

მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.

 

” მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე”- ზელენსკი

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელს გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია, გადაწყვეტილებას საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პირადულ, არამედ სრულიად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი. ადამიანი თუ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე დამოკიდებულია მისი სიცოცხლე, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა წარადგინეს, რათა უზრუნველყონ ის შესაბამისი მკურნალობით. და როგორც ჩანს, ეს არის მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

“პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს”- ვოლსკი

პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმ რადიკალური ოპოზიციის მესიჯებს, რომლებიც აქვთ ლევან ხაბეიშვილს და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოპერატიულად მისცა მას თანხმობა და ამას მოწმობს დოკუმენტები.

„ყველამ ვიხილეთ დასტური იმისა, რომ მთავრობას არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო სტრასბურგში გამგზავრება. არსებობს დოკუმენტაცია და გამოქვეყნებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საკითხი, რომელიც მე პირადად მგონია, რომ საგანგებოდ არის მნიშვნელოვანი, ეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას თავის ქვეყნის მიმართ. იგი სულ ახლახან იყო პარლამენტში და აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი განცხადება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით. იგი ვალდებულია, ნებისმიერ თემასთან მიმართებით გაიაროს წინასწარი კონსულტაციები მთავრობასთან, ჩამოაყალიბოს პოზიცია და თუკი რაიმე ფორუმზე მისი დასწრება არის აუცილებელი, სავალდებულო, საჭირო, რასაკვირველია, მთავრობაც არ უნდა იყოს წინააღმდეგი და ამ შემთხვევაში, მთავრობამ დაშვება გააკეთა, მაგრამ მე ვფიქრობ, არ გაითვალისწინა ის პოზიცია, რომელიც მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ შეიძლება გაჟღერებული ყოფილიყო სტრასბურგის ტრიბუნიდან, რომელიც აბსოლუტურად სიცრუეზეა აგებული და ეხება საქართველოს საგარეო კურსს, რომ თითქოსდა ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესს არათუ დღეს გადაუხვია, არამედ არასდროს ჰქონია გათვალისწინებული და მუდმივად არღვევდა კონსტიტუციის იმ მოთხოვნას, რომელიც თვითონ “ქართული ოცნების” ინიციატივით იქნა შეტანილი მასში. ეს რეალობა არსებობს და ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი პრეტენზია განხილული უნდა იყოს ტექნიკური მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობა არანაირად არ არის დამნაშავე და უნდა იყოს განხილული შინაარსობრივადაც. სტრასბურგის ტრიბუნა პრეზიდენტისთვის, რომელიც არ ათანხმებს პოზიციას ხელისუფლებასთან, არ აქვს მიზნად დასახული, რომ ქვეყანაში შეიქმნას სწორი ბალანსი პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ თვითონ მოქმედებდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არათუ მხოლოდ დამაბალანსებელი, არამედ ადამიანი, რომელიც დეპოლარიზაციას დაუპირისპირდება და არა პოლარიზაციისთვის შექმნის წინაპირობებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მსჯელობა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე არ უნდა იყოს და ამასაც საგანგებოდ უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორც საზოგადოებაში ასევე საინფორმაციო სივრცეში.
ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითონ გააკეთებს განცხადებას, ახალ მიზეზს მოიგონებს იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ ეცადოს დისკრედიტაცია მოახდინოს ხელისუფლების, რასაც ბოლო პერიოდში ინტენსიურად აკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ამასთან ერთად, ჩვენ ყველამ, როგორ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიდგეთ, ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება. პირველი – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არც ადრე და, მით უმეტეს, არც ახლა არ შეუცვლია, მეორე – პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, უსაფუძვლო ინფორმაციას, რის მომსწრენიც პარლამენტში გავხდით და მესამე – როცა პრეზიდენტი მიემგზავრება საერთაშორისო ფორუმზე, ამ ფორუმზე მისი წარმომადგენლობა არის სიმბოლური, მაგრამ ამ სიმბოლიზმს თან უნდა ახლდეს პოზიტივი, იგი უნდა იღწვოდეს თავის ქვეყნისთვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ ხორციელდება”- ავიაციის სააგენტო

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა, ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA)  განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებითვე, რუსულ მხარეს მათთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე არ მოუმართავს.

„შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საბოლოოდ კი ვნუკოვოს აეროპორტის ტაბლოზე თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.

„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტაბლოზე ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება.  ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად“, – განუცხადა RBC-ს მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.

მანამდე ვნუკოვოს ვებგვერდზე, განრიგში გამოჩნდა პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, გრაფაში „პერიოდი“ აღნიშნული იყო 2023 წლის 18 აპრილი – 2023 წლის 28 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

” არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან”- თინა ხიდაშელი

“ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე, თითქოს, არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე, უცებ, მილიონერად რომ გავიდა პოლიტ-არენიდან” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი,  თინა ხიდაშელი  ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

“ორი დღე არ დაიტოვებით ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტ არენიდან

მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ თავად ყვება ყველაფერს! სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ რომ გაიგოთ

აი აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ რომ BBC დაჭირდა იმას რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები როგორ ხდება ასეთი ამბები შესძლებელი” – წერს ხიდაშელი.

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

კეზერაშვილი თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე სასაუბროდ ლონდონში ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, თინა ბურჯალიანს შეხვდა

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია დავით კეზერაშვილის შეხვედრა ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან, თინა ბურჯალიანთან.

შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგა ლონდონში, აზიურ რესტორან „ნოვიკოვში“ (Novikov), სადაც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი ბურჯალიანს ქოლცენტრების თაღლითური სქემის იურიდიულ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„ფოტო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც BBC თაღლითური სქემის შესახებ თავის ფილმს ამზადებდა. სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სწორედ ბურჯალიანი აგვარებდა თაღლითური სქემის იურიდიულ ნიუანსებს“, – აღნიშნულია „იმედის“ ინფორმაციაში.

“ფორმულას რეპუტაცია არ არის კეზერაშვილის რეპუტაცია” – ლაშა ბუღაძე

„ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს”, – ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

„ფორმულა“ არის ქართული საზოგადოების მოკავშირე საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლების და პოლიტიკური ევროპეიზაციის გზაზე. „ფორმულაში“ მუშაობენ პროფესიონალები და ცოდნის თუ კულტურის კუთხით, ეს ტელევიზია უთუოდ მაღალი ხარისხის მატარებელია. სამწუხაროდ, იმხელა ფული, რომ ტელევიზიის გახნა-შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, საქართველოში მხოლოდ იმ კაცებს აქვთ, ვისაც არაერთი „ჩონჩხი მოეპოვება კარადაში“ და ეს ჩვენი უდიდესი პრობლემაა. მედიის თავისუფლება და რუსული გავლენის აგენტურის მხილება კრიტიკული პლატფორმებიდან უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იმის მიუხედავად, რომ არსებობდა რეპუტაციული უხერხულობა „ფორმულას“ მფლობელის პოლიტიკური მორალის მიმართ, კონტექსტის და რეჟიმთან დაპირისპირების მოდელის გათვალისწინებით, თუნდაც პირადად ჩემთვის (და ბევრი ადამიანისათვის) ყოველთვის უპირატესი არგუმენტი იყო და არის თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და მისი შეძლებისდაგვარი გაძლიერება.

“ფორმულას“ რეპუტაცია არ არის დავით კეზერაშვილის რეპუტაცია! „ფორმულა“ უნდა გადარჩეს, მისი მფლობელის რეპუტაციას კი მხოლოდ ბრიტანული სასამართლო თუ უშველის რამეს. სხვა ვეღარაფერი. ჯერ კიდევ პლატონიდან ვიცით, რომ არსებობს „დიდი და მცირე ოლიგარქიები“ და ეს უბედურება – კულისებიდან მართვა-კონტროლი – ვერა და ვერ დაიძლია ჩვენს ვერმოდერნიზებულ და კრიმინალიზებულ საქართველოში. არადა, ოპოზიციის ველი სრულ კონტრასტს უნდა წარმოადგენდეს ივანიშვილთან. ივანიშვილის მარიონეტებს კეზერაშვილის მარიონეტებით ვერ შეცვლი. კეზერაშვილის, მერაბიშვილის, სააკაშვილის თუ სხვა ძველთა პოლიტიკურმა სიბეცემ და მატერიალურმა თავდაჯერებულობამ ყოველ ჯერზე სასარგებლო იდიოტის ან შეგნებული მავნებლის როლი შეასრულა პოლიტიკურ პროცესში. ივანიშვილთან და რუსულ მთავრობასთან მებრძოლი ქართული საზოგადოება დიდწილად სწორედ ამათი აკვიატებების შედეგად ზიანდებოდა. და ოდესმე ეს უნდა დასრულდეს! შეიგნეთ, „ძლიერო კაცებო“, თქვენი პოლიტიკური დრო დასრულდა! ახლა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელი გრძნობს თავს უხერხულად, რადგან კარგის შებღალვა მცირედი ლაქით ბევრად ადვილია, ვიდრე ისედაც დასვრილის და შებღალულის. რითიღა უნდა შებღალო რომელიმე Post-ტვ-ის ან “იმედის” ურეპუტაციო, მორალს მიღმა მდგომი მფლობელები და პროპაგანდისტები, ისინი ისედაც რეპუტაციულ ჭაობში არიან ჩანთქმული, „ფორმულაში“ კი წესიერი, გაბედული და საქართველოს პატრიოტი ხალხი მუშაობს. რეპუტაციული სამიზნეც ახლა სწორედ ეს ადამიანებია და არა იმდენად კეზერაშვილი.

მიზანი „ფორმულას“ დადუმებაა, რაკი პატიოსანი პასუხს თავის ქმედებებზე და შრომაზე აგებს და არა სხვის ცოდვებზე. ახლა ჩვენ სცილასა და ქარიბდას შორის ვართ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, თუ არ გინდათ, რომ ტელევიზიას გაეცალონ პროფესიონალები და საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები, ბ-ნი კეზერაშვილი თავად უნდა გაერიდოს როგორც ქართულ პოლიტიკას, ასევე ამ ტელევიზიას, რადგან სხვანაირად „ფორმულა“ იქამდე დაიცლება, ვიდრე ივანიშვილი მოასწრებს მის დახურვას. ბევრჯერ მსმენია, როგორ უჭირთ დასავლელ დონორებს ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების მხარდაჭერა მათი პარტიული აფილაციების გამო. და ეს პრობლემაა. მაგრამ ამავდროულად შანსიც, თუკი პოლიტიკის ძველი და ობსესიური პარტიული ბობილები დაეხსნებიან ჟურნალისტებს. მოვუწოდებ ბ-ნ კეზერაშვილს გადასცეს თავისი აქტივები „ფორმულას“ ჟურნალისტებს – მართალია, ფული მან ჩადო „ფორმულაში“, მაგრამ ტელევიზია შექმნეს პროფესიონალმა ჟურნალისტებმა და ამათ გარეშე „ფორმულა“ იქნებოდა რომელიმე მდარე ხარისხსის Post-tv. „ფორმულა“ მისი ჟურნალისტების რეპუტაციაზე დგას და არა ვინმე სხვაზე. თავისუფლება არ ასუსტებს, პირიქით, გვაძლიერებს“, – წერს ლაშა ბუღაძე.

“დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს”-BBC

დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებისთვის და აზიარებდა მათ პოსტებს, – ამის შესახებ საუბარია BBC-ის საგამოძიებო ფილმში, რომელიც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ეძღვნება.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, არსებობს რამდენიმე სხვა სამხილიც, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებს.

„რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლებიც Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითურ ქოლ-ცენტრ „ევერეფიქსისთვის“ და პროგრამების უზრუნველმყოფი ტექნოლოგიური ფირმისთვის. ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში ჩაატარა. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, სადაც განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა. როდესაც შევამოწმეთ Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი პირის სოციალური მედიის პროფილები – ქორწილის, წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო კავშირი აქვს დავით კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული სულ მცირე 45 ადამიანის ფეისბუქ-მეგობარი, ხოლო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული 4 მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, – ვიგებთ ფილმიდან.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.